მეცნიერები აცხადებენ, რომ ველური კატების, ძაღლების, ღორების, თხებისა და ვირთხების განადგურებით გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დიდი ნაწილის გადარჩენა შეიძლება.

ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იმ კუნძულებზეა, სადაც ბოლო 500 წლის განმავლობაში ფრინველების, ძუძუმწოვრების, ამფიბიებისა და რეპტილიების 75 პროცენტი გადაშენდა.

ამის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კუნძულებზე ადამიანის მიერ ხელოვნურად შეყვანილი ცხოველებია.

"ინვაზიური ცხოველების განადგურება კუნძულზე არსებული ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების გადარჩენის ძლიერი და ეფექტური მეთოდია", - აცხადებს ჯგუფ Island Conservation-ის წარმომადგენელი ნიკ ჰოლმსი.

ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაასახელეს 169 კუნძული, სადაც ინვაზიური ცხოველების განადგურებამ შესაძლოა გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი ფრინველების, ძუძუმწოვრების, ამფიბიებისა და რეპტილიების 9,4 პროცენტი გადაარჩინოს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ველური კატების კონსერვაციის პრობლემა არ დგას, თუმცა ის სახეობები, რომლებსაც კატები საფრთხეს უქმნიან, დიდი პრობლემების წინაშე დგანან. ხშირად, ეს კონკრეტულ კუნძულებზე მობინადრე ენდემური სახეობებია, სადაც მათი პოპულაციის სრული განადგურების საფრთხე ხშირად დგება.

ატლანტიკური ყვითელნისკარტა ალბატროსი

ატლანტიკური ყვითელნისკარტა ალბატროსი

ფოტო: JONATHAN HALL / RSPB-IMAGES.COM

ტრისტანის ალბატროსი

ტრისტანის ალბატროსი

ფოტო: ANDY SCHOFIELD / RSPB-IMAGES.COM

Birdlife International-ის უფროსი მეცნიერი სტიუარტ ბუჩარტის თქმით, ამ გადაწყვეტილებით "განსაკუთრებული და იშვიათი სახეობების გადარჩენა შეიძლება, რომლებიც ამ კუნძულებზე ევოლუციას დიდი ხნის განმავლობაში იზოლირებუად განიცდიდნენ."

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი რამდენიმე კუნძულზე უკვე განხორციელდა. მაგალითად, სამრეთ გეორგიაში, რომელიც ბრიტანეთის ტერიტორიას წარმოადგენს, მღრღნელების განადგურების ყველაზე დიდმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ახლა, ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველად, კუნძული ვირთხებისა და თაგვებისგან თავისუფალია.

"ეს კვლევა გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს კუნძულებზე ინვაზიურ ძუძუმწოვრებთან ბრძოლა, თუ გვსურს, რომ სახეობები გადაშენებისგან დავიცვათ. ახლა საჭიროა პოლიტიკური ნება და დაფინანსება, რათა კუნძულები თავის ბუნებრივ მდგომარეობაში დავაბრუნოთ", - აცხადებს RSBP-ს წარმომადგენელი ჯონათან ჰოლი.