2024 წელს, კვებეკის რეგიონში სალაშქრო მარშრუტის დაგეგმვისას, ჟოელ ლაპუანტი Google Maps-ზე დიდ ჩაღრმავებას წააწყდა. ახლა კი მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ეს ორმო მართლაც მეტეორიტის დარტყმის კრატერია, რომლის ასაკიც დაახლოებით 390 მილიონი წელია.

დაახლოებით 25 კილომეტრის დიამეტრის მქონე ორმო, რომლის ცენტრშიც მარსალის ტბა მდებარეობს, ჩვეულებრივ თხრილს არ ჰგავდა, რადგან თითქმის იდეალურ რგოლს ქმნიდა. ლაპუანტი საბოლოოდ ფრანგ გეოფიზიკოსს, პიერ როშეტს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ გარშემო არსებული ტოპოგრაფია დარტყმით კრატერზე "საკმაოდ მიანიშნებდა".

დიდი ორმო, რომელიც 2024 წელს Google Maps-ზე აღმოაჩინეს, სინამდვილეში 390 მილიონი წლის მეტეორიტის დარტყმის კრატერია

ფოტო: გორდონ ოსინსკი / Google Earth

ადგილიდან აღებული სინჯების საწყისმა ტესტირებამ მინერალი ცირკონი გამოავლინა, რომელიც ხშირად მეტეორიტის დარტყმის დროს წარმოიქმნება. თუმცა კრატერის კოსმოსური წარმოშობის დასამტკიცებლად, მხოლოდ ცირკონის არსებობა საკმარისი არ იყო, ამიტომ მეცნიერთა ჯგუფმა ორმო პირადად მოინახულა.

"ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რასაც ვეძებთ, არის შოკური მეტამორფიზმის კვალი, რომელიც მხოლოდ ასტეროიდის ან კომეტის დარტყმისას (ან ბირთვული აფეთქებისას) წარმოქმნილი უზარმაზარი წნევის შედეგად შეიძლება წარმოიშვას", — თქვა Western Western University-ის პლანეტარული გეოლოგიის პროფესორმა, გორდონ ოსინსკიმ — "ამ ნიშნების უმეტესობა მიკროსკოპულია, ამიტომ მხოლოდ ლაბორატორიაში, სინჯების საშუალებით დგინდება".

ერთი ნიშანი, ოსინსკის თქმით, შიშველი თვალითაც ჩანს: კლდის ზედაპირზე არსებული ღარები ან ხაზები, რომლებსაც შატერ-კონუსები (shatter cones) ეწოდება და მიწაში გავრცელებული შოკური ტალღებით იქმნება.

2025 წლის ოქტომბერში, ამ ნიშნების შესამოწმებლად, ოსინსკი და გეოლოგთა ჯგუფი ადგილს ეწვია. "ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ექსპედიცია აღმოჩნდა. 25-ჯერ ვარ ნამყოფი არქტიკასა და 6 კონტინენტზე ექსპედიციებში", — თქვა მან — "წარმოუდგენლად ოღრო-ჩოღრო და უხეში რელიეფი იყო, გარდა ამისა, უამრავი მწერიც გვესეოდა".

საბოლოოდ შატერ-კონუსებიც იპოვეს და დარტყმის დნობის დიდი კლდეებიც აღმოაჩინეს, რომლებიც მეტეორიტის დარტყმისას გამოწვეულმა უზარმაზარმა ტემპერატურამ და წნევამ შექმნა. "საკმარისად დიდი ასტეროიდის დარტყმისას დედამიწის ქერქის ათობით კუბური კილომეტრი, პირდაპირი გაგებით, დნება", — უთხრა ოსინსკიმ CBC-ს.

კლდეებიდან აღებული სინჯების ანალიზიით ჯგუფმა დაადგინა, რომ კრატერის ასაკი 390 მილიონი წელია.

A) შატერ-კონუსი სტრუქტურის ცენტრში;
B) დნობის ქანი, სტრუქტურის ცენტრიდან 4 კილომეტრში

ფოტო: Gattacceca, J. et al

ოსინსკის აქვს ვებგვერდი Impact Earth, რომელიც მეტეორიტის დარტყმის ადგილების დადასტურებას ეთმობა. მას საზოგადოებისგან უცნაური სატელიტური სურათები და წერილები ხშირად მისდის. "ხალხისგან უამრავ შეტყობინებას ვიღებ, ვინც ფიქრობს, რომ კრატერი იპოვა, თუმცა 100-დან 99 შემთხვევაში ეს არ დასტურდება", — უთხრა მან Live Science-ს — "ეს კი იშვიათი მაგალითია".

დღემდე დედამიწაზე დაახლოებით 200 დარტყმითი კრატერია ცნობილი, აქედან 31 კანადაშია აღმოჩენილი. "წელიწადში, ჩვეულებრივ, 1-2 კრატერს ვპოულობთ ხოლმე, თუმცა, როგორც წესი, უმრავლესობა 5-10 კილომეტრზე ნაკლები ზომისაა", — თქვა ოსინსკიმ. "ასეთი დიდი კრატერი საკმაოდ იშვიათია". კანადაში ბოლოს დადასტურებული მეტეორიტის კრატერი 2010 წელს იპოვეს.

ლაპუანტმა Radio-Canada-ს მისწერა, რომ კრატერის დადასტურების ამბავი ძალიან გაუხარდა. "ჩვეულებრივი მოქალაქე 390-მილიონი წლის კრატერს ყოველდღე ვერ პოულობს", — თქვა მან. "ყველას მოვუწოდებ, არ უგულებელყონ ინტუიცია თუ დაკვირვება, თუნდაც ეს მათი საქმიანობის სფერო არ იყოს".

ოსინსკის ჯგუფი მიღებულ სინჯებზე მუშაობას განაგრძობს, რათა დარტყმის ადგილის შესახებ მეტი გაიგონ. "ნებისმიერი აღმოჩენილი კრატერი წარმოდგენას გვიქმნის, როგორ ყალიბდება კრატერები და დედამიწის გეოლოგიაზე, ბიოლოგიასა და კლიმატზე რა გავლენა აქვს", — ამბობს ის.

მას შემდეგ, რაც ახალმა კვლევამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ორმო მეტეორიტის დარტყმით გაჩნდა, ოსინსკიმ, როშეტმა და მათმა ჯგუფმა, ეკუანიტშიტის ინუების საბჭოსთან (ეს საბჭო ტერიტორიის მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენს) გავლილი მოლაპარაკებების შედეგად, კრატერს Uhaachatik დაარქვეს. მკვლევრები თავიანთ ნაშრომს მომავალ თვეს, გერმანიაში, მეტეორიტების საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე წარადგენენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.