თუ თქვენი კატა საკვების მოსაპოვებლად იშრომებს, უფრო ბედნიერი იქნება
დღეს კატების დიდი ნაწილი ეზოებისა და ტყეების ნაცვლად სახლებში, ფუმფულა სავარძლებსა და ფანჯრის რაფებზე ცხოვრობს, რაშიც, შესაძლოა, ერთი შეხედვით პრობლემას ვერ ვხედავდეთ, მაგრამ კატები ბუნებით მონადირეები არიან და სწორედ ამის გამო, "სახლის ცხოვრებამ" მათ, შესაძლოა, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა შეუქმნას.
ახალი კვლევით ირკვევა, რომ კატებისთვის საკვების თავსატეხების სახით მიცემა მათზე დადებით გავლენას ახდენს და პრობლემების წარმოქმნის რისკებს ამცირებს. კატები მათ წინაპართან, აფრიკულ ველურ კატასთან ევოლუციურად საკმაოდ ახლოს დგანან, შედეგად, ისინი სახლში ცხოვრებას მიჩვეულები არ არიან. სახლში ცხოვრება ჯანმრთელობის მთელ რიგ პრობლემებთანაა დაკავშირებული, მათ შორისაა საშარდე სისტემის ქრონიკული ინფექციები, ჭარბწონიანობა, დიაბეტი, ისევე როგორც ქცევითი პრობლემები, მაგალითად, აგრესია და ყურადღების გადაჭარბებული მოთხოვნა.
ჟურნალ Feline Medicine and Surgery-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) მეცნიერებმა სცადეს შეესწავლათ გავლენა, რომელსაც თავსატეხების გზით მიცემული საკვები კატებზე ახდენს. ეს თავსატეხები კატებს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი ბუნებრივი ინსტინქტები და სურვილები გამოავლინონ. როდესაც კატები საკვების მოპოვებას ამ ხერხით ცდილობენ, ისინი ფიზიკურად უფრო აქტიურები არიან და მათში სტრესის დონეც იკლებს, რის შედეგადაც ისინი პატრონისგანაც უფრო ნაკლებ ყურადღებას ითხოვენ.
ამჟამად, ბაზარზე რამდენიმე სხვადასხვა ტიპის საკვების თავსატეხია ხელმისაწვდომი. ზოგი მათგანისგან საკვების მოსაპოვებლად საჭიროა, რომ კატა მას ცხვირით მიაწვეს, ზოგჯერ კი კატამ საკვები თავსატეხიდან თათის მეშვეობით ფრთილად უნდა გამოაძვრინოს.
ავტორების თქმით, კატებისათვის მსგავსი "დაბრკოლებების" შექმნა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, მაგალითად, პლასტმასის გამოჭრილი ბოთლების ან ყავისფერი ქაღალდის პარკების გამოყენებით.
კვლევაში მეცნიერებმა წარმოადგინეს 30-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც მსგავსმა მიდგომებმა კატების კონკრეტული ფიზიკური და ქცევითი პრობლემები გადაჭრა. ერთ-ერთ შემთხვევაში თავსატეხების გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში რვა წლის ასაკის ჭარბწონიანმა კატამ სხეულის მასის 20% დაიკლო.
აღწერილია სხვა შემთხვევებიც, მაგალითად, სამი წლის კატა, რომელსაც უმიზეზო აგრესია აწუხებდა. სასიამოვნო ისაა, რომ თავსატეხების გამოყენებიდან ექვს თვეში აგრესიის პრობლემა გაქრა.
ავტორები აღნიშნავენ, რომ კატებს თავსატეხებთან მიმართებაში განსხვავებული გემოვნება აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ თავდაპირველად პატრონმა კატას საკვების მოსაპოვებლად მრავალფეროვანი გზები შესთავაზოს, შემდეგ კი არჩევანი იმ მეთოდზე გააკეთოს, რომელიც მის ოთხფეხა მეგობარს ყველაზე მეტად მოსწონს. თავდაპირვეად თქვენს კატას, შესაძლოა, თავსატეხიდან საკვების მოპოვება გაუჭირდეს, ამიტომ დასაწყისში უმჯობესია, რომ მათ ზედმეტად რთული დავალებები არ მისცეთ.
კომენტარები