110 მილიონი წლის ობობა, რომლის თვალები სიბნელეში კვლავ ბრწყინავს
პატარა, რბილი, უძველესი ობობების შესწავლა რთულია, რადგან მათი განამარხება ბევრად უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე დიდძვლიანი, მყარი ჩონჩხის მქონე ორგანიზმებისა.
ადვილი წარმოსადგენია, რამდენად გახარებულები იყვნენ მეცნიერები, როდესაც მათ ამ დრომდე შეუსწავლელ ჯინჯუს ფორმაციაში ათი განამარხებული ობობა იპოვეს.
ჯინჯუს ფორმაცია სამხრეთ კორეაში არსებული გეოლოგიური ზონაა, რომელიც მეზოზოური ეპოქის დროინდელია. მეზოზოური ერა დაახლოებით 252 მილიონი წლის წინ დაიწყო, 66 მილიონი წლის წინ კი დასრულდა. ნამარხები კორეის პოლარული კვლევის ინსტიტუტისა და კანზასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ამ დრომდე აღნიშნულ ფორმაციაში ობობის მხოლოდ ერთი ნამარხი იყო ნაპოვნი.
ახალი ობობებიდან ორი განსაკუთრებით ამაღელვებელია - ობობების განამარხებიდან 110 მილიონი წლის შემდეგ მათი თვალები სინათლეს კვლავ ირეკლავს.
"აღნიშნული ობობები მუქ ქვაზე მიკრულ მოვერცხლისფრო ნივთიერებაში აღმოაჩინეს, ყველაზე ადვილი შესამჩნევი მათი დიდი, მანათობელი თვალები იყო. ტაპეტუმი თვალის ბადურის უკან არსებული შრეა, რომელიც თვალში მოხვედრილ სინათლეს ირეკლავს, რაც ღამის ხედვის უნარს აუმჯობესებს. ტაპეტუმი მრავალ ხერხემლიანს გააჩნია", - აცხადებს კანზასის უნივერსიტეტის გეოლოგი პოლ სელდენი.
ტაპეტუმი უამრავ ცხოველს აქვს, ერთ-ერთია, მაგალითად, კატა, სწორედ ამიტომ ანათებს მისი თვალები ღამღამობით.
მეცნიერების თქმით, რომ ეს ნამარხებში ტაპეტუმის შემონახვის პირველი შემთხვევაა.
"ყველაზე დიდი თვალები მხტუნავ ობობებს აქვთ, თუმცა მათი თვალები ღამით არ ანათებს. ტაპეტუმი ობობა-მგლებს ახასიათებთ, მათი თვალები ღამით შუქს ირეკლავს. მსგავსი აღმოჩენა ძალიან სასიამოვნოა, რადგან ასეთი სტრუქტურები ნამარხებში, როგორც წესი, არ ნარჩუნდება", - აცხადებს სელდენი.
უძველესი ობობების უმეტესობას მეცნიერები ქარვაში პოულობენ ხოლმე, რადგან მასში ობობების რბილი სხეული კარგად ინახება.
"ობობებს უხეში გარსი არ აქვთ, რის გამოც ისინი ადვილად იხრწნებიან. აღნიშნული შემთხვევა ძალიან სპეციფიკურია, როგორც ჩანს, ეს ობობები წყლის დინებაში მოხვდნენ. წყალში ობობები ტივტივებენ, თუმცა, ამ შემთხვევაში, როგორღაც, ისინი ჩაიძირნენ. ამან კი ობობები გახრწნას გადაარჩინა. ქვებზე მეცნიერებმა თევზები და მოლუსკებიც აღმოაჩინეს", - აცხადებს სელდენი.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ აღმოჩენილ ობობებს თავის დროზე ბუნებაში იგივე ნიშა ეკავათ, რომელიც დღეს მხტუნავ ობობებს უკავიათ. თუმცა, სელდენის თქმით, მათი თვალის სტრუქტურა მხტუნავი ობობების თვალისაგან შესამჩნევად განსხვავდება.
დღეიდან, ცარცულ პერიოდში მცხოვრები ჩვენთვის ცნობილი ობობების რაოდენობა ათით გაიზარდა, რაც სასიხარულო ამბავია.
კვლევა Journal of Systematic Palaeontology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები