ხელოვნურმა ინტელექტმა კატების საზარელი სურათების გენერირება დაიწყო
ერთი კვირის წინ ჩვენ დავწერეთ ახალი ვებგვერდის, ThisPersonDoesNotExist.com-ს შესახებ, რომელზე შესვლისასაც ყოველ ჯერზე ახალი, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ადამიანი გხვდებათ.
მსგავსი ვებგვერდები უკვე საკმაოდ პოპულარულია, ახლა უკვე შეგიძლიათ შეხვიდეთ ThisAirBNBdoesNotExist.com-ზე, ან ThisWaifuDoesNotExist.net-ზე და ნახოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი გასაქირავებელი სახლები, ან ანიმეები, თავისი ყალბი ფოტოებითა და აღწერებით.
ახლა კი, აღნიშნულმა ტრენდმა, რა თქმა უნდა, კატებამდეც მიაღწია. ThisCatDoesNotExist.com ახალი ვებგვერდია, რომელიც კატების სურათების შესაქმნელად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.
ყველა ამ ვებგვერდის უკან Nvidia-ს მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი დგას, რომელსაც საკმარისი რაოდენობის მაგალითების ჩვენების შემთხვევაში, ნებისმიერი რამის ხატვა შეუძლია ისწავლოს და ალბათ დამეთანხმებით, რომ ინტერნეტი კატების ფოტოების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.
თუმცა, როგორც ჩანს, ხელოვნურმა ინტელექტმა კატების ხატვა ჯერჯერობით ბოლომდე ვერ აითვისა. ეს სავარაუდოდ იმის ბრალია, რომ იმ ფოტოების მონაცემთა ბაზაში, რომელზე დაყრდნობითაც ხელოვნური ინტელექტი კატების ხატვას სწავლობდა, დიდი რაოდენობით მიმები და ისეთი ფოტოები მოხვდა, რომელშიც კატების პატრონებიც ჩანდნენ.
ქვემოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კატების რამდენიმე სურათს გაგიზიარებთ, მეტის სანახავად კი შეგიძლიათ ვებგვერდს თავად ეწვიოთ.
გაიგეთ მეტი:
კომენტარები