"მაცივარმა იცის, რა პროდუქტებს ინახავს და რეცეპტებს თავადვე გვთავაზობს", — ოდესმე თუ დაიჯერებდით, ეს რომ ვინმეს ეთქვა? ან რამდენად შესაძლებელი გგონიათ, სხვებს ფოტოს თქვენ უღებდეთ და საბოლოო სურათს მაინც არ გამოაკლდეთ? იქნებ ტელეფონმა თავადვე გითხრათ, როდის არ გცალიათ და რომ შეხვედრა უნდა გადადოთ?

ეს სცენარები სამეცნიერო ფანტასტიკის რომელიმე ნაწარმოებიდან ნამდვილად არ გადმომიტანია — ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც 2026 წლისთვის გარკვეულწილად უკვე შესაძლებელია ტექნოლოგიებისა და კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის (AI) დამსახურებით.

AI უკვე ყველგანაა: ტელეფონებში, საყოფაცხოვრებო ტექნიკაში (კი, ზოგიერთ მაცივარშიც) და საომარ ტექნოლოგიებშიც კი. მოდი, გავიგოთ, რა იცვლება და როგორ გარდაქმნის ეს ჩვენს ყოველდღიურობას.

1. როცა AI "ხელში გიჭირავს": როგორ უმჯობესდება თანამედროვე გაჯეტები

ხელოვნური ინტელექტი მობილურებში, როგორც წესი, ცალკეული აპლიკაციების სახით იყო ხელმისაწვდომი. ამჟამად უკვე, შეიძლება ითქვას, ჩვენმა გაჯეტებმა ერთგვარი აგენტური ელემენტები შეიძინა — გარდა აპლიკაციებისა, AI უკვე ოპერაციულ სისტემაშივეა ინტეგრირებული. მოწყობილობები სხვადასხვა აპლიკაციიდან მიღებულ მონაცემებს აანალიზებს, რათა მომხმარებლის საჭიროებები განსაზღვროს და დააკმაყოფილოს.

მაგალითად, Samsung-მა ცოტა ხნის წინ სმარტფონების Galaxy S26 სერია გამოუშვა. Samsung-ის ვებსაიტის მიხედვით, ახალი Now Nudge ფუნქცია მომხმარებლებს დროულ და რელევანტურ მოქმედებებს სთავაზობს. მაგალითად, თუ მეგობარი ბოლოდროინდელი მოგზაურობის ფოტოებს მოგვთხოვს, Galaxy S26 ფოტოებს ავტომატურად შემოგვთავაზებს გალერეიდან და აპლიკაციებს შორის მონაცვლეობა აღარ დაგვჭირდება. შეხვედრასთან დაკავშირებული შეტყობინების მიღებისას სმარტფონი კალენდარში რელევანტურ ინფორმაციას გადაამოწმებს იმის გასაგებად, რაიმე ხომ არ დაგვიგეგმავს იმავე დროს.

ამის მსგავსად, Google-ის ახალ Pixel 10 სერიაში Magic Cue-ს ვხვდებით. თუკი, მაგალითად, მეგობრებთან მიმოწერისას რესტორნის შერჩევაზე ვბჭობთ, Magic Cue ფუნქციამ შეიძლება შემოგვთავაზოს, რომ იდეალური ადგილის შესარჩევად Gemini გამოვიყენოთ. ეკრანზე ერთი დაჭერით ჩატში Gemini-ს ახალი ფანჯარა გაიხსნება რესტორნების რეკომენდაციებით, რომლებიც მიმოწერის შინაარსის მიხედვით იქნება გენერირებული. აპლიკაციების შეცვლა არც აქაა საჭირო — სულაც არაა საჭირო, რომ მეგობრებთან ჩატი დავხუროთ და ცალკე ვესაუბროთ ჩატბოტს.

