აი, თურმე რატომ აქვთ ზებრებს ზოლები - კვლევის შედეგები
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ზებრას ზოლების საიდუმლო ამოხსნეს - ეს უნიკალური შესახედაობა, როგორც ჩანს, ცხოველს მწერების ნაკბენებისგან იცავს.
ჟურნალ Plos One-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ზებრები, ცხენები და ზებრად გადაცმული ცხენები მონაწილეობდნენ. მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ მიღებული შედეგები მხარს უჭერს არაერთხელ გაჟღერებულ მოსაზრებას, რომ ზებრას ზოლები მწერებისგან თავის დასაცავად აქვთ, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ უნარის უკან მდგომი მექანიზმი ამოიხსნა - ზოლები მწერებზე გავლენას მხოლოდ მაშინ ახდენს, როდესაც ისინი ცხოველს უახლოვდებიან.
"ბუზები ზებრებისა და ცხენების გარშემო ჩვეულებრივ დაფრინავდნენ, ისინი მხოლოდ მაშინ იბნეოდნენ, როდესაც ზებრაზე დაფრენას ცდილობდნენ. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ბუზები ზებრებს სწრაფად უახლოვდებოდნენ, მიახლოებისას კი უკან ბრუნდებოდნენ, ზოგჯერ კი ზებრას პირდაპირ ეჯახებოდნენ", - აცხადებს ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერი და კვლევის თანაავტორი მარტინ ჰოუ.
მეცნიერები კვლევის ფარგლებში ცხრა ცხენსა და სამ ზებრას 16 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ და აღწერდნენ, თუ როგორ იქცეოდნენ ბუზები ცხოველების გარშემო. ბუზები ზებრებისა და ცხენების გარშემო თანაბარი რაოდენობით დაფრინავდნენ, თუმცა ისინი ცხენებზე ბევრად უფრო ხშირად სხდებოდნენ.
იმის გასარკვევად, ეს ეფექტი ცხენებისა და ზებრების განსხვავებული სუნის ბრალი ხომ არ იყო, მეცნიერებმა ცხენებს ტანზე თეთრი, შავი და ზოლებიანი ნაჭრები ჩააცვეს.
ცხენების თავებზე, რომლებსაც ნაჭერი არ ფარავდა, ბუზების დაფრენის სიხშირე ჩაცმის შემდეგ, ბუნებრივია, არ შეცვლილა, თუმცა იმ ცხენებზე, რომლებსაც ზოლებიანი ნაჭრები ეცვათ, ბუზები ახლა ბევრად უფრო იშვიათად სხდებოდნენ.
დამატებით, მეცნიერებმა ზებრებისა და ცხენების სპეციალური ვიდეოჩანაწერებიც გამოიყენეს და აღმოაჩინეს, რომ ბუზები ზებრებთან მიახლოებისას გაჩერებას ვეღარ ახერხებდნენ და მათ ეჯახებოდნენ, ცხენებზე კი ისინი წყნარად და მშვიდად სხდებოდნენ.
კვლევით ირკვევა, რომ ზოლები შორიდან მწერების არიდებას ვერ ახერხებს, თუმცა ბუზები, რომლებსაც დაბალი გარჩევადობის მხედველობა აქვთ, ზოლებთან მიახლოებისას იბნევიან და ორიენტაციის უნარს კარგავენ.
"ორი მეტრიდან, ან უფრო შორი მანძილიდან ბუზებისთვის ზებრა უბრალოდ ნაცრისფერი ცხენის მსგავსი იქნება, ბუზები ამ მანძილიდან ზოლებს საერთოდ ვერ ამჩნევენ. მიახლოებისას კი ბუზების წინ ზოლები სავარაუდოდ უეცრად ჩნდება, რაც მათ აბნევს. ასევე სავარაუდოა, რომ ზოლების გამო ბუზები ვეღარ საზღვრავენ, თუ რამდენად სწრაფად მოძრაობს მათი ინტერესის ობიექტი, რის გამოც ისინი დაფრენას ვეღარ ახერხებენ", - ხსნის ჰაუ.
"თუ საკითხს ევოლუციური კუთხით შევხედავთ, დავინახავთ, რომ ზებრები დედამიწის ისეთ რეგიონში ცხოვრობენ, სადაც ბუზებს უამრავი საშიში დაავადება გადააქვთ, მათგან თავის არიდება კი ზებრებისათვის მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნებოდა. ცხენების შემთხვევაში კი ეს ასე არ არის", - აცხადებს ის.
თუმცა, მეცნიერები იაზრებენ, რომ ეს შესაძლოა სრული სურათი არ იყოს, ამ დრომდე არსებობდა ვარაუდები, რომ ზოლები შესაძლოა მონაწილეობას თერმორეგულიაციაში, ან სოციალურ ქცევაში იღებდეს. ავტორები ასევე აცხადებენ, რომ კვლევა არა აფრიკაში, არამედ ინგლისში ჩატარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცხენებისა და ზებრებისათვის გადაღებულ ვიდეოებში მათ ბუზების ფრენის მარშრუტის დანახვა მხოლოდ ორგანზომილებიან ფორმატში შეეძლოთ, ხოლო ის ნაჭრები, რომლებსაც ისინი ცხენებს აცმევდნენ, სხვადასხვა მასალისგან იყო დამზადებული.
ჰოუს თქმით, ზებრების მიბაძვითა და ზოლიანი ტანსაცმლის ჩაცმით სარგებელი შესაძლოა ჩვენც ვნახოთ და გამაღიზიანებელი მწერები თავიდან მოვიშორო.
კომენტარები