WHO-მ ანტივაქცინაციის მოძრაობა 2019 წლის ყველაზე დიდ საფრთხეთა შორის დაასახელა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ანტივაქცინაციური მოძრაობა 2019 წლის ათ ყველაზე დიდ საფრთხეს შორის დაასახელა.
ბოლო რამდენიმე წელია ანტივაქცინაციურმა მოძრაობამ პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ვაქცინებზე უარს ამბობენ, 2001 წლის შემდეგ გაოთხმაგდა.
აშშ-გარდა, ანტივაქცინაციურ მოძრაობას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ავსტრალიაშიც, სადაც ვაქცინაცია მშობლების სურვილის გამო 40 000 ბავშვს არ ჩაუტარდა. მსგავსი მდგომარეობაა იტალიაშიც, სადაც 2018 წელს სკოლის მოსწავლეებისთვის სავალდებულო აცრები გაუქმდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, კაცობრიობამ ბოლო რამდენიმე ათწლეულში ჯანდაცვის სფეროში უდიდესი პროგრესი განიცადა, სიცოცხლის ხანგრძლივობა მსოფლიოს უმეტეს ნაწილში იზრდება. პოლიომიელიტი კი გაქრობის ზღვარზეა - 2016 წელს, 1990 წელთან შედარებით ამ დაავადებით 6 მილიონი ბავშვით ნაკლები დაიღუპა.
თუმცა, ამ წარმატებების მიუხედავად მსოფლიოში ჯანმრთელობის სფეროში სერიოზული პრობლემები კვლავ არსებობს, იქნება ეს დაავადებები, თუ გარემოს დაბინძურება.
წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მე-13 გენერალური სამუშაო პროგრამა გაუშვა, ეს ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმაა, რომლის მიზანიც ამ სფეროში არსებული გამოწვევების გადაწყვეტა და კაცობრიობისთვის უფრო ჯანსაღი გარემოს შექმნაა.
ქვემოთ მოცემულია ის ათი მთავარი პრობლემა, რომლის წინააღმდეგაც ორგანიზაცია 2019 წელს იბრძოლებს.
ჰაერის დაბინძურება და კლიმატის ცვლილება
WHO მიიჩნევს, რომ 2019 წელს ჰაერის დაბინძურება საზოგადოების ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავიხსენებთ, რომ ათიდან ცხრა ადამიანს დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა უწევს, რაც საბოლოოდ მსოფლიოში შვიდი მილიონი ნაადრევი სიკვდილის შემთხვევას იწვევს. დაბინძურებულ ჰაერში არსებული ნაწილაკების ჩასუნთქვას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიც არის კიბო, ინსულტი და გულის/ფილტვების დაავადებები.
გამოთვლების მიხედვით, 2030-დან 2050 წლამდე კლიმატური ცვლილებების გამო ყოველწლიურად დამატებით 250 000 ადამიანი დაიღუპება.
არაგადამდები დაავადებები
არაგადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება ისეთი დაავადებები, რომელთა პირდაპირ გადადებაც ადამიანებს შორის არ ხდება, მაგალითად, დიაბეტი, კიბო და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები. მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი ასეთი დაავადებებია, სიკვდილის შემთხვევების 70% სწორედ არაგადამდები დაავადებებით არის გამოწვეული.
გრიპის გლობალური პანდემია
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ გრიპის გლობალური პანდემია კაცობრიობას თავს შეიძლება ნებისმიერ დროს დაატყდეს. ამის თავიდან ასარიდებლად ორგანიზაცია მსოფლიოს 150 სხვადასხვა ინსტიტუტთან მუდმივად თანამშრომლობს, რათა ვირუსის ახალი შტამების აღმოჩენა, შესწავლა და მათთან ბრძოლის მეთოდების შემუშავება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს.
დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები
გვალვა, შიმშილი, კლიმატური კატასტროფები, შეიარაღებული კონფლიქტები, მიუწვდომელი სამედიცინო დახმარება - ეს ის საკითხებია, რის გამოც მსოფლიო მოსახლეობის 22 პროცენტს, ანუ 1,6 მილიარდ ადამიანს სასიცოცხლოდ აუცილებელ სერვისებზე წვდომა კვლავ არ აქვთ.
