შეისწავლეს უცნაური მინერალი, რომელიც ფერს იცვლის — 30 წლის შემდეგ ის ლონდონში დააბრუნეს
ფოტო: Trustees of the Natural History Museum
1995 წელს ლონდონის ისტორიის ეროვნული მუზეუმი (NHM) თავსატეხის წინაშე აღმოჩნდა. მათ ხელში უცნაური მინერალი ჩაუვარდათ, რომელსაც სამკუთხა ფორმა და ცვალებადი მოლურჯო შეფერილობა ჰქონდა.
მინერალი მუზეუმში ტელეწამყვანმა ანა გრეისონმა მიიტანა. ამის შემდეგ ქვა გამოსაკვლევად ექსპერტთა გუნდს გადასცეს, რომელსაც გორდონ კრესი უძღვებოდა. ამგვარი მინერალი არცერთ მეცნიერს არ ჰქონდა ნანახი.
თავად გრეისონმა მინერალი 1980 წელს მაროკოში შეიძინა. გამყიდველის თქმით, ქვა ლაზურიტი იყო. ცნობილია, რომ მაროკოს ეს რეგიონი მინერალებით მდიდარია, თუმცა გრეისონი თავადაც გეოლოგი იყო და მიხვდა, რომ ეს ლაზურიტი ვერ იქნებოდა.
ამის შემდეგ გრეისონმა გადაწყვიტა, ლონდონის მუზეუმის ღია კარის დღეზე წასულიყო, სადაც ხალხს იდენტიფიკაციის მიზნით მინერალები მიჰქონდა. ეს მინერალი იმდენად საინტერესო და იშვიათი გამოდგა, რომ კრესის გუნდმა მის გამოკვლევას წელიწადზე მეტი მოანდომა.
უცნობი წარმოშობის მინერალებს ხშირად სინქროტრონული რენტგენით სწავლობენ. ამ მეთოდით ელექტრონები თითქმის სინათლის სიჩქარით წრიულად იფრქვევა. ეს პროცესი საბოლოოდ ინტენსიურ რენტგენულ სხივებს ქმნის, რომლებზე დაკვირვებითაც ნიმუშის იდენტობის დადგენა მარტივდება.
აღმოჩნდა, რომ მეცნიერებს საქმე ერინიტთან ჰქონდათ. კრესის გუნდს არ გაუმართლა — ერინიტი უკვე აღმოჩენილი მინერალი იყო, იგი პირველად 1876 წელს აღწერეს. სახელი ბერძნული ენიდან მოდის და "ლურჯ ცას" ნიშნავს, უჩვეულო ფერი კი რკინის ატომებს შორის ელექტრონების გადაცემით წარმოიქმნება.
ეს კონკრეტული ნიმუში მილიონობით კრისტალური ბოჭკოსგან შედგება, რომელთა ზომაც მილიმეტრის 1/10000-ია. ამ კრისტალურ ბოჭკოებში რკინის იონები (Fe²⁺ და Fe³⁺) მოძრაობს, რაც ატომებს შორის ელექტრონების გადატანას უწყობს ხელს. სინათლე მინერალის ზედაპირზე მოხვედრისას შთაინთქმება: საბოლოოდ მინერალი უფერო ან ლურჯი ჩანს, გააჩნია, საიდან შეხედავთ.
მინერალის პირველი ანალიზიდან 30 წლის შემდეგ ერინიტის კვლავ მუზეუმში დაბრუნება გადაწყვიტეს. ამ დროის განმავლობაში მინერალს ბარსელონაში ჯორდან რიუსის ხელმძღვანელობით იკვლევდნენ. გარდა ამისა, ერინიტი ძალიან პოპულარული გახდა, რამაც საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდასა და NHM-ში წარმოდგენილი სხვა რამდენიმე მინერალის იდენტიფიკაციასაც შეუწყო ხელი.
კომენტარები