ამ ტენდენციას არც ტექგიგანტი Apple უნდა ჩამორჩეს და აპირებს, ასისტენტი Siri ხელოვნური ინტელექტის, Apple Intelligence-ის, ინტეგრირებით გააუმჯობესოს. Apple პირადი კონტექსტის (Personal Context), ეკრანის გააზრებისა და აპლიკაციებს შორის მოქმედების ფუნქციებს აანონსებს. ეს ასისტენტს საშუალებას მისცემს, ეკრანზე არსებული შიგთავსი გაიგოს — მაგალითად, ტექსტურ შეტყობინებაში მისამართი ამოიცნოს და იგი საკონტაქტო ბარათს დაამატოს; მომხმარებელს ამ დროს იმის თქმაც არ დასჭირდება, ვისია მისამართი. ეს ფუნქციები უკვე iOS 26.4-ის ფარგლებში უნდა გვეხილა, თუმცა პროცესი შეყოვნდა.

AI-ს დახმარებით გაჯეტებში მნიშვნელოვნად უმჯობესდება საკომუნიკაციო ფუნქციებიც. მაგალითად, Pixel 10-ის Voice Translate ფუნქცია სატელეფონო საუბრებს უკვე სპიკერის რეალური ხმის ხელოვნური ვერსიით თარგმნის, რათა საუბარი ნათარგმნიც ადამიანურად ჟღერდეს.

რაც შეეხება iOS-ს, iPhone 17-ში ლაივ რეჟიმში თარგმნის ფუნქცია უკვე FaceTime-შიც არის ხელმისაწვდომი. ამას გარდა, Galaxy-სა და Pixel-ის უახლესი მოდელები რეალურ დროში ზარების შეჯამების (Call Summaries) ფუნქციას იყენებს; ეს უკანასკნელი ძირითად თარიღებსა თუ დავალებებს ჩამოწერს, როგორც კი საუბარს დავასრულებთ.

ახალ მოწყობილობებში შემოქმედებითი შესაძლებლობებიც უმჯობესდება — შეიძლება ითქვას, სტანდარტული კამერა გენერაციულ სტუდიად გარდაიქმნა. მაგალითად, iPhone 17 Pro-ში Image Wand ფუნქციას შეუძლია, ტელეფონში შესრულებული ჩვენი მარტივი ნახატები ლამის პროფესიონალის შესრულებულ ილუსტრაციებად აქციოს.

მეორე მხრივ, Samsung-ის Photo Assist ფუნქცია მომხმარებლებს კომპლექსური რედაქტირების საშუალებას აძლევს, თუნდაც ხმოვანი მითითებების საფუძველზე. Google ჯგუფური ფოტოგრაფიის მიმართულებით კვლავაც ლიდერობს: Pixel 10-ს Add Me და Best Take ფუნქციები აქვს, რომელსაც AI-ს დახმარებით რამდენიმე კადრის შეერთება შეუძლია; ასე ისიც კია შესაძლებელი, რომ საბოლოო სურათში მისი გადამღებიც მოხვდეს.

ცხადია, ეს მხოლოდ რამდენიმე ახალი AI ფუნქციაა რამდენიმე სმარტფონში — მხოლოდ რამდენიმე ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ ეხმარება ხელოვნური ინტელექტი გაჯეტებს ჩვენი ცხოვრების გამარტივებაში.

2. ლამის სახლში შემოიჭრას AI? — როგორია თანამედროვე ჭკვიანი სახლი

ხელოვნური ინტელექტი, ცხადია, მხოლოდ კომპიუტერულ ტექნიკასა და მობილურებში როდია ინტეგრირებული — მან უკვე ჩვენს სახლებშიც შემოაღწია, პირდაპირი მნიშვნელობით. საოჯახო ტექნიკა რახანია ავტომატურად მუშაობს, თუმცა მათ AI უფრო და უფრო მეტ უნარს სძენს. რაც მეტი AI ფუნქცია ემატება საოჯახო ასისტენტებს, მით მეტად ვუახლოვდებით ჭკვიან სახლებს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრიდან.

