Apple საკრედიტო ბარათს უშვებს
გუშინ გამართულ კონფერენციაზე Apple-მა საზოგადოებას ახალი პროდუქტი, ეფლის საკრედიტო ბარათი წარუდგინა. კომპანიის თქმით, ბარათით სარგებლობისთვის არავითარი დამატებითი გადასახადების გადახდა არ იქნება საჭირო, ხოლო მომხმარებელთათვის ბარათი საპროცენტო პირობები და ჯილდოები მიმზიდველი იქნება.
ციფრული ბარათის მიღებას მომხმარებლები აპლიკაცია Apple Wallet-ის საშუალებით შეძლებენ, რომლის გამოყენებაც მათ იმ მაღაზიებსა და დაწესებულებებში შეეძლებათ, რომლებსაც Apple Pay-ს მხარდაჭერა აქვთ. მომხმარებლებს მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების გაკონტროლება და შემოწმება ნებისმიერ დროს შეეძლებათ. გარდა ციფრულისა, ხელმისაწვდომი ტიტანისგან დამზადებული ფიზიკური ბარათიც იქნება, თუმცა მას სტანდარტული საკრედიტო ბარათისათვის დამახასიათებელი მონაცემები, მაგალითად, ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა არ ექნება.
ყველა ეს ინფორმაცია ბარათის ნაცვლად Apple Wallet-ში იქნება შენახული.
Apple აცხადებს, რომ ის გადახდების კლასიფიკაციისთვის ხელოვნურ ინტელექტს, კერძოდ კი მანქანურ დასწავლას გამოიყენებს, რის შედეგადაც აპლიკაცია ჩვენს მიერ განხორციელებულ გადახდებს შესაბამის კატეგორიებად დაალაგებს.
ქულების დაგროვების სისტემის ნაცვლად, Apple Card მომხმარებლებს თითოეული გადახდიდან თანხის გარკვეულ პროცენტს დაუბრუნებს, რომლის დახარჯვაც მომხარებლებს სურვილისამებრ შეეძლებათ. Apple Pay-ით გადახდისას თქვენ უკან თანხის ორი პროცენტი დაგიბრუნდებათ, Apple-ს პროდუქციის შეძენისას ეს მაჩვენებელი სამ პროცენტზე ავა, ხოლო ფიზიკური ბარათის გამოყენებისას კი სარგებელი სულ რაღაც ერთი პროცენტია.
საკრედიტო ბარათის შესაქმნელად ეფლის პარტნიორი საერთაშორისო კომპანია Goldman Sachs გახდა, ბარათით განხორციელებული გადახდების დამუშავებას კი MasterCard განახორციელებს. ეფლი აცხადებს, რომ ბარათს არ ექნება არავითარი წლიური, საერთაშორისო, ლიმიტის გადაჭარბების ან რაიმე სხვა ტიპის გადასახადი. მისი წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 13,24-დან 24,24 პროცენტამდე იმერყევებს.
ეფლის სხვა პროდუქტების მსგავსად, უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობაზე ამ შემთხვევაშიც დიდი აქცენტია გაკეთებული.
"ეფლს არ ეცოდინება რას ყიდულობთ, რამდენად და სად", - განაცხადა Apple Pay-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯენიფერ ბეილიმ.
ტრანზაქციების შესახებ არსებული ინფორმაცია არა ეფლის სერვერებზე, არამედ თქვენს მოწყობილობაში ინახება. კომპანია კი გვპირდება, რომ Goldman Sachs თქვენს ინფორმაციას გარეშე პირებსა და კომანიებს არასდროს მიჰყიდის.
კომენტარები