რუსეთ-უკრაინის ომში მხოლოდ ადამიანები აღარ იბრძვიან. ეს დაპირისპირება გადაიზარდა მაღალტექნოლოგიურ კონფლიქტში, სადაც უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ უპილოტო სახმელეთო მოწყობილობებსა და რობოტებს იყენებს.

"ისტორიაში პირველად, უკრაინამ დაიკავა რუსული პოზიციები მხოლოდ უპილოტო მოწყობილობებით — სახმელეთო სისტემებითა და რობოტებით. ოკუპანტების ჯგუფი დაგვნებდა. ეს ყველაფერი კი ქვეითი ჯარისა და ჩვენი მხრიდან დანაკარგების გარეშე მოხდა", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტექნოლოგიებს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. მისი თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში სახმელეთო რობოტებმა 22 000-ზე მეტი მისია შეასრულეს.

"Ratel-მა, TerMIT-მა, Ardal-მა, Rys-მა, Zmiy-მ, Protector-მა, Volia-მ და ჩვენმა სხვა სახმელეთო რობოტულმა სისტემებმა ფრონტზე სულ რაღაც სამ თვეში მთლიანობაში 22 000-ზე მეტი მისია შეასრულეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლე მინიმუმ 22 000-ჯერ გადარჩა. ეს იმიტომ, რომ რობოტი მეომრის ნაცვლად ყველაზე საშიშ ადგილებში შევიდა. საქმე ეხება მოწინავე ტექნოლოგიებს, რომლებიც უმაღლესი ღირებულების — ადამიანის სიცოცხლის დაცვას უწყობს ხელს", — დაწერა ზელენსკიმ და გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც საბრძოლო ტექნოლოგიების ფონზე დგას.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მსგავსი ტექნოლოგიების შემუშავებაში იყო ჩართული.

ფოტო: X

ფოტო: X

ზელენსკიმ ისიც აღნიშნა, რომ უკრაინას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს შორი მოქმედების იარაღის წარმოებაშიც. ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრია უკვე უშვებს მილიონობით დრონს და ახლა საკუთარი წარმოების რაკეტებიც აქვს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.