C ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანამატია, რომელსაც მიაწერენ, რომ გვიცავს გაციებისგან, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ებრძვის სერიოზულ დაავადებებსაც კი.

ამ სტატიაში სწორედ C ვიტამინის მნიშვნელობასა და როლს განვიხილავთ.

რა არის C ვიტამინი და რატომ სჭირდება ის ჩვენს ორგანიზმს?

C ვიტამინი, ასევე ცნობილი, როგორც ასკორბინის მჟავა, ორგანიზმში ნამდვილად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ის ძლიერი ანტიოქსიდანტია და უჯრედებს დაზიანებისგან იცავს. C ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნურ ფუნქციებსაც, ეხმარება რკინის შეწოვაში და მნიშვნელოვანია ჭრილობების მოშუშებისას.

C ვიტამინი ასევე კოლაგენის სინთეზისთვის არის საჭირო. კოლაგენი ქსოვილების გამაერთიანებელია და კანის სტრუქტურას წარმოადგენს.

C ვიტამინის სერიოზული დეფიციტი იწვევს დაავადებას, რომელსაც სურავანდს უწოდებენ. ასეთ დროს, სხეული არასაკმარის კოლაგენს გამოიმუშავებს და ქსოვილების ერთიანობის შენარჩუნება რთულდება. შედეგად, ღრძილები ვეღარ ახერხებს კბილების დაჭერას და ისინი ცვივა. მეტიც, იშლება სისხლძარღვები და იწყება შინაგანი სისხლდენა.

აღსანიშნავია, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ C ვიტამინის სინთეზირება. ჩვენ ის საკვების სახით უნდა მივიღოთ. C ვიტამინის უმეტესი ნაწილი ბოსტნეულიდან (დაახლოებით 40%), ხილიდან (19%) და შესაბამისი წვენებიდან (29%) მოდის.

თუ შევხედავთ ქიმიურად, საკვებ დანამატებში შემავალი C ვიტამინი საკვების იდენტურია. ამ შემთხვევაში თქვენი სხეული განსხვავებას ვერ ხედავს.

და მაინც, C ვიტამინის საკვებ დანამატებს ბოჭკო, ფლავონოიდები, სხვა ვიტამინები, მინერალები და საკვებში შემავალი სხვა ფიტოქიმიკატები აკლია. მათ მისაღებად ზემოთ ხსენებული საკვებია საჭირო.

ჩამოთვლილი ნაერთები ხელს უწყობს შეწოვას, უზრუნველყოფს დამატებით ანტიოქსიდანტებს და C ვიტამინთან ერთად, გვამარაგებს ისეთი უპირატესობებით, რომლებიც ცალკე განყენებულ C ვიტამინს არ გააჩნია.

შესაბამისად, თუ დაბალანსებულად იკვებებით, არ გჭირდებათ C ვიტამინის საკვები დანამატები.

C ვიტამინი და გაციება

C ვიტამინი მიიჩნევა, რომ გაციებისა და გრიპის პრევენციისთვის ეფექტიანია.

მიუხედავად ამისა, მასშტაბური კვლევის შედეგბმა აჩვენა, რომ 200 მგ ან მეტი C ვიტამინის რეგულარული მიღება არ ამცირებს გაციების შემთხვევებს.

გამოვლინდა, რომ C ვიტამინის საკვები დანამატის რეგულარული მიღება ამცირებს გაციების ხანგრძლივობას და 1000 მგ ან უფრო მაღალი დოზები ამცირებს ჩვეულებრივი გაციების სიმპტომების სიმწვავეს.

იმ შემთხვევაში თუ C ვიტამინი გამოიყენება გაციების სამკურნალოდ და მიიღება მხოლოდ გაციების სიმპტომების დაწყებისას, ის გავლენას არ ახდენს ხანგრძლივობასა და დაავადების სიმძიმეზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.