რეზისტენტული მიკრობები
პათოგენების უნარი, წინააღმდეგობა გაუწიონ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც ერთ დროს მათ წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობდა, კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. მიკრობების რეზისტენტულობა ნიშნავს, რომ ერთ დღეს ჩვენ შესაძლოა უამრავი ინფექციის განკურნება ვეღარ შევძლოთ, რაც ადამიანების მასობრივ დაღუპვას გამოიწვევს. ამას ემატება ისიც, რომ რეზისტენტული პათოგენების არსებობის დროს ქირურგიული ოპერაციები და ქიმიოთერაპია ძალიან სარისკო გახდება.
ებოლა და სხვა მაღალი საფრთხის შემცველი პათოგენები
შარშან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ორი აფეთქება დაფიქსირდა, რამაც 400 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. ებოლას მსგავს მაღალი საფრთხის შემცველ პათოგენებს ეპიდემიის გამოწვევის უნარი აქვთ, ასეთი ვირუსების რიგში შედის ზიკას ვირუსიც.
პირველადი ჯანდაცვის დაბალი ხარისხი
ცნება "პირველადი ჯანდაცვა" აღწერს იმ პროცესს, როდესაც პაციენტი სამედიცინო ინსტიტუტთან პირველად კონტაქტს ამყარებს. ჯანმრთელობის პრობლემის შექმნისას ადამიანი ჯერ ოჯახის ექიმთან მიდის, რომელიც დაავადების პირველად შეფასებას ახდენს, შემდეგ კი ხდება მისი შესაბამისი გადამისამართება. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში კი, ჯანდაცვის სისტემის ეს უმნიშვნელოვანესი რგოლი გამართულად არ მუშაობს, რაც საბოლოოდ უფრო დიდ და სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
ანტივაქცინაციის მოძრაობა
ვაქცინები მრავალი დაავადების თავიდან არიდების ეფექტური და ხელმისაწვდომი მეთოდია. გამოთვლილია, რომ ვაქცინების არარსებობის შემთხვევაში ყოველწლიურად დამატებით ორიდან სამ მილიონამდე ადამიანი დაიღუპებოდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიო მოსახლეობის ნაწილი ვაქცინაციაზე მაინც უარს ამბობს.
ამ ფაქტის გამო მოსახლეობის ნაწილს სახიფათო დაავადებების მიმართ იმუნიტეტი არ უყალიბდება, რაც საბოლოოდ "პოპულაციური იმუნიტეტის" ჩამოყალიბებას უშლის ხელს. პოპულაციური იმუნიტეტი იმ ადამიანთათვის არის მნიშვნელოვანი, რომლებისთვისაც აცრის გაკეთება სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეიძლება. როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა აცრილი არ არის, ამ დროს საზოგადოებაში დაავადების გავრცელებისა და ეპიდემიების გაჩენის რისკი მნიშვნელოვნად მატულობს.
დენგეს ვირუსი
ყოველწლიურად დენგეს ვირუსით 390 მილიონი ადამიანი ავადდება, ხოლო მსოფლიო მოსახლეობის 40 პროცენტი კი დენგერის ვირუსის რისკის ზონაში ცხოვრობს. დენგეს ვირუსის მთავარი გამავრცელებლები კოღოები არიან. დენგეს ვირუსის სიმპტომები გრიპისას ჰგავს. დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისას სიკვდილიანობის რისკი ერთ პროცენტზე უფრო დაბალია, ხოლო დაგვიანებული მკურნალობისას სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იმატებს.
შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულში კაცობრიობამ შიდსთან ბრძოლის საკითხში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, ყოველწლიურად მის გამო მილიონობით ადამიანი მაინც იღუპება. ნავარაუდებია, რომ ამჟამად მსოფლიოში აივ-ინფექციის მქონე 37 მილიონი ადამიანია. შიდსის მიმართ განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ სექსმუშაკები იმყოფებიან.
კომენტარები