ადამიანის ემოციები შეგვიძლია მისი სიარულის მანერით ამოვიცნოთ — როგორ
ფოტო: Royal Society Open Science (2026)
ცნობილია, რომ ზოგ შემთხვევაში სიარულის მანერა ჩვენს ემოციურ მდგომარეობას ასახავს. მაგალითად, მძიმე ნაბიჯები ხშირად ბრაზთანაა დაკავშირებული, მოხრილი მხრები კი შეიძლება სევდიანობაზე მიანიშნებდეს. მოწინავე ტელეკომუნიკაციების კვლევითი ინსტიტუტის (იაპონია) მეცნიერებმა ამ თემის კიდევ უფრო სიღრმისეულად შესწავლა გადაწყვიტეს.
გუნდმა ორი ექსპერიმენტი ჩაატარა. პირველში მსახიობებს დაავალეს, თავიანთი ცხოვრებიდან სხვადასხვა ემოციის გამომწვევი მოვლენა გაეხსენებინათ, მაგალითად, ბრაზის, ბედნიერების, შიშის ან სევდის. ამ მოგონებებზე ფიქრისას მსახიობებს სიარული დაავალეს. გარდა ამისა, მათ სახის ნეიტრალური გამომეტყველება უნდა შეენარჩუნებინათ.
ჩანაწერები სპეციალურ ვიდეოებად აქციეს, რომლებშიც სხეულის მთავარ სახსრებს 17 თეთრი წერტილი აღნიშნავდა. ეს კადრები ზრდასრული ასაკის მოხალისეებს აჩვენეს, რომლებსაც თავიანთ მიერ აღქმული ემოციის შესაბამის ღილაკზე უნდა დაეჭირათ ხელი. აღნიშნულ ამოცანას მათ თავი წარმატებულად გაართვეს: იმ ნიშნულზე გაცილებით მაღლა, რომელიც უბრალოდ დამთხვევას შეესაბამება.
ამის შემდეგ მკვლევრებმა სპეციალური ტექნიკა გამოიყენეს, რომელიც პრინციპული კომპონენტის ანალიზის (PCA) სახელითაა ცნობილი. მათ სიარული სხვადასხვა კომპონენტად დაყვეს, მაგალითად, თავის მოძრაობად. მეცნიერებმა ერთი კანონზომიერება შენიშნეს: მოხალისეებმა ემოციები ძირითადად მკლავისა და ფეხის ქანაობის (ამას PC2 უწოდეს) სიგანისა და დროის მიხედვით შეაფასეს.
მეორე ექსპერიმენტში მეცნიერებმა სიარულის ნეიტრალური მანერა გააანალიზეს და ის PC2-თან მიმართებით განიხილეს. აღმოჩნდა, რომ ემოციების შესაბამისად ცდისპირები კიდურებს ნაკლებად ან მეტად აქანებდნენ. მოხალისეებმა ემოციების ამოცნობა ამჯერადაც სწორად შეძლეს: მსახიობები უფრო გაბრაზებულნი იყვნენ, როცა კიდურებს მეტად აქანებდნენ; სევდის ან შიშის შემთხვევაში კი — ნაკლებად.
მკვლევრები განმარტავენ, რომ ეს მიგნება ფსიქოლოგიის მიღმაც შეიძლება გამოვიყენოთ. მაგალითად, ამ ცოდნით შეიძლება უფრო რეალისტური ანიმაციები შევქმნათ ან რობოტების გაწვრთნისას გავითვალისწინოთ.
ნაშრომი გამოცემაში Royal Society Open Science გამოქვეყნდა.
კომენტარები