თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე — ქართველი მეცნიერები მარსისთვის ყურძნის ჯიშს არჩევენ
დიდი ხანია ცნობილია, რომ ქართველებს ვაზთან და ღვინოსთან ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს. უფრო მეტიც, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ღვინის სამშობლოდ ყველაზე ხშირად სახელდება ხოლმე. შესაბამისად, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ქართველი მეცნიერები უკვე ცდილობენ შეარჩიონ ყურძნის ის ჯიში, რომელიც მარსზე გაიხარებს.
სწორედ ეს იდეა დგას პროექტ IX Millennium-ის უკან, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები ცდილობენ შეიმუშავენ ყურძნის ისეთი ჯიშები, რომლებიც წითელ პლანეტაზე სპეციალურად შექმნილ სათბურებში გაიზრდებიან. პროექტის მონაწილეებს ასევე სურთ, რომ იმ დიდ საქმეში, რომელსაც მარსის კოლონიზაცია ეწოდება, საქართველოს სახელიც ფიგურირებდეს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერები ეცდებიან გასცენ პასუხი იმ კითხვებს, რომლებიც რადიაციას, მტვერსა და მარსზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის პრობლემებსა და გამოწვევებს ეხება.
"თუ ერთ დღეს მარსზე ცხოვრებას დავიწყებთ, ამაში წვლილი საქართველომაც უნდა შეიტანოს. ჩვენმა წინაპრებმა დედამიწაზე ღვინო შექმნეს, ახლა ჩვენ იგივე მარსზე უნდა ვქნათ", - აცხადებს საქართველოს კოსმოსური კვლევის სააგენტოს დამფუძნებელი ნიკოლოზ დობორჯგინიძე.
პროექტში მონაწილეობს აკადემიკოსებისა და მეწარმეების კონსორციუმიც, რომლებიც ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ საქართველოში ვიტიკულტურა 8 000 წელს ითვლის. ღვინის წარმომავლობის შესახებ დებატები მუდმივად მიმდინარეობს, ამ დებატებში კი საქართველო არავის ჩამოუვარდება.
მარსზე ყურძნის გაზრდაზე საუბარი მაშინ დაიწყო, როდესაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ SpaceX მარსზე პირველი პილოტირებული მისიის გაშვებას 2024 წლისთვის გეგმავდა, რაც 10 წლით უფრო ადრეა, ვიდრე NASA-ს ყველაზე ოპტიმისტური გეგმა.
ამ განცხადებამ ქართველებს მისცა შთაგონება, რომ მარსზე ყურძნის გაზრდის პერსპექტივა შეესწავლათ. თუმცა, იმის შესწავლას, თუ რა შეიძლება გაიზარდოს მარსზე შექმნილ სათბურებში, სხვა ქვეყნებიც ცდილობენ.
პერუში მეცნიერებმა ხელოვნურად შექმნილ გარემოში, რომელიც მარსის ზედაპირის სიმულირებას ახდენს, კარტოფილები გაზარდეს. ამ ყველაფერში NASA-ც არის ჩართული, ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სალათს უკვე დიდი ხანია ზრდიან, მათი შემდეგი გეგმა კი პომიდორები და ცხარე წიწაკებია.
მეცნიერები კოსმოსში გასაზრდელად ვიტამინებითა და მინერალებით განსაკუთრებულად გაჯერებულ მცენარეებს ირჩევენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ნასას მენიუში ყურძენს ჯერჯერობით ვერ იპოვით.
"ახლა ჩვენ ყველაზე მეტად იმაზე ვზრუნავთ, რომ ეკიპაჟის წევრები ჯანმრთელები იყვნენ, თუმცა ჩვენ ასევე გვინდა, რომ ისინი თავს ბედნიერად გრძნობდნენ. არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში ასტრონავტების მენიუს შეიძლება ალკოჰოლიც დაემატოს", - აცხადებს NASA-ს საკვების წარმოების პროექტის მენეჯერი რალფ ფრიჩე.
სულ მალე კი ქართველი მეცნიერები პირველ ექსპერიმენტებს დაიწყებენ, რომლის ფარგლებშიც ისინი მარსის მსგავს ნიადაგში ყურძნის სხვადასხვა ჯიშებს გამოცდიან.
წლის პირველ ნახევარში მეცნიერთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ ისინი ქვეყანაში პირველ ვერტიკალურ ფერმას შექმნიან, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში განთავსდება. ამას კომპანია Space Farms გააკეთებს, რომელიც ამ ტიპის ფერმაში ყურძენს, მარწყვსა და არუგულას გაზრდის - ეს ის მცენარეებია, რომელთა თესლებიც ერთ დღეს შესაძლოა მარსისკენ გაემგზავრონ.
სპეციალური განათებით აღჭურვილი ვერტიკალური ფერმით, რომელსაც ადამიანის მინიმალური ჩარევა სჭირდება, შეიძლება დავადგინოთ, ყურძნის რომელი ჯიში გაძლებს ყველაზე კარგად მარსზე.
თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ყურძნის გასაზრდელად თავდაპირველად რამდენიმე სხვადასხვა ნიადაგს გამოცდის, შემდეგ კი ისინი ყურძნის გაზრდას მარსის სიმულირებულ გარემოში შეეცდებიან - უარყოფითი ტემპერატურა, ნახშირჟანგის მაღალი შემცველობა და დაბალი ატმოსფერული წნევა.
პროექტის ავტორების თქმით, ამ კითხვებზე მათ პასუხები 2022 წლამდე არ ექნებათ, თუმცა გარკვეული მოლოდინები და ვარაუდები უკვე არსებობს.
გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, წითელ ღვინოზე მეცნიერები დიდ იმედებს ვერ ამყარებენ. ქართველ მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მარსზე გახარების ყველაზე დიდი შანსი თეთრ ყურძენს აქვს.
"თეთრი ღვინოები ვირუსების მიმართ უფრო გამძლეები არიან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი რადიაციასაც უფრო ადვილად გაუმკლავდებიან. ცოტა ხანში ყურძნის ქართულ ჯიშებს რადიაციის მიმართ გამოვცდით. მსგავსი ექსპერიმენტი ამ დრომდე არ ჩატარებულა", - აცხადებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე.
მარსზე გამგზავრების კანდიდატი რქაწითელია, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ყურძნის ჯიშია.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები რქაწითელის ჯიშის ყურძენს რადიაციის ქვეშ მალე გამოცდიან. ისინი ფიქრობენ, რომ რქაწითელი მარსის ქვიშის მიმართაც უფრო გამძლე იქნება, რომლის ნაწილაკებიც სათბურებში შესაძლოა ქვიშის ქარიშხლების დროს მოხვდეს.
მარსზე გასაზრდელად თეთრი ღვინის შერჩევა ქართველი მეცნიერებისთვის ერთგვარი სიურპრიზი იყო, რადგან ცნობილია, რომ წითელი ღვინო რეზვერატროლს შეიცავს, ეს ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც უჯრედებს რადიაციისგან იცავს.
საბჭოთა კავშირში საქართველო, რომელშიც ყურძნის უამრავი სხვდასხვა ჯიში არსებობდა, ღვინის მთავარი ექსპორტიორი იყო, თუმცა სპეციალური შეზღუდვების შედეგად საქართველოში ყურძნის ჯიშების დიდი ნაწილი გადაშენდა. ახლა კი უჯმაჯურიძის გუნდი დაკარგული ჯიშების აღდგენაზე მუშაობს.
2017 წელს მეცნიერებმა საქართვლოში თიხის ჭურჭლის ნატეხები იპოვეს, რომელზეც 8 000 წლის წინანდელი ღვინის კვალი იყო შემორჩენილი.
"ამ ისტორიების გათვალისწინებით კარგად ჩანს, რომ ჩვენ სწორედ ის ქვეყანა ვართ, რომელმაც მარსზე ღვინო უნდა ჩაიტანოს", - აცხადებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
კომენტარები