ორ ოქტომბერს ეფლმა საკუთარი მობილური ოპერაციული სისტემის, iOS 12.1-ის მეორე საცდელი ვერსია გამოუშვა. ის 70-მდე ახალ ემოჯის შეიცავს, რომელთა შორის მოხვდნენ მელოტი, წითური, ჭაღარა და ხვეულთმიანი ემოჯიები. სიას დაემატნენ ცხოველებიც, მაგალითად, ლამა, კენგურუ და სხვანი. თუმცა, ახალი ემოჯიების დამატებას უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია.

თუ ბეიგელის შესახებ ინტერნეტში შექმნილი აჟიოტაჟი თვალთახედვიდან გამოგრჩათ, ეს ალბათ ნიშნავს, რომ ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით ხართ დაკავებული, თუმცა შექმნილ მდგომარეობას უცებ გაგაცნობთ.

ბეიგელის ძველი ემოჯი

ბეიგელის ძველი ემოჯი

ფოტო: Apple

ახალ ემოჯიებს შორის ყველაზე მეტი ყურადღება ბეიგელის ემოჯის დაეთმო, რომელიც ხალხის აზრით საკმარისად გემრიელად არ გამოიყურებოდა. უფრო მეტიც, მომხმარებლები წერდენ, რომ ახალი ემოჯი ზუსტად ასახავდა ისეთ ბეიგელს, რომელიც არასდროს არ უნდა იყიდოთ.

ბეიგელის აღნიშნული ემოჯის ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ მას არც მდნარი ყველი უსვია, არც კარაქი და არც რაიმე სახის ჯემი. მართლაც, ვინ მიირთმევს ცარიელ, მოწყენილ ბეიგელს?

ამ საკითხმა მდნარი ყველის მწარმოებელი კომპანია Philadelphia-ც გააღიზიანა, რომელმაც ბეიგელზე მდნარი ყველის დამატების მოთხოვნით ტვიტერზე კამპანია წამოიწყო და პეტიციაც შექმნა.

ტვიტერზე შექმნილ გამოკითხვაში ბეიგელზე მდნარი ყველის დამატებას მხარი ამომრჩეველთა 82-მა პროცენტმა დაუჭირა.

ბეიგელის ემოჯი სხვადასხვა პლატფორმაზე განსხვავებულად გამოიყურება. ზოგ მათგანს მხოლოდ მდნარი ყველი უსვია, ზოგს კი თავზე სეზამის მარცვლებიც აქვს მოყრილი. მწარმოებლები ჯერ-ჯერობით ბეიგელის გამოსახვის უნივერსალურ მეთოდზე არ შეთანხმებულან.

სურათზე ხედავთ როგორ გამოიყურება ბეიგელი სხვადასხვა პლატფორმაზე

სურათზე ხედავთ როგორ გამოიყურება ბეიგელი სხვადასხვა პლატფორმაზე

ფოტო: Emojipedia

იგივე ბედს იზიარებს დონატის ემოჯიც, რომელიც ძირითადად შოკოლადით არის დაფარული, თუმცა, მაგალითად, WhatsApp-ში ის მარწყვის ჯემით არის გამოსახული.

საბედნიეროდ ინტერნეტში გამოხატულ პროტესტს უშედეგოდ არ ჩაუვლია, 30 ოქტომბერს ეფლი iOS 12.1-ის მეოთხე საცდელ ვერსიას უშვებს, რომელშიც ბეიგელის ემოჯის პრობლემა გადაჭრილია.

ახალ ბეიგელს ახლა უკვე საკმაოდ სასიამოვნო, ფოტორეალისტური შესახედაობა აქვს და რაც მთავარია, მდნარი ყველიც ადგილზეა.

ბეიგელის ახალი ემოჯი

ბეიგელის ახალი ემოჯი

ფოტო: Emojipedia

ახალი ემოჯიები მხოლოდ iOS 12.1-ის საცდელ ვერსიებზეა ხელმისაწვდომი, რომლის საბოლოო ვერსიასაც Apple სავარაუდოდ ნოემბრის შუა რიცხვებისთვის გამოუშვებს.