თერაპიის ინოვაციური მეთოდი, რომელმაც სიმსივნის ბოლო სტადიაზე მყოფი ქალი სრულად განკურნა
ქალი, რომელსაც პროგრესირებადი ძუძუს კიბო მთელს სხეულში ჰქონდა მოდებული, დაავადებისგან სრულად განიკურნა. მედიცინის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა და ის თერაპიის ინოვაციურ მეთოდს უკავშირდება, რომელმაც იმუნური სისტემა გააძლიერა კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა მკერდის სიმსივნის ბოლო სტადიაზე მყოფი პაციენტის მკურნალობა წარმატებულად დასრულდა იმუნოთერაპიიის მეთოდით. ამ მეთოდით მკურნალობისას, დაავადებასთან მთავარი მებრძოლი იმუნო უჯრედებია, რომელმაც უნდა იპოვოს და გაანადგუროს სხეულში არსებული სიმსივნური უჯრედები.
პაციენტი 49 წლის ჯუდი პერკინსია, ფლორიდიდან. მას მარჯვენა ძუძუზე კიბო ჰქონდა, რომელიც სხეულის უამრავ ორგანოზე, მათ შორის, ღვიძლზე იყო გადასული. ჯუდიმ უამრავი ქიმიოთერაპია ჩაიტარა, რომელიც მის სტადიაზე სიმსივნის ზრდას ვეღარ აჩერებდა. ექიმებმა უთხრეს, რომ ის მხოლოდ 3 წელიწადს იცოცხლებდა.
სწორედ ამ დროს შეირჩა პერკინსი ახალი, რადიკალური თერაპიისთვის. მერილენდში მდებარე აშშ-ს ეროვნული ინსტიტუტში, რომელიც სიმსივნეს სწავლობს, ამბობს, რომ თერაპიიდან 2 წლის შემდეგ, ჯუდი სიმსივნისგან სრულიად გაწმენდილია და მის ორგანიზმში კიბოს ერთი უჯრედიც კი აღარ არის დარჩენილი.
განკურნებული პაციენტის თქმით, სიმსივნე იმხელა იყო, რომ ის მის ნერვულ უჯრედებს აწვებოდა:
"აღარ ვმოძრაობდი, რომ ტკივილი ამერიდებინა თავიდან. ბრძოლის აზრს ვეღარ ვხედავდი და მთლიანად დანებებული ვიყავი. მას შემდეგ, რაც თერაპიის ეს კურსი დავასრულე და კიბოსგან გავთავისუფლდი, 64-კილომეტრის მანძილზე სალაშქროდ წავედი".
ონტარიოში მდებარე სიმსივნის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი და მეცნიერი, რომელიც პერკინსის მკურნალობაში იყო ჩართული, ამბობს, რომ მისი შედეგი ძუძუს კიბოს ამ სტადიაზე წარმოუდგენელი იყო.
წარმატებული მეთოდი, რომელიც სამედიცინო ისტორიაში პირველია, მეცნიერებს იმედს აძლევს, რომ ის სხვა პაციენტებზეც იმუშავებს. იქნება ეს ძუძუს, პროსტატის თუ საშვილოსნოს კიბო. ამ ეტაპზე, მკვლევარები გეგმავენ კლინიკურ ექსპერიმენტებს, რომ გაარკვიონ, რამდენად ეფექტიანი იქნება მკურნალობა.
თერაპიული მკურნალობის დაწყებამდე, ექიმებმა პერკინსის სიმსივნის ნაწილები ამოკვეთეს მისი სხეულიდან და მისი დნმ და აგებულება შეისწავლეს. შემდეგ კი, იმუნური უჯრედები გააანალიზეს, რომლებსაც სიმსივნის უჯრედები უნდა გაენადგურებინათ. თუმცა, იმუნო სისტემის უჯრედები, თავისი მცირე რაოდენობით, ამას ვერ შეძლებდნენ, ამიტომ, მეცნიერებმა ისინი გაამრავლეს და ლაბორატორიაში გაზარდეს.
ამის შემდეგ, ექიმებმა პერკინსის სხეულში, დიდი სიფრთხილით შერჩეული, 80 მილიარდი იმუნური უჯრედი შეიყვანეს. მკურნალობის დროს, პაციენტი პემბროლიზუმაბის მოქმედების ქვეშ იყო - წამალი, რომელიც იმუნური სისტემის უჯრედებს ეხმარება, რომ კიბოს უჯრედებს შეებრძლონ. 42-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, აღმოჩდა, რომ პერკინსი სრულიად განკურნებული იყო. 2 წლის შემდეგ, ის სიმსივნისგან ისევ თავისუფალია.
"სამსახურიდან წამოვედი და სიკვდილს ველოდი. ჩამოწერილი მქონდა სია, თუ რისი გაკეთება მინდოდა, რომ მომესწრო. მათ შორის იყო გრანდ კანიონის ნახვა. ახლა კი, ჩემს ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი", - ამბობს პერკინსი.
ამერიკელი ექიმები ჯერ დარწმუნებულნი არ არიან, პერკინსის განკურნებაში მთავარი როლი რამ შეასრულა - მხოლოდ იმუნური უჯრედების გაძლიერებით ჩატარებულმა თერაპიამ თუ პემბროლიზუმაბის დამატებამ. როგორც ცნობილია, მხოლოდ პემბროლიზუმაბით მკურნალობა კიბოს წინააღმდეგ სრულიად ეფექტიანი არაა.
კომენტარები