Stadia - გუგლმა თამაშების სტრიმინგის სერვისი შექმნა
წარმოიდგინეთ სამყარო, რომელშიც უახლესი თამაშების სათამაშოდ ძლიერი და ძვირადღირებული კომპიუტერები არ გჭირდებათ - სამყარო, რომელშიც Chrome-ის ბრაუზერს გახსნით, თქვენი ოცნების თამაშს აირჩევთ და ყოველგვარი ლოდინისა და განახლებების დაყენების გარეშე თამაშს დაიწყებთ.
გუშინ სან-ფრანცისკოში გამართულ კონფერენციაზე გუგლმა თამაშების სტრიმინგის სერვისი, Stadia წარადგინა, რომელიც ხელმისაწვდომი აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში 2019 წლის განმავლობაში გახდება.
Google-ის თქმით, სტადიაში ჩაშენებული იქნება YouTube-ის მხარდაჭერაც, ანუ მომხმარებლებს თამაშების ჩაწერა და მათი YouTube-ზე ატვირთვა პირდაპირ პლატფორმიდან, გამარტივებული წესით შეეძლებათ.
გუგლი აღნიშნულ პლატფორმას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, პროექტ Stream-ის სახელით ცდიდა. Project Stream-ში მხოლოდ ერთი თამაში, Assassin's Creed Odyssey იყო ხელმისაწვდომი. საცდელი პროექტი კი იანვარში დასრულდა.
რა თქმა უნდა, Stadia მხოლოდ რამდენიმე თამაშით არ შემოიფარგლება. Google-მა YouTube-ის ახალი ფუნქციაც წარადგინა, როდესაც თქვენ იუთუბზე რომელიმე თამაშის ვიდეოს უყურებთ, ვიდეოს გვერდით ღილაკი Play Now გამოჩნდება, რომლის მეშვეობითაც კონკრეტული თამაშის დაწყება მომენტალურად შეგეძლებათ.
სერვისი გაშვებისას ხელმისაწვდომი ლეპტოპებზე, პერსონალურ კომპიუტერებზე, ტელევიზორებზე, პლანშეტებსა და სმარტფონებზე იქნება.
კონფერენციაზე გუგლმა გვანახა, თუ როგორ შეიძლება თამაშის დაწყება ტელეფონზე, შემდეგ კი მომენტალურად მისი პლანშეტზე, ან ტელევიზორში გაგრძელება.
გუგლი Stadia-სთვის სპეციალურ კონტროლერსაც გამოუშვებს, რომელიც აღნიშულ სერვისზე იქნება მორგებული.
ამ სერვისისათვის გუგლი დედამიწის სხვადასხვა წერტილებში არსებულ დატა ცენტრებს გამოიყენებს. რაც უფრო ახლოსაა დატა ცენტრი მოთამაშესთან, მით უფრო ნაკლებია პოტენციური პრობლემების საფრთხე.
გუგლის თქმით, Stadia-ს სტრიმინგს დასაწყისში 4K გარჩევადობის, წამში 60 კადრის მხარდაჭერა ექნება და ამისათვის წამში 25 მეგაბიტის სიჩქარის ინტერნეტი იქნება საჭირო.
საკუთარი დატა ცენტრების აღჭურვისათვის გუგლმა პროცესორების მწარმოებელ AMD-სთან თანამშრომლობაც დაიწყო, რომელიც გუგლს სპეციალურად Stadia-სთვის შექმნილ ვიდეო ბარათებს მიაწოდებს.
პრეზენტაციაზე კომპანიამ სერვისის გაშვების თარიღი არ დააკონკრეტა, ასევე უცნობია, თუ რა იქნება მისი ფასიც.
დამატებით ინფორმაციასა და დეტალებს კი გუგლი ზაფხულში დაგვპირდა.
კომენტარები