მესენჯერს გაგზავნილი მესიჯების უკან დაბრუნების ფუნქცია დაემატა
დღეიდან, თუ გაგზავნილ მესიჯში რაიმე მნიშვნელოვან შეცდომას აღმოაჩენთ, ან თქვენს ქრაშს შემთხვევით კონტექსტიდან ამოვარდნილ ემოჯიებს გაუგზავნით, მესენჯერი შეცდომის გამოსწორების საშუალებას მოგცემთ.
Facebook-მა მესენჯერს ახალი ფუნქცია დაამატა, რომლის საშუალებითაც მესიჯების გაუქმება გაგზავნიდან 10 წუთის განმავლობაში შეიძლება. აღნიშნული სიახლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.
თუ მესიჯს გაგზავნიდან ათი წუთის განმავლობაში დააკლიკავთ, თქვენ მისი წაშლის საშუალება გექნებათ, რომლის შემდეგაც თქვენს მიერ გაგზავნილი მესიჯი სტანდარტული ტექსტით ჩანაცვლდება, რომელიც სხვებს შეატყობინებს, რომ ეს მესიჯი წაშალეთ.
გაგზავნილი მესიჯების წაშლის ფუნქციაზე საუბარი პირველად მას შემდეგ დაიწყო, რაც აპრილში ცნობილი გახდა, რომ კომპანიის დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს საკუთარი გაგზავნილი მესიჯების წაშლა შეეძლო. ფეისბუქის თქმით, ეს უსაფრთხოების მიზნით ხდებოდა.
მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ შეიტყო, რომ მარკ ცუკერგბერგს შეტყობინებების წაშლის საშუალება ჰქონდა, ადამიანები ითხოვდნენ, რომ მსგავსი ფუნქცია ფეისბუქის უბრალო მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ამ დროს კი ფეისბუქმა განაცხადა, რომ რამდენიმე თვეში ისინი ამ შესაძლებლობას ყველა ადამიანს მისცემდნენ, ეს რამდენიმე თვე კი, საბოლოოდ, ცხრა თვე გაგრძელდა.
ფეისბუქმა The Verge-ს განუცხადა, რომ ახალი ფუნქცია მესენჯერის iOS-ისა და ანდროიდის აპლიკაციებში დღეიდან გახდებოდა ხელმისაწვდომი.
თუ ეს შესაძლებლობა თქვენს მესენჯერს კვლავ არ აქვს, გადაამოწმეთ, იყენებთ თუ არა აპლიკაციის უახლეს ვერსიას.
კომენტარები