გენერაციულმა AI-მ ჩვენი სახლები არაერთი მიმართულებით შეიძლება "დააჭკვიანოს", როგორც Mashable-ის სტატიაშია მიმოხილული:

სახლი, რომელიც საჭიროებებს ავტომატურად ერგება

AI გარემო პირობებს აანალიზებს — შიგნით თუ გარეთ — ამ ინფორმაციას კი სახლის სწორი ავტომატიზაციისთვის იყენებს. მაგალითად, განათების სისტემები განათებას დღის მონაკვეთის, სახლში მცხოვრებთა აქტივობის ან განწყობის (შეიძლება გამოიხატოს მუსიკით ან ხმოვანი ბრძანებებით) მიხედვით ცვლის. HVAC სისტემები კომფორტსა და გარემოზე პარალელურად ზრუნავს და სახლის პატრონის ქცევისა თუ ამინდის პროგნოზის შესაბამისად მოქმედებს. ჭკვიანი სახლის უსაფრთხოების სისტემებიც AI-ს იყენებს, რათა გაფრთხილებები უფრო ეფექტიანად გზავნოს.

ამ დროში უკვე ისიც კი შესაძლებელია, რომ ჭკვიანი სახლის ასისტენტს ვთხოვოთ, ძილისთვის უკეთესი რეჟიმი შემოგვთავაზოს.

სახლის ჭკვიანი მოვლა-შენახვა

სახლის მოწყობილობები უკვე დამოუკიდებლად ფუნქციონირებს — ჭკვიანია და გადაწყვეტილებებსაც ხშირად ჩვენ მაგივრად იღებს. AI საყოფაცხოვრებო ტექნიკას შემდეგნაირად "აჭკვიანებს":

  • სარეცხის მანქანები: სარეცხი საშუალება ავტომატურად ისხმება საჭირო რაოდენობით, რეცხვის ციკლები პერსონალიზებულია, მანქანას შეუძლია დაბინძურების დონე ამოიცნოს. შესაძლებელია რეცხვის "დაჯავშნაც" სასურველ დროს;
  • მაცივრები: შეუძლია პროდუქტების მარაგის მართვა და რეცეპტების შემოთავაზება შიგნით არსებული პროდუქტების მიხედვით, თუმცა ეს ფუნქცია ჯერ საწყის ეტაპზეა;
  • იატაკის საწმენდები და მტვერსასრუტები: რობოტი მტვერსასრუტები AI-ს იყენებს, რათა სახლის უკეთესი რუკა და ავტომატური წმენდის რეჟიმები შექმნას, ასევე იატაკზე დაბრკოლებები ამოიცნოს.

უფრო ჭკვიანი მონიტორინგი

ჭკვიანი კამერები სახლის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. Mashable-ის მიხედვით, ახალი მოდელი კომპიუტერულ ხედვას იყენებს — AI-ს, რომელიც სპეციალურად იმისთვისაა შექმნილი, რომ რეალური სამყაროდან ვიზუალურ მონაცემებს დააკვირდეს და "გაიაზროს" ისინი. ეს ჭკვიან კამერებს საშუალებას აძლევს, ცოცხალი და არაცოცხალი ობიექტები უფრო ზუსტად გამიჯნოს ერთმანეთისგან — ისევე, როგორც უსაფრთხო და სახიფათო ობიექტები. სხვათა შორის, კომპიუტერული ხედვა იმდენად დაიხვეწა, რომ მეზობლებისა და უცხოების ერთმანეთისგან გარჩევაც კი შეუძლია.

გარდა ამისა, უსაფრთხოების სისტემები AI-ს დახმარებით შეისწავლის, რა კანონზომიერებით მოძრაობს ადამიანი სახლში. თუკი უკანა ეზოში ან სასტუმრო ოთახში უჩვეულო აქტივობა ფიქსირდება, იგი სწრაფად ატყობინებს პატრონს.

