SpaceX-ის ახალ რაკეტას ქარმა სახურავი ახადა
SpaceX-ის ახალი რაკეტის, Starship-ის პროტოტიპი, რომელმაც უახლოეს მომავალში უნდა იფრინოს ძლიერმა ქარმა გადააყირავა. ფოტოებში ხომალდის გადაყირავებული და დაზიანებული ნაწილები ჩანს. ილონ მასკის თქმით, რაკეტის შეკეთებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.
SpaceX-ის ინჟინრები Starship-ის საცდელ მოდელს 2018 წლის დეკემბრიდან აშენებენ, 10 იანვრისთვის კი ხომალდის ძირითადი კონსტრუქცია უკვე დასრულებული იყო. Starship კომპანიის შემდეგი თაობის რაკეტაა, რომლის მიზანიც დედამიწის ორბიტის გარდა, მთვარესა და მარსზე მოგზაურობაა.
რეალურად რაკეტა ორი ნაწილისგან შედგება. ერთ-ერთია დიდი ამაჩქარებელი, რომელსაც Super Heavy ეწოდება, მეორე კი ხომალდი Starship, რომელშიც ეკიპაჟი განთავსდება.
ქვემოთ მოცემულ ტვიტში ჩანს ხომალდის ზედა ნაწილი, რომელიც რაკეტას მოსძვრა და გადაყირავდა.
5 იანვარს მასკმა განაცხადა, რომ ხომალდი საცდელ ფრენას ერთ ან ორ თვეში განახორციელებდა. ეს თარიღი კი სავარაუდოდ კიდევ გადაიწევს. მასკმა ტვიტში განაცხადა, რომ ქარმა, რომლის სიჩქარემაც საათში 80 კილომეტრს გადააჭარბა, Starship-ის თოკები გაწყვიტა, რომლითაც ის მიწაზე იყო მიმაგრებული. ამის შედეგად კი რაკეტას ზედა ნაწილი მოსძვრა. მასკის თქმით, ხომალდის საწვავის ავზები არ დაზიანებულა.
აღნიშნული პროტოტიპი Starship-ის საბოლოო ვერსიისგან საკმაოდ განსხვავდება - საცდელი ხომალდი ცოტა უფრო მოკლეა და შვიდი ძრავის ნაცვლად, მას მხოლოდ სამი აქვს.
შეკეთების შემდეგ ხომალდი რამდენიმე საცდელ ფრენას დაბალ სიმაღლეზე განახორციელებს. კომპანია აღნიშნული ხომალდის ტესტირებით კრიტიკული მნიშვნელობის ინფორმაციას მიიღებს, რომლის გათვალისწინებითაც რაკეტის საბოლოო, დასრულებული მოდელი შეიქმნება.
კომენტარები