ოპიუმზე დამოკიდებული თუთიყუშები ინდოეთში ყაყაჩოს ფერმებს უტევენ
ინდოეთში ფერმერები ოპიუმზე დამოკიდებული თუთიყუშები შესაკავებლად ყველა ღონეს ხმარობენ.
ოპიუმზე დამოკიდებული ფრინველები ყაყაჩოს პლანტაციებს თავს ესხმიან და ნათესებს ანადგურებენ, მათი მიზანი ყაყაჩოს ყვავილის თესლის მოპოვებაა, რომელიც ნარკოტიკულ თრობას იწვევს.
ინდური საინფორმაციო სააგენტო NDTV-ს თქმით, თუთიყუშები ფერმერების ტერიტორიაზე ყოველდღიურად მიფრინავენ, რის შედეგადაც ნადგურდება პლანტაციები, ადგილობრივებს კი სერიოზული დისკომფორტი ექმნებათ. ფერმერები თუთიყუშების დასაფრთხობად მთავრობას დახმარებას სთხოვენ.
"ყაყაჩოს ერთი ყვავილი დაახლოებით 20-25 გრამ ოპიუმს შეიცავს, თუმცა თუთიყუშები ძალიან ბევრნი არიან, ისინი პლანტაციებს დღეში 30-ჯერ, ზოგჯერ 40-ჯერაც სტუმრობენ, ზოგჯერ ისინი ყვავილებს პარკებს აწყვიტავენ და თან მიაქვთ. ეს ყველაფერი პლანტაციებზე დიდ გავლენას ახდენს", - აცხადებს ყაყაჩოს ფერმერი ნანდკიშორი.
ნანკდინშორის თქმით, ადგილობრივები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ, ამის გამო ისინი იძულებულნი არიან, რომ ამ პრობლემას თავად გაუმკლავდნენ. ფერმერების ნაწილმა ყაყაჩოებთან დღისა და ღამის განამვლობაში ყარაულობა დაიწყო, თუმცა ისინი თუთიყუშებს მაინც ვერ უმკლავდებიან.
"თუთიყუშების დასაფრთხობად ყველაფერი ვცადეთ, მათ შორის ხმოვანი ასაფეთქებლებიც, მაგრამ ეს მეთოდები არ ჭრის. ამ დრომდე წვიმის ნაკლებობა გვაწუხებდა, ჩვენ უამრავი პრობლემა გვაქვს, ახლა კი ამ ყველაფერს თუთიყუშები დაემატნენ. ჩვენ არავინ გვისმენს. ვინ აგვინაზღაურებს მიღებულ ზარალს?", - აცხადებს ნანდკიშორი.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ჭამენ და იპარავენ თუთიყუშები ყაყაჩოს პარკებს. ხშირად, ფრინველები იცდიან, სანამ ფერმერები ყაყაჩოს პარკებს გაჭრიან, რათა ისინი უკეთ დამწიფდეს. ამ დროს მცენარეში არსებული ლატექსი, რომელიც მორფსა და ოპიუმის რძეს შეიცავს, ადვილად ხელმისაწვდომი ხდება, ხოლო ზოგჯერ ისინი მცენარის ნაყოფს პირდაპირ გლეჯენ, მას ნისკარტით იჭერენ და მიფრინავენ.
ინდოეთის შტატში, მადჰია-პრადეშში ოპიუმის ბიზნესი კარგად არის განვითარებული, ინდოეთში ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანისთვის 44 000 ჰექტარია გამოყოფილი, რომელთაგანაც 38 000 ჰექტარი მადჰია-პრადეშში და მის მეზობელ შტატში, რაჯასტანში მდებარეობს.
ოპიუმზე დამოკიდებული თუთიყუშები არა მარტო მადჰია-პრადეშში, არამედ რაჯასტანშიც გვხვდებიან. ერთი წლის წინ ადგილობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოპიუმზე დამოკიდებული თუთიყშები რაჯასტანში არსებულ პლანტაციებს საფრთხეს უქმნიდნენ.
ამ შემთხვევაში თუთიყუშები ძლიერი თრობის ქვეშ ექცეოდნენ და ისინი ხეებსა და ბუჩქებს ეჯახებოდნენ, ზოგჯერ კი ადგილობრივები არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ თუთიყუშებს მიწაზე პოულობდნენ. გარკვეული დროის შემდეგ კი თუთიყუშები ფხიზლდებოდნენ და მიფრინავდნენ, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ისინი პლანტაციებში შემდეგი დოზის მისაღებად კვლავ ბრუნდებოდნენ.
კომენტარები