ამჟამად სან-ფრანცისკოში სამსუნგის კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც კომპანიის უახლესი მოწყობილობების პრეზენტაცია ხდება.

კომპანიამ საზოგადოებას Galaxy S10 და S10 Plus წარუდგინა. სმარტფონი განახლებული ეკრანით გამოირჩევა, რომელიც სმარტფონის წინა მხარეს პრაქტიკულად სრულად ფარავს, კამერისათვის კი მასში პატარა ხვრელია ამოჭრილი. ეკრანის ქვეშ კი თითის ანაბეჭდის ულტრაბგერითი სენსორია.

ფოტო: T3

S10-ის ფასი $899,99-დან, S10 Plus-ის კი $999,99-დან დაიწყება.

S10-ის ეკრანის ზომა 6.1, ხოლო S10 Plus-ის კი 6.4 ინჩია. სმარტფონებს 128 და 512-გეგაბაიტიანი მეხსიერება ექნებათ, ასევე ხელმისაწვდომი იქნება S10 Plus-ის ერთტერაბაიტიანი მოდელი. ორივე ტელეფონს დამატებით MicroSD-ს მხარდაჭერაც გააჩნია.

ყველა ახალ მოდელში შენარჩუნებულია ყურსასმენის ჯეკიც, რაც მრავალ ადამიანს ახარებს.

ფოტო: The Verge

S10-ს სამი უკანა კამერა გააჩნია, რომლებშიც სამი სხვადასხვა ტიპის - ფართო, განსაკუთრებით ფართო და გამადიდებელი ლინზაა ჩამონტაჟებული. S10-ს ფოტოების გადასაღებად ახალი, ნეირულ ქსელებზე დაფუძნებული ჩიპი გააჩნია, რომელიც კამერის სხვადასხვა მახასიათებელს ავტომატურად არეგულირებს. დიდი ზომის სენსორის გამო კი S10-ს ახლა ბევრად უფრო სტაბილური ვიდეოს გადაღება შეუძლია.

Galaxy S10-ს წინა მხარეს მხოლოდ ერთი, S10 Plus-ს კი ორი კამერა ექნება.

სამსუნგმა პრეზენტაციაზე ახალ აქსესუარებზეც ისაუბრა, ერთ-ერთი მათგანი ყურსასმენებია, რომელსაც Galaxy Buds ეწოდება. ასევე ვნახეთ სამსუნგის ორი ახალი სმარტ საათი - Galaxy Watch Active და Fit, რომლებსაც წნევის, გულის რიტმისა და ძილის რეჟიმების გაზომვა შეუძლიათ.

ფოტო: Samsung

ახალი სმარტფონები გამოირჩევა გაძლიერებული ელემენტებითაც, S10-ს 3400-იანი, ხოლო S10 Plus-ს კი 4100 მილიამპერიანი ელემენტი ექნება. ელემენტის გამოყენება კი სმარტფონის აქსესუარების უსადენოდ დასატენადაც შეგეძლებათ, ამისათვის საკმარისია, რომ შესაბამისი აქსესუარი უბრალოდ სმარტფონზე მოათავსოთ.

სამსუნგმა სმარტფონის კიდევ ერთი მოდელი, Galaxy S10e დაანონსა, რომელიც, დანარჩენ ორთან შედარებით, ნაკლებფასიანია. მას მხოლოდ ორი უკანა კამერა გააჩნია, მისი ეკრანი კი არა მოხრილი, არამედ სრულად ბრტყელია. თითის ანაბეჭდის სენსორი ეკრანის ნაცვლად სმარტფონის გვერდზე არსებულ ჩართვის ღილაკშია ინტეგრირებული. Galaxy 10e ზომაშიც უფრო პატარაა, მას 5,8-ინჩიანი ეკრანი გააჩნია. მისი ელემენტი კი 3100-მილიამპერიანია.

Galaxy S10E-ს ფასი $749,99-დან დაიწყება.

ფოტო: Samsung