მეცნიერებმა ნახევრად იდენტური ტყუპები აღმოაჩინეს
ავსტრალიელი ექიმები აცხადებენ, რომ მათ ამოიცნეს ტყუპები, რომლებიც დედის მხრიდან იდენტურები, ხოლო მამის მხრიდან არაიდენტურები არიან.
მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ ტყუპები ახლა ოთხი წლისანი არიან, მათი თქმით ეს მსოფლიოში მსგავსი ტყუპების აღმოჩენის მეორე შემთხვევაა.
აღნიშნული შემთხვევა ექიმებისათვის დიდი სიურპრიზი იყო. 28 წლის დედა ორსულობის მეექვსე კვირაში იყო, როდესაც ექოსკოპიით თითქოს გაირკვა, რომ საქმე იდენტურ ტყუპებთან გვქონდა, თუმცა მალევე ცხადი გახდა, რომ ეს ჩვეულებრივი შემთხვევა არ იყო.
"რამდენიმე თვის შემდეგ დედა ექოსკოპიისთვის დაბრუნდა, რა დროსაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ერთი ტყუპი გოგო იყო, ხოლო ერთი კი ბიჭი. შემდეგ კი სხვადასხვა გენეტიკური ტესტი ჩავატარეთ და აღნიშნულ დასკვნამდე მივედით", - აცხადებს ქუინსლენდის უნივერსიტეტის წარმომადგენელი და კვლევის მთავარი ავტორი მაიკლ გაბეტი.
ტყუპები ჩვეულებრივ იდენტურები, ან არაიდენტურები არიან ხოლმე. იდენტური ტყუპების შემთხვევაში ერთ კვერცხუჯრედს ერთი სპერმატოზოიდი ანაყოფიერებს, თუმცა მიღებული უჯრედის გროვა ორად იყოფა, რის შედეგადაც ორი დამოუკიდებელი, იდენტური ორგანიზმი ვითარდება. არაიდენტური ტყუპების შემთხვევაში კი ორი კვერცხუჯრედი სხვადასხვა სპერმატოზოიდით ნაყოფიერდება, მიღებული შთამომავლობა კი გენეტიკურად მხოლოდ იმდენადვეა მსგავსია, რამდენადაც იმავე მშობლებისგან სხვადასხვა დროს დაბადებული და-ძმა.
გაბეტმა და მისმა კოლეგებმა დედის ორი ამნიონის პარკიდან სითხის ნიმუშები აიღეს, რამაც მათ ტყუპების გენომის შესწავლის საშუალება მისცა.
მათი თქმით, სიტუაცია ძალიან უცნაურია - ტყუპები ნახევრად იდენტურები არიან.
მათი თქმით მსგავსი ტყუპები მაშინ ჩნდებიან, როდესაც ერთ კვერცხუჯრედს ორი სხვადასხვა სპერმატოზოიდი ანაყოფიერებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთ-ერთი სპერმატოზოიდი X ქრომოსომას ატარებდა, მეორე კი Y-ს.
ასეთ შემთხვევაში, განაყოფიერების შემდეგ ორ სპერმატოზოიდსა და ერთ კვერცხუჯრედში არსებული გენეტიკური მასალა ჯამში ქრომოსომების სამ ჯგუფს გვაძლევს: ერთ-ერთ მათგანში ორ სპერმატოზოიდში არსებული გენეტიკური ინფორმაცია ერთიანდება, ამ ჯგუფს დედის მხრიდან ქრომოსომები არ გადაეცემა. დანარჩენ ორ ჯგუფში კი დედის კვერცხუჯრედის ქრომოსომები ხვდება, რომლებიც ერთმანეთის იდენტურია, ამას კი ორი სპერმატოზოიდიდან ერთ-ერთის (X-ის, ან Y-ის შემცველი) გენეტიკური მასალა ემატება.
მას შემდეგ, რაც უჯრედების გროვებმა ზრდა დაიწყო, ის უჯრედები, რომლებშიც მხოლოდ ორი სპერმატოზოიდიდან მიღებული გენეტიკური ინფორმაცია იყო, დაიღუპნენ, ხოლო ისინი, რომლებშიც ორი სხვადასხვა სპერმატოზოიდისა და ერთი კვერცხუჯრედის ქრომოსომები იყო, გადარჩნენ და გაიზარდნენ.
საბოლოოდ კი მივიღეთ ორი ნაყოფი, რომლებიც გენეტიკური ინფორმაციის თვალსაზრისით დედის მხრიდან იდენტურები არიან, ხოლო მამის მხრიდან - არა.
გაბეტის თქმით, ასეთი ტყუპები გენეტიკური მსგავსების დონით არაიდენტურ და იდენტურ ტყუპებს შორის თავსდებიან.
მაგრამ სიტუაცია ასეთი ცალსახა არ არის, საქმე ისაა, რომ ორივე ემბრიონის შემთხვევაში, მათი უჯრედების ნაწილი ორ X ქრომოსომას შეიცავდა, ნაწილი კი X-სა და Y-ს.
გაბეტი აცხადებს, რომ ტყუპებში რეალურად სხვადასხვა გენეტიკური შემადგენლობის მქონე უჯრედები მოხვდა, კერძოდ, ერთ-ერთი ემბრიონი უფრო მეტი რაოდენობის XY უჯრედებს შეიცავდა, რის გამოც ბიჭი დაიბადა, ერთ-ერთ ემბრიონს კი უფრო მეტი XX უჯრედები ჰქონდა და ამ შემთხვევაში გოგო დაიბადა.
ამ დრომდე მსგავსი ტყუპების დაბადების მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო ცნობილი, ეს 2007 წელს აშშ-ში მოხდა. ტყუპების დაბადების შემდეგ გაირკვა, რომ ერთ-ერთ ბავშვს ორივე სქესისათვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდა, შემდეგ კი დადგინდა, რომ ტყუპები ნახევრად იდენტურები იყვნენ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტყუპებში ორივე სქესისათვის დამახასიათებელი ნიშნები არ შემჩნეულა, თუმცა იყო გართულებები.
საკეისრო კვეთით დაბადებული ტყუპები ჯანმრთელები ჩანდნენ, თუმცა მალევე დადგინდა, რომ გოგოს სისხლის შედედების პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მას ოთხი კვირის ასაკში ზედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა.
სამი წლის ასაკში ექიმებმა შეიტყვეს, რომ გოგოს საკვერცხეები სრულად ჩამოყალიბებული არ იყო, რის გამოც მას ისინი ამოკვეთეს.
გაბეტის თქმით, შესაძლოა არსებობდეს ნახევრად იდენტური ტყუპების დაბადების სხვა შემთხვევებიც, რომლებიც ამოცნობილი არ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს მაინც ძალიან იშვიათი და უცნაური ფენომენია. ამ საკითხის კვლევისას მისმა გუნდმა სხვა ნახევრად იდენტური ტყუპების ამოსაცნობად 1 000 არაიდენტური ტყუპის გენეტიკური მონაცემები შეისწავლა, თუმცა მეცნიერებმა მსგავსი შემთხვევების პოვნა ვერ მოახერხეს.
"ეს წარმოუდგენლად იშვიათი შემთხვევაა, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი სანერვიულო არ არის და არც სხვა ტყუპების შემოწმებაა საჭირო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენ ტყუპებს ტრადიციულად მხოლოდ ორ კატეგორიად, იდენტურებად და არაიდენტურებად ვყოფთ, ხოლო ეს კი ტყუპების მესამე, ახალი კლასიფიკაციაა", - აცხადებს გაბეტი.
კვლევა The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები