New Horizons-მა კოიპერის სარტყელის ობიექტის პირველი ფოტოები გამოგზავნა
ხომალდმა New Horizons-მა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ პლუტონი ახლოდან პირველად შეისწავლა, დედამიწიდან 6.4 მილიარდი კილომეტრის დაშორებით არსებული ობიექტის, Ultima Thule-ს პირველი ფოტოები გამოგზავნა. ხომალდმა ობიექტს ახალი წლის ღამეს ჩაუფრინა.
როგორც აღმოჩნდა, Ultima Thule-ს თოვლის ბაბუის ფორმა აქვს და ის ორი ერთმანეთთან შეერთებული "ბურთისგან" შედგება. ეს არის ყველაზე შორეული ობიექტი, რომელიც კაცობრიობას ხომალდით ოდესმე შეუსწავლია.
"ეს უპრეცენდენტო მოვლენაა", - აცხადებს New Horizons-ის მისიის მთავარი ხელმძღვანელი ალან სტერნი.
ხომალდმა Ultima Thule-ს ზედაპირიდან 3 550 კილომეტრის სიმაღლეზე ჩაიფრინა, თუმცა, მიღებული სურათები ობიექტთან მაქსიმალური მიახლოებისას არ არის გადაღებული. რამდენიმე დღეში ხომალდი უფრო მაღალი გარჩევადობის ფოტოებს გამოგზავნის, რომელთა მეშვეობითაც ობიექტის ზედაპირზე ასებული მცირე დეტალების გარჩევა იქნება შესაძლებელი.
Ultima Thule მეცნიერებისთვის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს. ობიექტი კოიპერის სარტყელში მდებარეობს. ამ რეგიონში ტემპერატურა აბსოლუტურ ნულს უახლოვდება. მეცნიერების ვარაუდით, კოიპერის სარტყელში არსებული ობიექტები მილიარდობით წლის განმავლობაში ხელშეუხებელნი იყვნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი შესწავლით შეგვიძლია უკეთ გავიგოთ, თუ როგორ ყალიბდებოდა მზის სისტემა. შესაბამისად, ამ ობიექტის შესწავლა წარსულში მოგზაურობას ჰგავს.
New Horizons-ის გუნდის თქმით, Ultima Thule მოწითალო ფერისაა. ის დიდწილად სხვადასხვა ტიპის ყინულისგან შედგება, რომელიც მილიარდობით წლის განმავლობაში კოსმოსური რადიაციის ქვეშ იმყოფება.
New Horizons გზას ღრმა კოსმოსში გააგრძელებს. მეცნიერთა თქმით, ხომალდი იდეალურ მდგომარეობაშია.
Ultima Thule-ს შემდეგ მეცნიერთა გუნდი მზის სისტემის ამ რეგიონში New Horizons-ისთვის ახალი საინტერესო ობიექტის პოვნას შეეცდება.
კომენტარები