სიგარეტის ნარჩენებს, როგორც ჩანს, ფრინველები თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ — New York Times-ის უწყებით, ევროპაში წიწკანები სიგარეტის ნამწვებს აგროვებენ. მიზეზი ისაა, რომ თამბაქოსა და სიგარეტის ნამწვებში ბუნებრივი და სინთეზური ტოქსინებია, რომლებიც პარაზიტებს აფრთხობს. ეს შეიძლება ევოლუციის უჩვეულო შედეგად მივიჩნიოთ, რომელიც ეკოლოგიურმა პრობლემამ გამოიწვია.

ამას ნაშრომი მოწმობს, რომელიც ჟურნალში Animal Behavior გამოქვეყნდა. ევრაზიულ წიწკანებს სიგარეტის ნარჩენები თავიანთ ბუდეებში მიაქვთ, ლოძის უნივერსიტეტის (პოლონეთი) მკვლევრებმა კი დაადგინეს, რომ ნარჩენებში არსებული აქროლადი ნაერთები, სავარაუდოდ, ფრინველებს "პარაზიტებისა და მათი გავლენის" თავიდან არიდებაში ეხმარება.

მკვლევრებმა ექსპერიმენტებით შეამოწმეს, მოქმედებდა თუ არა ფრინველების ჯანმრთელობაზე ბუდეში სიგარეტის ნამწვების არსებობა, შედარებული საკონტროლო ჯგუფთან. ზოგიერთ შემთხვევაში მკვლევრები ბუნებრივ ბუდეს ხელოვნური ხავსისა და ბამბისგან დამზადებული სტერილური ბუდით ანაცვლებდნენ; ამას ბარტყობის პერიოდის მეხუთე და მეათე დღეებში აკეთებდნენ.

მათდა გასაკვირად, სიგარეტის ნამწვებიან ბუდეშიც და სტერილურ ბუდეებშიც ბარტყებს "მნიშვნელოვნად მომატებული ჰქონდათ ჰემოგლობინისა და ერითროციტების დონე, რაც საკონტროლო ჯგუფთან შედარებით ფიზიოლოგიურ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს".

პარაზიტები, მათ შორის ტკიპები და რწყილები, უფრო ხშირი იყო საკონტროლო ჯგუფის მეტად ბუნებრივ ბუდეებში, რომლებშიც უცხო მასალა არ ყოფილა.

ცნობისთვის, ეკოლოგმა კონსტანტინო მასიას გარსიამ NYT-ს თავისი გუნდის დაკვირვება გაუზიარა, რომ მთიულასებრნი და ბეღურები მეხიკოში "სიგარეტს შლიან". მისი ვარაუდით, შიგნით არსებული ბოჭკოები შეიძლება ფრინველებს პარაზიტებისგან იცავდეს.

კვლევამ ისიც აჩვენა, რომ სიგარეტის ინგრედიენტები შეიძლება ინვაზიურ ბუზებსაც აფრთხობდეს დარვინის მთიულების ბუდეებში, გალაპაგოსში.

საინტერესო ისიც, რომ 2017 წელს ჩატარებული კვლევის ფარგლებში მდედრმა სახლის მთიულებმა ბუდეში უფრო მეტი სიგარეტის ნამწვი მიიტანეს, როცა მკვლევრებმა შიგნით ცოცხალი ტკიპები მოათავსეს. გამოდის, ფრინველთა ზოგიერთ სახეობაში ეს შეიძლება დამკვიდრებული რეაქცია იყოს პარაზიტების რისკის მატების საპასუხოდ.

ასეა თუ ისე, რთულია უგულებელვყოთ სიგარეტის ნამწვების ეკოლოგიური გავლენა. ყოველწლიურად ტრილიონობით ასეთ ნარჩენს ყრიან, გარემო კი პლასტმასის პოლიმერებით ნაგვიანდება, რომლებიც ბუნებრივად რთულად ნადგურდება. შედეგად გარემოში მავნე ქიმიკატები ჟონავს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.