საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული ის აზრი, თითქოს კიბოს გახშირება ცხოვრების თანამედროვე სტილთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს მოსაზრება გაზვიადებულია.

წარსულში კიბო შესაძლოა იმაზე უფრო გავრცელებული დაავადება ყოფილიყო, ვიდრე ჩვენ გვგონია. ნამარხ სახეობებში სიმსივნეების აღმოჩენა ფაქტობრივად ვერ ხერხდება, რადგან ის ძირითადად რბილი ქსოვილის დაავადებაა.

არსებობს გარკვეული მცირე მასშტაბის კვლევები, რომელთა არასწორი ინტერპრეტაციებითაც საზოგადოებაში შეიქმნა წარმოდგენა, რომ კიბო ადამიანის მიერ "გამოწვეული," თანამედროვე დაავადებაა. ეს კი საზოგადოებაში უსაფუძვლო შიშის აჩენს. ქვემოთ მოყვანილია სხვადასხვა თანამედროვე მითები კიბოს შეასხებ, რომლებზეც შეიძლება აქამდეც გსმენიათ.

მობილური ტელეფონები და WiFi

ფოტო: Getty

ტელეფონებისა და კიბოს კავშირზე ადამიანები დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა ამის დამადასტურებელი მეცნიერული ფაქტები არ არსებობს. უკვე თითქმის რამდენიმე ათწლეულია, რაც ადამიანებს მობილურებთან ხშირი შეხება გვაქვს და მათ რომ კიბოს გამოწვევა შეეძლოთ, უკვე გვეცოდინებოდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 1992 წელს მობილურს ძალიან ცოტა ადამიანი იყენებდა, ხოლო 2008 წელს კი ის თითქმის ყველას ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ამ წლების განმავლობაში თავის ტვინის კიბოს სტატისტიკა ფაქტობრივად არ შეცვლილა. ასევე არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელმაც 2000-დან 2006 წლამდე ათასობით ადამიანი შეისწავლა - მათ მობილურ ტელეფონსა და კიბოს შორის ვერანაირი კავშირი ვერ აღმოაჩინეს.

მარტივად რომ ავხსნათ, კიბო დნმ-ის დაზიანების შედეგია, რაც უჯრედების ბუნებრივი გაყოფის ციკლის დარღვევას იწვევს. მაიონიზებელ გამოსხივებას, მაგალითად რენტგენის სხივებს ძალიან დიდი რაოდენობის ენერგიის გადაცემა შეუძლია და ის დნმ-ის დაზიანებას იწვევს. ხოლო მობილური ტელეფონის გამოსხივება უმნიშვნელო ენერგიას ატარებს და ის გაცილებით ნაკლებია ენერგიის იმ მინიმალურ დონეზე, რაც დნმ-ისა და უჯრედების დაზიანებისთვის არის საჭირო. WiFi-ს ტალღები კი მობილურ ტელეფონზე ნაკლებ ენერგიას გამოასხივებს.

ორგანული საკვები

ფოტო: Getty

საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ორგანულ საკვებს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს. სიმსივნის კვლევის მსოფლიო ფონდის ხელმძღვანელი მიშელ მაკკალი აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ორგანული საკვები სიმსივნის საწინააღმდეგოდ ჩვეულებრივ საკვებზე რამით უკეთესია.

იმავეზე მიუთითებს ბრიტანეთის ნიადაგის ასოციაციაც, რომელიც ამბობს, რომ ორგანულ საკვებსა და კიბოს შორის კავშირი არ არსებობს, თუმცა ორგანულ საკვებს სხვა უპირატესობები ნამდვილად გააჩნია, მაგალითად მისი წარმოება გარემოსთვის ნაკლებად საზიანოა. ორგანული ხორცის წარმოებისას კი ნაკლებად გამოიყენება ანტიბიოტიკები, ცხოველები უკეთეს პირობებში არიან და ა.შ.

დაბინძურება და ქიმიური დანამატები

ფოტო: Nick Ansell/PA

დღეისათვის სიტყვა "ქიმიური" უმეტესწილად უარყოფითი დანიშნულებით გამოიყენება. რეალობა კი ისაა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვჭამთ, ვსუნთქავთ, ან ვსვამთ, ქიმიური წარმოშობისაა. ჰაერში არსებული ჟანგბადი "ქიმიაა," ისევე როგორც ტყეში მოწყვეტილი ეკოლოგიურად სუფთა ვაშლი.

ჰაერის დაბინძურება ფილტვის კიბოს შემთხვევების ზრდასთან ნამდვილად არის დაკავშირებული, თუმცა პროცენტულად ამის რისკიც დაბალია. არსებობს მითები, რომ დეოდორანტები და პოლიეთილენის ბოთლები კიბოს იწვევენ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

"ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მოვწიოთ სიგარეტი, შევინარჩუნოთ ჯანმრთელი წონა და დავიცვათ მზეზე ყოფნის წესები," - ამბობს კიბოს შემსწავლელი ბრიტანული ორგანიზაციის წარმომადგენელი.

სიმართლე

ის ფაქტი, რომ კიბოს შემთხვევები ხშირდება ნამდვილად სიმართლეა. ეს დიდწილად იმით არის გამოწვეული, რომ კიბო თავს ძირითადად ასაკში იჩენს. სიცოცხლის ხანგრძლივობა კი მედიცინისა და კაცობრიობის განვითარებასთან ერთად იზრდება.

საბოლოო ჯამში, არსებობს თანამედროვე ცხოვრების სტილის გარკვეული თავისებურებები, რომლებიც კიბოს განვითარების რისკს ნამდვილად ზრდის. კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდმა გამოაქვეყნა რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება, რომ დაავადების განვითარების რისკები შევამციროთ. რჩევებს შორის არის რეგულარულად ვარჯიში, ჯანმრთელი კვება, მზისგან თავის დაცვა და ა.შ.

გადაჭარბებული წონა კიბოს განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომწვევი მიზეზია, რომლის თავიდან არიდებაც შესაძლებელია. კიბოს განვითარების რისკს ზრდის ალკოჰოლის მოხმარებაც.

ინტერნეტში უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, ამიტომ აუცილებელია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღებისას სიფრთხილე გამოვიჩინოთ და რჩევები მხოლოდ პროფესიონალებისგან მივიღოთ.