გარდა ამისა, Mashable-ის მიხედვით, მოწყობილობებს დღეს ჩვენი ჯანმრთელობის მეთვალყურეობაც შეუძლია AI-ს დახმარებით. ფიტნესისა და ძილის "ტრეკერები" — ხშირად ჭკვიანი საათების ფორმით — ჩვენს ქცევას სწავლობს და შესაბამის რეკომენდაციებს გვთავაზობს როგორც ძილის, ასევე ვარჯიშის ან რაციონის კუთხით. ახალ ჭკვიან სენსორებს უკვე არარეგულარული მოძრაობის ან ხანგრძლივი უმოძრაობის დაფიქსირებაც შეუძლია.

3. AI ომშიც ჩაერთო

ყოფითი, სამომხმარებლო მიზნების გარდა, ხელოვნური ინტელექტი უკვე საომარ მოქმედებებშიც გამოიყენება. ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ აშშ-ის არმიამ ირანზე თავდასხმისას Claude გამოიყენა — Anthropic-ის მიერ შექმნილი AI ინსტრუმენტი. The Washington Post-თან წყაროებმა განაცხადეს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, ინსტრუმენტი ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციების დროს გამოეყენებინოთ.

არმიამ, უფრო ზუსტად, ინსტრუმენტი Maven Smart System (იგი Palantir-მა შექმნა) გამოიყენა, რომელშიც Claude არის ინტეგრირებული. როგორც გავიგეთ, სისტემა სატელიტებიდან და სადაზვერვო საშუალებებიდან გასაიდუმლოებულ მონაცემებს იღებს, მათი გამოყენებით კი ანალიტიკურ მონაცემებს აგენერირებს.

ასევე იხილეთ: ომი "მანქანური სისწრაფით": როგორ გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი ირანზე თავდასხმისას

The Washington Post-თან წყაროებმა განაცხადეს, რომ იერიშის დაგეგმვისას AI-ზე მომუშავე სისტემამ არმიას ასობით სამიზნე შესთავაზა. მან მათი ზუსტი კოორდინატებიც გასცა და აღნიშნული სამიზნეები მნიშვნელოვნების მიხედვით დაალაგა. წყაროს მიხედვით, AI თავდასხმის შედეგების შესაფასებლადაც გამოიყენეს.

ცნობისთვის, ირანში დაწყებითი სკოლის დაბომბვის გამო პენტაგონმა გამოძიებაც დაიწყო, რათა დადგინდეს, რა წვლილი მიუძღოდა AI-ს ამ დარტყმის განხორციელებაში.

იხილეთ: რა წვლილი მიუძღვის AI-ს ირანის დაწყებითი სკოლის დაბომბვაში? — გამოძიება დაწყებულია


ზემოთ წარმოდგენილი მაგალითებიდან, ალბათ, უკვე ნათელია, რომ ხელოვნური ინტელექტის სფერო დღითიდღე უფრო სწრაფად ვითარდება (ამის შემაშფოთებელ მასშტაბზე გირჩევთ ეს სტატია წაიკითხოთ), ეს კი ნელ-ნელა თანამედროვე ტექნიკასაც დაეტყო. AI მოდელები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა თუ გაჯეტები ზოგჯერ ჩვენ მაგივრად ფიქრობს და შეიძლება მალე იმოქმედოს კიდეც ასე.

რა თქმა უნდა, არცთუ პრობლემურია ის ფაქტი, რობოტი მტვერსასრუტი რომ ჩვენი სახლის ყოველ კუთხე-კუნჭულს ზედმიწევნით ალაგებს — პირიქით — თუმცა პრობლემურია, რომ AI-ს გამოყენების ფონზე გონებრივი უნარები სუსტდება ანდა კითხვის ნიშნები ჩნდება იმაზე, AI-ზე მინდობის გამო ხომ არ დაბომბეს სკოლა.

ასეა თუ ისე, ვინ იცის, "მოაზროვნე" მაცივრის გარდა, კიდევ რას გვიმზადებს მომავალი — და, ვინ იცის, იქნებ ეს "მომავალი" სულაც ამ სტატიის გამოქვეყნების წუთი იყოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.