რატომ არ გვაქვს ნაბახუსევისგან თავის დასაღწევი წამალი?
ალბათ ყველა თქვენგანს განუცდია მომენტი, როდესაც დილით საშინელ ნაბახუსევზე იღვიძებთ და იაზრებთ, რომ ჯობდა არ გაგეღვიძათ. არსებობს უამრავი რჩევა და დარიგება, რომლებსაც ნაბახუსევთან ბრძოლისას ვიყენებთ, თუმცა კვლავ არ არსებობს რაიმე წამალი, რომელიც ასეთი მდგომარეობიდან სწრაფად და ადვილად დაგვიხსნის.
შონასი ბიშოპ-სტალი ჟურნალისტია, რომელმაც აღნიშნული საკითხის ძირფესვიანად შესწავლა გადაწყვიტა, შედეგად კი მან დაწერა წიგნი, რომელიც ამ უცნაურ და არასასიამოვნო ფენომენს ეძღვნება.
ქვემოთ წარმოდგენილია ინტერვიუ ავტორთან, რისი საშუალებითაც უკეთ გავიგებთ, თუ რა არის ნაბახუსევი.
ალკოჰოლი და ნაბახუსევი განუყოფელი ცნებებია, ნაბახუსევი იმ დროიდან უნდა არსებობდეს, რა დროიდანაც ალკოჰოლი. რომელია ყველაზე ძველი წყარო, სადაც ნაბახუსევია ნახსენები?
თალმუდში, რომელიც იუდაიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თხზულებაა, ნახსენებია, რომ ხილი, რომელმაც ადამისა და ევას ედემის ბაღიდან გამოძევება გამოიწვია არა ვაშლი, არამედ ყურძენი იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაცობრიობის შექმნაში საკუთარი როლი ყურძენმა და მისმა წვენმაც ითამაშა. შემდეგ ვხვდებით ნოეს, რომელიც ღვინოს აკეთებს, თვრება და საკუთარ ძმას წყევლის. ბეოვულფშიც კი, რომელიც ყველაზე ძველ ინგლისურ ეპიკურ პოემად მიიჩნევა, მეომრები იღუპებიან, რადგან ისინი დათვრებიან. არსებობს მაგალითები, როდესაც სასმელის გამოყენებამ და სიმთვრალემ ომებში დამარცხება და იმპერიების დანგრევაც კი გამოიწვია.
ფიზიოლოგიურ დონეზე, რა არის ნაბახუსევი?
ამ საკითხზე უამრავი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. გასაოცარია, თუ რამდენად ცოტა რამ ვიცით ფენომენზე, რომელიც ასე გავრცელებულია. დაზუსტებით რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ ნაბახუსევს იმუნური სისტემის პასუხი იწვევს. ამ დროს ჩვენი ორგანიზმი სხეულში მოხვედრილი ტოქსინების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას, ეს ტოქსინები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ორგანიზმში ალკოჰოლის გადამუშავება იწყება.
ალკოჰოლის დაშლის შემდეგ წარმოიქმნება ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმში ანთებითი პროცესების დაწყებას განაპირობებს, ორგანოებს კი წყლის ათვისება უჭირთ. ალკოჰოლი შარდმდენია, რაც ორგანიზმს კიდევ უფრო მეტ წყალს აკარგვინებს. ნაბახუსევზე ორგანიზმში კომპლექსური პროცესები მიმდინარეობს, მთლიანობაში კი ამ ყველაფერს იმუნური სისტემის გაზვიადებული პასუხი შეიძლება ეწოდოს.
რას ეძახიან ადამიანები ნაბახუსევს? არსებობს თუ არა ტერმინის ზუსტი განმარტება?
ისტორიის განმავლობაში ადამიანები სიტყვა "მთვრალსა" და "ნაბახუსევს" ერთანეთის ნაცვლად ხშირად იყენებდნენ. ნაბახუსევი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. ალკოჰოლთან ყველა ჩვენგანი ინდივიდუალურად ურთიერთქმედებს. ალკოჰოლი უცნაური მოლეკულაა, რომელიც ჩვენს ორგანიზმზე მრავალფეროვნად მოქმედებს. ნაბახუსევი სუბიექტური მოვლენაა, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მისი შესწავლა ასეთი რთულია.
