რამდენად უსაფრთხოა თვალის ფერის შეცვლის ოპერაცია?
ფოტო: Shutterstock / Futurism
ფემტოწამიანი ლაზერული რგოლისებრი კერატოპიგმენტაცია (FLAAK) ქირურგიული პროცედურაა, რომლითაც თვალის ფერს ცვლიან. იგი 10 წელზე მეტი ხნის წინ შექმნეს და მას შემდეგ ამ პროცედურის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემიამ პროცედურის მიმართ 2 გაფრთხილება გასცა. როგორც The New York Times-ის სტატიაში ვკითხულობთ, FLAAK არც ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერაა აპრობირებული.
აღნიშნულ პროცედურას ხშირად რქოვანის ტატუირებასაც უწოდებენ. როგორც ეს სახელი მიგვანიშნებს, იგი რქოვანის შეფერვას მოიცავს. ეს თვალის მნიშვნელოვანი დამცავი ბარიერია, ამიტომ მისი დაზიანება ძალიან სარისკოა.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოფთალმოლოგები FLAAK-ს ეჭვის თვალით უყურებენ ისაა, რომ პროცედურა შედარებით ახალშექმნილია, ამიტომ მის გრძელვადიან შედეგებზე კვლევები არაა ჩატარებული. საფუძვლიანად არც მასში გამოყენებული პიგმენტებია შესწავლილი.
ოპერაცია შემდეგნაირად ტარდება: თავიდან ქირურგი თვალის კაკალს აყუჩებს, შემდეგ ეპონიმურ ფემტოწამიან ლაზერს იყენებს, რათა თითოეულ რქოვანაში შეაღწიოს, რომლებსაც ქირურგიული კავით აფართოებს. ამის შემდეგ "ფერარის სკალპელს" იყენებენ (ხელსაწყოს ეს სახელწოდება პროცედურის შემქმნელის, ფრანსის ფერარის, პატივსაცემად დაერქვა), რათა რქოვანებში პიგმენტი შეიყვანონ, საბოლოოდ კი რქოვანებს სპეციალური ფუნჯებით ღებავენ.
როგორც ფერარი განმარტავს, თვალის ფერს ძირითადად ირისი (თვალის ფერადი გარსი) განსაზღვრავს. ეს რგოლის ფორმის კუნთია, რომელიც თვალის გუგის ზომას აკონტროლებს. ფერარის ტექნიკა იმაში მდგომარეობს, რომ ირისი საღებავის გარსით დაიფაროს. ეს დაახლოებით ისე მუშაობს, როგორც კონტაქტური ლინზის ჩასმა.
ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, თუმცა შეიძლება სარისკოც იყოს. როგორც ოფთალმოლოგები განმარტავენ, სხეულის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, დაბალი დონის ანთებამაც კი შეიძლება თვალი სამუდამოდ დააზიანოს, სინათლისადმი სენსიტიური გახადოს და ტკივილი გამოიწვიოს.
მეორე მხრივ, ფერარის აზრით, FLAAK დაახლოებით იმდენადვე უსაფრთხოა, როგორც LASIK (მხედველობის ლაზერული კორექციის პროცედურა), ამიტომ ზოგი ოფთალმოლოგის შიში შეიძლება გადაჭარბებული იყოს.
კომენტარები