მეცნიერებმა 90 000 წლის წინ დაბადებული თინეიჯერი გოგოს ნაშთები აღმოაჩინეს, რომლის მშობლებიც ადამიანის განსხვავებული ქვესახეობების წარმომადგენლები იყვნენ. ძვლის ფრაგმენტის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დედამისი ნეანდერტალელი, ხოლო მამამისი კი დენისოველი იყო. დენისოველები და ნეანდერტალელები ადამიანის ქვესახეობებია, რომელთა დნმ-ის ნაწილი თქვენს ორგანიზმშიც არის.

"მე ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე მსგავსი რამის პოვნას შევძლებდი. ასეთი ნამარხის პოვნა თივის ზვინში ნემსის პოვნას ჰგავს. ამის შანსი ძალიან დაბალია", - აცხადებს მაქს პლანკის ინსტიტუტის ევოლუციური ანთროპოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი.

აღმოჩენა მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ არქაული ადამიანის ქვესახეობები ერთმანეთში თავისუფლად მრავლდებოდნენ. დაახლოებით 40 000 წლამდე ევრაზიაში სხვადასხვა სახეობის ადამიანები დააბიჯებდნენ. დასავლეთში ნეანდერტალელები იყვნენ გავრცელებულნი, ხოლო აღმოსავლეთში კი — ბურუსით მოცული დენისოველები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს 390 000 წლის წინ გამოეყო, როგორც ჩანს, მათი გზები ერთმანეთს ხანდახან მაინც კვეთდა.

ფოტო: ROBERT CLARK, NATIONAL GEOGRAPHIC

ერთ-ერთი ასეთი ადგილი ციმბირში არსებული დენისის გამოქვაბულია. ეს ერთადერთი აღმოჩენილი ადგილია, სადაც დენისოველებისა და ნეანდერტალელების ნაშთები ერთადაა თავმოყრილი.

გამოქვაბულში ნაპოვნი ნაშთები ძლიერადაა დანაწევრებული, რასაც მეცნიერები მტაცებელ ცხოველებს აბრალებენ. ძვლებზე აღმოჩენილი მჟავისა და კბილების კვალი მიუთითებს, რომ ძვლების ნაწილმა რომელიღაც ცხოველის კუჭ-ნაწლავის სისტემაში გაიარა, სავარაუდოდ, 90 000 წლის წინ მცხოვრებ გოგოს თავს აფთრები დაესხნენ.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვივიენი და მისი კოლეგები აღწერენ, თუ როგორ შეისწავლეს 2.5-სანტიმეტრიანი ძვლის ფრაგმენტი. მათ დაადგინეს, რომ ის დაახლოებით 13 წლის გოგოს ეკუთვნოდა.

უფრო გასაოცარი კი მათი მშობლების გენეტიკური თავისებურებები იყო. მისი დედა ნეანდერტალელი იყო, თუმცა მამა დენისოველი, რომელსაც სისხლში შორეული ნეანდერტალელი წინაპარიც ჰყავდა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანთა ქვესახეობები ერთმანეთში იმაზე უფრო ხშირად ჯვარდებოდნენ, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით.

ფოტო: ROBERT CLARK, NATIONAL GEOGRAPHIC

ახალი აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს ვარაუდს, თითქოს ნეანდერტალელები და დენისოველები ევრაზიაში საპიენსის გამოჩენის შედეგად წარმოქმნილი კონფლიქტის გამო გადაშენდნენ. შესაძლოა, ისინი უბრალოდ თანამედროვე ადამიანის წინაპრებს შერწყმოდნენ. ამ შეჯვარებების გამო დენისოველების და ნეანდერტალელების გენეტიკური მასალის პოვნა თანამედროვე ადამიანებში დღესაც არის შესაძლებელი.

მაგალითად, ავსტრალიელი პოპულაციის დნმ-ის 5 პროცენტი დენისოველებისაა. ხოლო აფრიკის კონტინენტის გარეთ მცხოვრები ადამიანების დნმ-ის ორი პროცენტი კი — ნეანდერტალელების. თანამედროვე ადამიანებში ნეანდერტალელების გენომის დაახლოებით ნახევრის პოვნაა შესაძლებელი.

დენისის მღვიმე

დენისის მღვიმე

ფოტო: Bence Viola/PA

მეცნიერებს დენისოველებზე საკმაოდ მწირი ინფორმაცია აქვთ, თუმცა გარკვეული დეტალების გარკვევა მაინც შეიძლება. აღმოჩენილია დენისოველების კბილების ნაშთები, რომლებიც ნეანდერატლელების კბილებთან შედარებით ბევრად უფრო დიდი ზომისაა. ასევე, ნაპოვნია ნამარხები, რომელთა შესწავლამაც აჩვენა, რომ დენისოველების თავის ქალა ჰომინიდების სხვა გვარის წარმომადგენლებთან შედარებით უფრო სქელი იყო.

"სავარაუდოა, რომ დენისოველები ნეანდერტალელებზე დიდები და ძლიერებიც იყვნენ. მათ საკმაოდ შთამბეჭდავი გარეგნობა ექნებოდათ", — ამბობს მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.

მეცნიერები ახლა დენისის მღვიმის ქანებს იკვლევენ, რათა გაარკვიონ, თუ რა პერიოდში სახლობდნენ მღვიმეში ადამიანთა ეს სახეობები. მეცნიერები ფიქრობენ, რომ შეიძლება ერთ დღეს ციმბირელი გოგოს მშობლებიც კი იპოვნონ.