ფოტო: ლურჯი ქვიშის დიუნა წითელ პლანეტაზე
NASA-ს ხომალდმა 2018 წლის იანვარში წითელ პლანეტაზე "ლურჯი" ფერის ქვიშის დიუნა გადაიღო. ქვიშის დიუნა 236 კილომეტრის სიგანის ლიოტის კრატერშია ნაპოვნი, რომელიც თავისი უცნაური ფაქტურით არის ცნობილი.
ქვიშის ეს კონკრეტული დიუნა სხვებისგან შემადგენლობით განსხვავდება, სწორედ ეს აძლევს მას უნიკალურ ფერს. ფოტო ხომალდ Mars Reconnaissance Orbiter-მა გადაიღო.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ქვიშის დიუნა რეალურად ასე არ გამოიყურება. მიღებული ხასხასა ლურჯი ფერი ფოტოს ციფრული დამუშავების შედეგია. MRO-თი გადაღებული ფოტოები სპეციალური მეთოდით მუშავდება, ამ დროს სურათის კონტრასტი იზრდება. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მარსის ზედაპირზე არსებული მცირე ცვლილებების დაფიქსირება უფრო ადვილად შევძლოთ. რეალურად, მარსის ეს დიუნა უფრო მეტად ნაცრისფერია, ვიდრე ლურჯი, თუმცა იმის გამო, რომ მარსის უმეტესი ნაწილი წითელია, დამუშავების შემდეგ ლურჯ ფერს ვიღებთ.
MRO დაახლოებით 720 მილიონი დოლარი დაჯდა და ის მარსს 2006 წელს მიუახლოვდა. მას შემდეგ ხომალდმა წითელი პლანეტის შესახებ დიდი რაოდენობით ინფორმაცია მოაგროვა. ის მარსის ზედაპირზე არსებულ რობოტებთან, Curiosity-სთან და InSight-თან კომუნიკაციისთვისაც გამოიყენება.
კომენტარები