მორბენალმა თავდამსხმელი მთის ლომი გაგუდა
ჩრდილოეთ კოლორადოს ერთ-ერთ პარკში ვარჯიშისას ადამიანს თავს მთის ლომი დაესხა, თავდაცვისას კი მან ცხოველი გაგუდა.
კოლორადოს პარკებისა და ველური ბუნების წარმომადგენლის, რებეკა ფერელის თქმით, კაცი ფორტ კოლინსის მახლობლად ბილიკზე მარტო დარბოდა, როდესაც მას მთის ლომი თავს უკნიდან დაესხა.
"დაზარალებულის თქმით, მან ცხოველი საკუთარი ხელებით გაგუდა. მკვდარ ცხოველზე დაკვირვებით კი ეს ვერსია დადასტურდა", - აცხადებს ის.
ფერელის თქმით, ცხოველისათვის წინააღმდეგობის გაწევა და მასთან შებრძოლება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან გაქცევის შემთხვევაში კაცს გადარჩენის შანსი ნაკლებად ჰქონდა.
მთის ლომის თავდასხმის მოგერიების შემდეგ კი კაცმა ტყე დამოუკიდებლად დატოვა და საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა. მას ტანზე და სახეზე მრავალმხრივი ჭრილობები აღენიშნებოდა.
მთის ლომები ადამიანებს თავს იშვიათად ესხმიან. კოლორადოში 1990 წლიდან დღემდე მთის ლომების თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, თექვსმეტი კი დაშავდა. ერთი წლის წინ, შიმშილის პირას მყოფი პუმა ვაშინგტონის შტატში ველოსიპედისტს დაესხა თავს, რომელიც დაიღუპა.
ექსპერტების თქმით, მთის ლომების თავდასხმისგან თავის აცილების საუკეთესო გზა წინასწარი მომზადებაა.
"ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ თუ ბუნებაში პუმას გადააწყდებით ეცადეთ, რომ დიდი ზომისანი გამოჩნდეთ, უყურეთ მას თვალებში და არავითარ შემთხვევაში არ გაიქცეთ. ხოლო თუ პუმა შემოგიტევთ, შეებრძოლეთ", - აცხადებს მთის ლომთა დაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ლინ კულენსი.
მთის ლომები დღის განმავლობაში იმალებიან, გამთენიისას და საღამოს კი ისინი სანადიროდ გამოდიან. მთის ლომებს დღისით კარგი მხედველობა არ აქვთ. ისინი ცხოველების ამოცნობას მათ მიახლოებით ფორმასა და მოძრაობის სტილზე დაკვირვებით ახდენენ.
"ხალხს ვურჩევთ, რომ ტყეში გადაადგილებისას მაქსიმალურად ადამიანურად გამოიყურებოდნენ - ეცვათ ჭრელი, ფერადი, კონტრასტული ტანსაცმელი, რაც მათ მტაცებლების თვალში სხვა ცხოველებისგან განასხვავებთ. ასევე ველურ ცხოველებს უკან დასახევი, გასაქცევი გზა უნდა დავუტოვოთ. თუ ბილიკზე თქვენ დგახართ, უმჯობესია, რომ გვერდით ჩაიწიოთ და ცხოველი გაატაროთ. ზოგიერთ შემთხვევებში ცხოველს, ისევე როგორც თქვენ, არ სურს, რომ ზურგი შეგაქციოთ. ეს სისუსტის მაჩვენებელია. მთის ლომებს ხშირად ისევე ეშინიათ თქვენი, როგორც თქვენ მისი", - აცხადებს კულენსი.
კომენტარები