კვლევა: მარიხუანა სპერმატოზოიდებში გენების ექსპრესიას ცვლის
ცნობილია, რომ მარიხუანა სპერმის კონცენტრაციაზე უარყოფით გავლენას ახდენს, თუმცა, ახალი კვლევა მიუთითებს, რომ მარიხუანა გარკვეულ ცვლილებებს თავად სპერმატოზოიდებშიც იწვევს, რამაც პოტენციურად შესაძლოა ბავშვის ჯანმრთელობაზე იმოქმედოს.
ჟურნალ Epigenetics-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თაგვები ორ ჯგუფად განაცალკევეს და მათი სპერმატოზოიდები ერთმანეთს შეადარეს. ჯგუფებს შორის მხოლოდ ერთი განსხვავება იყო: ერთ-ერთ ჯგუფს ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) ჰქონდა მიღებული, რაც მარიხუანაში არსებული მთავარი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა.
შემდეგ მეცნიერებმა 24 კაცის სპერმა შეამოწმეს, რომლებიც მარიხუანას ყოველ კვირა მოიხმარდნენ და ისინი საკონტროლო ჯგუფს შეადარეს, რომელში მყოფ მამაკაცებსაც მარიხუანა წარსულში მაქსიმუმ ათჯერ ჰქონდათ მიღებული. თაგვებშიც და ადამიანებშიც მარიხუანამ სპერმატოზოიდებში არსებული გენების აქტივობა შეცვალა.
სუზან კეი მერფი ხსნის, რომ დნმ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ინსტრუქციების ერთგვარი სია, რომელსაც უჯრედი სხვადახვა ცილის გასაკეთებლად იყენებს, გენი კი ამ ინსტრუქციების უფრო პატარა, კონკრეტული ერთეულია. ჩვენს ორგანიზმს სპეციალური ქიმიური სანიშნეები (მეთილის ჯგუფები) გააჩნია, რომლებიც დნმ-ის გარკვეულ რეგიონებზე თავსდება. ეს ქიმიური სანიშნეები თავად გენებს არ ცვლის, მაგრამ ისინი აკონტროლებენ, თუ როდის "ჩაირთვება" ან "გამოირთვება" ესა თუ ის გენი.
ადამიანებშიც და თაგვებშიც მარიხუანამ გავლენა მრავალი გენის აქტიურობაზე იქონია. ზემოქმედება მოხდა ძირითადად ორი ჯგუფის გენებზე, რომელთაგანაც ერთ-ერთი კიბოსა და სიმსივნეების დათრგუნვაზეა პასუხისმგებელი, მეორე კი ორგანოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თუ თქვენ მარიხუანას მოიხმართ, თქვენს შვილს კიბოს განვითარებისკენ ექნება მიდრეკილება. მერფი განმარტავს, რომ ეს საპილოტე კვლევაა, რომლითაც მას სურდა გაერკვია, ახდენს თუ არა ასეთი ტიპის გავლენას მარიხუანა სპერმაზე. მცირეა ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების რაოდენობაც, კვლევაში არც ის განსაზღვრულა, რა რაოდენობის ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) იყო მონაწილეების სხეულში. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შარდში THC-ს კონცენტრაცია გაზომეს და დაადგინეს, რომ რაც უფრო დიდი რაოდენობით იყო მასში THC, მით უფრო დიდი იყო გავლენა სპერმაზეც.
ნიუ-იორკის ლენგონის სამედიცინო ცენტრის უროლოგი ბობი ნაჯარი აცხადებს, რომ კვლევა მცირემასშტაბიანია, თუმცა მისი შედეგები დამაფიქრებელია. სპერმატოზოიდების კონცენტრაციის კლების გამო ნაჯარი მამაკაცებს ხშირად ურჩევს, რომ მარიხუანა უფრო იშვიათად მოიხმარონ.
"ამ კვლევის ერთ კარგი მხარე ისაა, რომ მან შეიძლება მამაკაცებს უფრო ჯანმრთელი ცხოვრების წესისკენ უბიძგოს", - აცხადებს ნაჯარი, - "აღსანიშნავია, რომ სპერმატოზოიდების კონცენტრაცია ერთია, სპერმატოზოიდებში მომხდარი ცვლილებები და პოტენციური ბავშვის ჯანმრთელობა კი მეორე".
ნაჯარი და მერფი აცხადებენ, რომ აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება. პერმანენტულია თუ არა ეს ცვლილებები? მოახდენენ თუ არა ისინი გავლენას ბავშვების ჯანმრთელობაზე? ამ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს.
"მე ძალიან ვფრთხილობ, რადგან არ მინდა, რომ შედეგები არასწორად ინტერპრეტირდეს. ჩვენ არ ვცდილობთ ხალხის შეშინებას. ჩვენ უბრალოდ გვსურს, რომ უკეთ გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ორგანიზმი", - აცხადებს მერფი.
კომენტარები