გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა
ფოტო: Jane Nisselson/Columbia Engineering
კოლუმბიის უნივერსიტეტის საინჟინრო და გამოყენებითი მეცნიერების სკოლაში მომუშავე სპეციალისტებმა ახალი რობოტი შექმნეს, სახელად EMO. ის იმითაა გამორჩეული, რომ ლაპარაკისთვის დამახასიათებელ პირის სათანადო მოძრაობებს ადამიანებზე დაკვირვებით სწავლობს. კერძოდ, იგი იმიტაციისთვის საჭირო ვიზუალურ ინფორმაციას YouTube-ზე არსებული ვიდეოების ყურების მეშვეობით იღებს.
ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით სისტემა აუდიოსიგნალებს იმგვარად აანალიზებს, რომ მათზე დაყრდნობით პირისა თუ სახის მოძრაობები ზედმიწევნით გაიმეოროს. ამ მეთოდის საშუალებით ის მეტყველების შაბლონებს წინასწარ დაპროგრამების გარეშე ითვისებს.
რობოტს სილიკონის რბილი ტუჩები აქვს, რომელთა მიმდებარედაც 26 მოძრავი კომპონენტია, რაც პირის მოქნილობას განაპირობებს. დასწავლის პროცესი იმით იწყება, რომ EMO საკუთარ თავს სარკეში აკვირდება და სახის სხვადასხვა გამომეტყველებაზე "ვარჯიშობს". შემდეგ იგი საათების განმავლობაში ადამიანთა საუბრის ან სიმღერის ვიდეოებს უყურებს და ყველა დეტალს აანალიზებს. მისთვის დაბრკოლება არც ენის სხვაობაა.
ეს ჰუმანოიდი რობოტების განვითარებაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან, როგორც წესი, მათი პირი მართლაც არაბუნებრივად და "უსიცოცხლოდ" მოძრაობს. EMO უფრო დინამიკურია და ლაპარაკთან სახის გამომეტყველების ადაპტაცია რეალურ დროში შეუძლია, რაც მას ადამიანს უფრო მეტად ამსგავსებს.
EMO-ზე მომუშავე გუნდში აცხადებენ, რომ იგი მეტი მონაცემის მიღების პარალელურად ნელ-ნელა დაიხვეწება. ამისთვის ისევ ადამიანებზე დაკვირვებაა საჭირო, რათა მიმიკების ემოციური ნიუანსებიც კარგად დააფიქსიროს და გაიმეოროს.
"რაც უფრო ხშირად აქვს ადამიანებთან ურთიერთობა, მით უფრო უმჯობესდება. როცა ტუჩების მოძრაობის სინქრონიზაციის უნარი ChatGPT-სა და Gemini-ს მსგავს ხელოვნურ ინტელექტთან ერთიანდება, ადამიანსა და რობოტს შორის კავშირი უფრო ღრმავდება", — აცხადებენ სპეციალისტები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Science Robotics გამოქვეყნდა.
კომენტარები