თებერვალში Fortnite-ის მუდმივად ცვალებად კუნძულს ვულკანი დაემატა, ახლა კი, როგორც იქნა, ის ამოფრქვევას იწყებს.

ყველაფერი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც კუნძულზე გაურკვეველი წარმოშობის რუნა გაჩნდა, რომელსაც მოთამაშეები კუნძულზე არსებული კოსმოსური ხომალდის მსგავსი სტრუქტურისკენ მიაჩოჩებდნენ. ახლა კი კუნძულზე მეხუთე, ფინალური რუნაც გამოჩნდა, რასაც ვულკანის ამოფრქვევის დაწყება დაემთხვა.

ვულკანის ამოფრქვევა მოსალოდნელი იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვულკანიდან შავი კვამლი უკვე დიდი ხანია ამოდის. ამჟამად, როდესაც მოთამაშეები ვულკანში იარაღებსა და სხვა ნივთებს ყრიან სპეციალური საზომი მაღლა იწევს. როგორც ჩანს, როდესაც საზომი ბოლომდე აივსება, ვულკანი სრულად ამოიფრქვევა.

ვულკანის ამოფრქვევა Fortnite-ის მე-9 სეზონს უკავშირდება, რომელიც, სავარაუდოდ, 9 მაისს გაეშვება. რთულია წინასწარ იმის ვარაუდი, თუ ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები.

Fortnite სავსეა უცნაური სანახაობებით, მაგალითად, თამაშში გამართული კონცერტებით, რომლებსაც მილიონობით ადამიანი ესწრება.