წითელ პლანეტაზე ბევრი საინტერესო პროცესი მიმდინარეობს. განსაკუთრებით საყურადღებოა ქანები და ქვები. მარსზე ძალიან ბევრი ქანია და მათ საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ამინდის ზემოქმედება განიცადეს. შედეგად წარმოიქმნა ისეთი ობიექტები, რომლებიც ხელოვნურ და ბიოლოგიურ სტრუქტურებს გვაგონებს.

ფოტო: NASA

ერთი ასეთი საინტერესო სტრუქტურა 2002 წელს შენიშნეს. ის სამგვერდა პირამიდას წააგავს.

და, აი, ახლა ამ ობიექტმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ის რეჟისორმა ბრაინ კორი დობსმა X-ზე გაავრცელა. ის აქამდეც ამბობდა, რომ NASA-ს ფოტოებზე მარსზე ხელოვნური სტრუქტურები ჩანს.

ფოტო: Mars Orbiter Camera Image Gallery

პოსტი სწრაფად გავრცელდა და მალე ფოტოზე უამრავმა ადამიანმა დაიწყო საუბარი.

დობსის გავრცელებული ფოტოები რეალურია, მაგრამ რამდენად სწორია თავად მისი შეფასება?

HiRISE-ის მიერ გადაღებული ფოტოები ნამდვილად უცნაურია, მაგრამ როდესაც მას მოაახლოებთ და გარშემო ლანდშაფტს დააკვირდებით, ის ასეთი უჩვეულო აღარ ჩანს. უკვე ამის შემდეგ შენიშნავთ მთას, რომელიც ეროზიული ძალებით არის ჩამოყალიბებული.

ეს რეგიონი დაფარულია გეოლოგიური წარმონაქმნებით. მას შემდეგ, რაც ეროზიამ ქანები გამორეცხა, მიწიდან ამოშვერილი დარჩა შვერილები. ისინი პატარა ნამდვილად არ არის, სიმაღლეში ისინი ათობით მეტრს აღწევს. უშუალოდ ჩვენთვის საყურადღებო ობიექტის დიამეტრი 290 მეტრია, სიმაღლეში კი 145 მეტრს აღწევს.

შესაბამისად, ის არ არის ხელოვნური წარმონაქმნი. მეტიც, ის არ განსხვავდება დედამიწაზე არსებული სხვა პირამიდებისგან. თუ ფოტოებს ყურადღებით დააკვირდებით შენიშნავთ, რომ მთებზე ქედები გეომეტრიულად ისეთი სრულყოფილი ნამდვილად არაა, როგორც ეს შეიძლება იყოს ხელოვნური სტრუქტურის შემთხვევაში.

ფოტო: NASA

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.