ფეისბუქი აპლიკაციისა და ვებგვერდის დიზაინს ცვლის
ფეისბუქმა გუშინ გამართულ კონფერენციაზე ვებგვერდისა და აპლიკაციის ახალი დიზაინი წარადგინა, რომელშიც ყურადღება ჯგუფებზეა გამახვილებული.
განახლებული აპლიკაცია მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი ნელ-ნელა გახდება, ვებგვერდი კი წლის ბოლოს განახლდება.
ცვლილება საკმაოდ მასშტაბურია, განახლებულ დიზაინში განსაკუთრებით ჭარბობს თეთრი ფერი. ვებგვერდისა და აპლიკაციის ზედა მხარეს არსებული ნაცნობი ლურჯი ზოლი გაქრა, ის ფეისბუქის დიდმა და კაშკაშა ლოგომ ჩაანაცვლა.
გარდა კოსმეტიკური ცვლილებებისა, როგორც ვახსენეთ, ახალ დიზაინში განსაკუთრებით დიდი აქცენტი ჯგუფებზეა გაკეთებული. ცვლილებების შემდეგ ჯგუფების შესახებ რეკომენდაციებს აპლიკაციაში მრავალ სხვადასხვა ადგილას მიიღებთ. საკუთარი კედლიდან პირდაპირ შეგეძლებათ სხვადასხვა ჯგუფში დაპოსტვაც.
ფოტო: Facebook
ფოტო: Facebook
ფეისბუქის თქმით, ჯგუფებს, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 400 მილიონს აღწევს, ადამიანები ყველაზე აზრიანად იყენებენ, სწორედ ამან განაპირობა აღნიშნული ცვლილებები.
ფეისბუქი ასევე ამატებს ფუნქციას, რომელიც თქვენს ქალაქში, უნივერსიტეტში, სკოლაში და სამსახურში ახალი ადამიანების გაცნობაში დაგეხმარებათ. ამის მიზანი ინტერნეტის გარეთ, რეალურ ცხოვრებაში არსებულ ადამიანებთან დამეგობრებაა.
კომენტარები