ერთი დოლარი ყველა მოწონებასა და გაზიარებაზე — UNICEF-ის ვაქცინაციის კამპანია
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) 24 აპრილს ვაქცინების აუცილებლობისა და უსაფრთხოების შესახებ ახალ კამპანიას იწყებს.
კამპანია 24-დან 30 აპრილამდე მსოფლიო იმუნიზაციის კვირეულის პარალელურად წარიმართება.
ინტერნეტსივრცეში ჰეშტეგი #VaccinesWork იმუნიზაციის მხარდამჭერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად უკვე დიდი ხანია გამოიყენება. წელს UNICEF ბილ და მელინდა გეიტსების ფონდთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და Gavi, the Vaccine Alliance-თან თანამშრომლობს, რათა ვაქცინების შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო ბევერ ადამიანს მიაწვდინოს.
ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი აპრილში სოციალურ ქსელში ჰეშტეგ #VaccineWorks-ის შემცველი პოსტის თითოეულ გაზიარებასა და მოწონებაზე UNICEF-ს ერთ დოლარს გადაურიცხავს, თანხის ზედა ზღვარი ერთი მილიონი ამერიკული დოლარია.
ვაქცინები ყოველწლიურად სამი მილიონი ადამიანის სიცოცხლეს არჩენს, ის ბავშვებს ისეთი პოტენციურად სასიკვდილო დაავადებებისგან იცავს, როგორიც არის წითელა, პნევმონია, ქოლერა და დიფტერია.
ვაქცინების წყალობით, პოლიომიელიტის შემთხვევები პრაქტიკულად აღარ გვაქვს. ვაქცინები ჯანდაცვის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე რენტაბელური რამაა, ბავშვების იმუნიზაციისათვის დახარჯული ყოველი ერთი დოლარი ჯამში 44 დოლარის სარგებელს გვაძლევს.
"ჩვენ გვსურს, რომ #VaccinesWork-ის გარშემო ცნობიერება ავამაღლოთ. ვაქცინები ეფექტურია და ისინი უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იცავენ. ეს კამპანია არის შესაძლებლობა, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სოციალური ქსელი ინსტრუმენტია, რომლითაც რეალური ცვლილებების მოხდენა და მშობლებისათვის სანდო ინფორმაციის მიწოდება შეიძლება", - აცხადებს UNICEF-ის იმუნიზაციის დეპარტამენტის მთავარი ხელმძღვანელი.
"დღეს ვაქცინაცია იმაზე მეტ ბავშვს უტარდება, ვიდრე ოდესმე. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა UNICEF-თან და იმ სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რომ ვაქცინაციის საშუალება მსოფლიოში ყველა ბავშვს მისცენ", - აცხადებს ბილისა და მელინდა გეიტსების ფონდის ვაქცინაციის დეპარტამენტის დირექტორი ვიოლინა მიტჩელი.
2017 წელს მსოფლიოში 1,5 მილიონი ადამიანი დაიღუპა ისეთი დაავადებებით, რომელთა თავიდან არიდებაც ვაქცინებით სავსებით შესაძლებელია. ამის მთავარი მიზეზი გარკვეულ ქვეყნებში ვაქცინების ნაკლებობაა, კიდევ ერთი მიზეზი დაგვიანებული აცრები და ვაქცინაციის მიმართ გავრცელებული ცრუ ინფორმაციებია. ვაქცინაციაზე უარის თქმამ რამდენიმე ქვეყანაში წითელას აფეთქებებიც გამოიწვია. ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი კი სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში გავრცელებული ყალბი ინფორმაციებია.
"დღეს 10-დან 9 ბავშვის იმუნიზაცია ხდება, თუმცა ჩვენ არავის გამოტოვება არ შეგვიძლია. ჩვენ სასიცოცხლოდ აუცილებელი ვაქცინები ყველა ბავშვამდე უნდა მივიტანოთ", - აცხადებს UNICEF-ის ამბასადორი და გრამის ჯილდოს მფლობელი ანჟელიკ კიჯო.
კომენტარები