როდესაც საკუთარი თავზე ვსაუბრობ, ნაბახუსევად მოვიხსენიებ კუჭის გაღიზიანებას, გულის რევის შეგრძნებას, თავისა და კუთების ტკივილს. ამ სიმპტომების გარდა, არსებობს სხვებიც, მაგალითად, სიცარიელისა და დაღლის შეგრძნება, რომელიც ალკოჰოლის მიღებას ახლავს თან. ადამიანები ამ ტერმინს სხვადასხვა სიმპტომების აღსაწერად იყენებენ.
შეგხვედრიათ თუ არა ისეთი რჩევები, რომლებიც აბსურდული და სასაცილოა?
ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო ის რჩევებია, რომლებიც წარმოუდგენლად აბსურდულად ჟღერს, თუმცა, თუ დავუკვირდებით, მივხვდებით, რომ მათ უკან გარკვეული მეცნიერება იმალება. მაგალითად, ანტიკურ რომში ალკოჰოლის მიღების შემდეგ ფრინველის კვერცხს ჭამდნენ ხოლმე. კვერცხი კი, როგორც აღმოჩნდა, ამინომჟავა ცისტეინით არის მდიდარი, რომელიც ღვიძლის მიერ ალკოჰოლის დაშლისას წარმოქმნილ აცეტალდეჰიდს ანეიტრალებს.
იგივე მსმენია მოხარშული კომბოსტოს შესახებაც. ის ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას უწყობს ხელს.
ასევე მიცდია ცოტა უფრო უცნაური მეთოდებიც, მაგალითად იღლიაში ლიმონის ჩაწურვა. ასევე გამიგია, რომ შუასაუკუნეების ინგლისში ნაბახუსევის დროს ერთ-ერთ შხამიან მცენარეს წინდებში იფენდნენ და სეირნობდნენ. რამდენად ეფექტური იყო ეს მეთოდი, სამწუხაროდ, არ ვიცი.
რა ეტაპზეა მეცნიერება ნაბახუსევის კვლევის საკითხში?
ამჟამად ნაბახუსევი დაავადებად ან დარღვევად არ აღიქმება. შექმნილია 10 მეცნიერისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ნაბახუსევს იკვლევს. ისინი წელიწადში ერთხელ იკრიბებიან და თავიანთ მიღწევებს განიხილავენ. მათ სურთ დაადგინონ ის კონკრეტული პროცესები, რომლებიც ამ შეგრძნების უკან დგას.
არსებობს ადამიანების მეორე ჯგუფიც, რომლებიც აღნიშნულ საკითხს უფრო კომერციული კუთხიდან უყურებენ და ცდილობენ შექმნან მეთოდები, რომლებიც ნაბახუსევს განკურნავს. თუმცა, ამ ორ ჯგუფს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. მეცნიერებისგან შემდგარი ჯგუფის ინტერესებში ნაბახუსევის განკურნება არ შედის, ისინი ამ თემაზე არც დაგელაპარაკებიან. ისინი უბრალოდ ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორ წარმოიშვება ნაბახუსევი.
რატომ არ გვაქვს ნაბახუსევის წამალი?
იმ ათწლეულის განმავლობაში, რა დროსაც წიგნისთვის ინფორმაციას ვაგროვებდი, ალბათ ასობით კომპანია მინახავს, რომელიც ნაბახუსევის წამლის შექმნას გეგმავდა, შემდეგ კი ისინი უკვალოდ ქრებოდნენ. ასეთი რამის შექმნას უამრავი ადამიანი ცდილობს, აღნიშნულ საკითხზე ხალხი ყოველდღიურად მიკავშირდება, თუმცა, რეალურად შედეგი არ გვაქვს.
ნაბახუსევის წამლების შესახებ ხშირია სკეპტიციზმიც. უამრავი ადამიანია, რომელმაც იცის, თუ როგორ უნდა გავგზავნოთ ადამიანი კოსმოსში, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ნაბახუსევის განკურნება შეუძლებელია. მე მიკვირს, რატომ ეწინააღმდეგება ხალხი ამ იდეას. მეცნიერებაში კაცობრიობამ უდიდეს სიმაღლეებს მიაღწია. არ შეიძლება, რომ ნაბახუსევის წამლის შექმნა ასეთი რთული იყოს. ალბათ ადამიანებს უბრალოდ არ სურთ, რომ ნაბახუსევის წამალი შექმნან, რადგან ეს შეიძლება ალკოჰოლის უზომო მოხმარებითა და მასიური სიმთვრალით დასრულდეს.
კომენტარები