გასული კვირის განმავლობაში ონლაინსივრცეში უამრავი ადამიანი ალაპარაკდა ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალ ინსტრუმენტზე. ესაა Clawdbot, AI პერსონალური ასისტენტი. Clawdbot-მა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად შეიცვალა სახელი და Moltbot გახდა.

ეს ღია კოდის უფასო კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც AI ასისტენტის ფუნქციას ასრულებს. ხშირად ამ პროგრამას Mac Mini-ზე ამუშავებენ, თუმცა გამოყენება სხვა კომპიუტერებზეც შეიძლება. მომხმარებლები Moltbot-ს სხვადასხვა AI სერვისებთანაც აკავშირებენ, თუნდაც ChatGPT ან Claude ჩატბოტებთან. ასისტენტს წვდომას აძლევენ მეილზე, კალენდარსა და საკომუნიკაციო აპლიკაციებზე.

Moltbot-თან დაკავშირებული სიახლეები ვირუსულად ვრცელდება X-ზე (ყოფილი Twitter); დეველოპერები, სილიკონ ველის AI ენთუზიასტები თუ ფანები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ.

მაშ, რა ინსტრუმენტია Moltbot, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ და რა რისკები არსებობს?

Moltbot — რა ვიცით ამ პერსონალურ ასისტენტზე

Moltbot ღია კოდის AI ასისტენტია, რომელიც მოწყობილობაზე ლოკალურად მუშაობს. იგი პიტერ სტეინბერგერმა, დეველოპერმა და ანტრეპრენიორმა, შექმნა. ხელსაწყოს ზღვის კიბოს ემოჯი განასახიერებს.

Moltbot აგენტია, ანუ ამ ინსტრუმენტს შეუძლია, მომხმარებლის მაგივრად ავტონომიურად შეასრულოს სხვადასხვა მრავალეტაპიანი დავალება. 2025 წელს არაერთი მსგავსი ხელსაწყო მოექცა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, თუმცა ბევრმა მათგანმა მოლოდინები ვერ გაამართლა. გაჩნდა ის მოსაზრებაც, რომ AI აგენტების განვითარების საკითხი ჩიხში შედის.

ამ ეტაპზე ვიცით, რომ Moltbot-ის მომხმარებლები კმაყოფილნი არიან; ამბობენ, რომ ეს ასისტენტი ისეთ მოქმედებებს ასრულებს, რომელთა განხორციელებაც წარსულში გამოშვებულ ასისტენტებს არ შეეძლო.

ამ პერსონალურ ასისტენტს ყველაფერი ახსოვს, რაც კი მომხმარებლებს მისთვის ოდესმე უთქვამთ; შესაძლებელია, რომ ასისტენტს მეილზე, კალენდარსა და დოკუმენტების აპლიკაციაზეც მიეცეს წვდომა. გარდა ამისა, Moltbot-ს პროაქტიურადაც შეუძლია მოქმედება — მეილს არამხოლოდ შეამოწმებს, არამედ მომხმარებელს მაშინვე აცნობებს, როგორც კი მნიშვნელოვანი შეტყობინება მოვა.

როგორ გამოვცადოთ Moltbot და როგორია პოტენციური რისკები

სტეინბერგერმა Moltbot-ის საწყისი კოდი GitHub-ზე ატვირთა. სწორედ აქედანაა შესაძლებელი მისი გადმოწერა, დაინსტალირება და გამოცდა. ასისტენტი Mac-ზე, Windows-სა და Linux მოწყობილობებზე მუშაობს. Moltbot-ის ვებსაიტზეა ხელმისაწვდომი მისი დაყენების ინსტრუქცია და შესაბამისი რეკომენდაციები.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასისტენტის დაყენება ისეთი მარტივი არაა, როგორიც ჩვეულებრივი აპლიკაციის ან პროგრამის. ამისათვის გარკვეული ტექნიკური ცოდნა დაგჭირდებათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასისტენტმა შეიძლება პრობლემები შექმნას უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით, თუ სწორად არ გამოვიყენებთ.

Moltbot სხვა AI აგენტებს შორის იმით გამოირჩევა, რომ მოწყობილობის სისტემაზე სრული წვდომა აქვს. სხვა სიტყვებით, შეუძლია წაიკითხოს ან დაწეროს ფაილები, ბრძანებები აამოქმედოს, სკრიპტები აღასრულოს და ბრაუზერი აკონტროლოს.

სტეინბერგერი გარკვევით ამბობს, რომ Moltbot-ის გამოყენებას თავისი რისკებიც ახლავს.

"AI აგენტის გაშვება, რომელსაც მოწყობილობის პროგრამულ გარსზე აქვს წვდომა... საინტერესოა", — ვკითხულობთ ხშირად დასმული კითხვების ველში — "Clawdbot პროდუქტიცაა და ექსპერიმენტიც: მოწინავე მოდელს ნამდვილ საკომუნიკაციო სისტემებსა და ნამდვილ ინსტრუმენტებში აინტეგრირებთ. არ არსებობს 'სრულიად დაცული' წყობა".

Mashable-ის მიხედვით, საბედნიეროდ, Moltbot-ის უსაფრთხო გამოყენებაზე მთლიანი სახელმძღვანელოა ხელმისაწვდომი GitHub-ზე. ხელმისაწვდომია უსაფრთხოების აუდიტის ხელსაწყოც, რომელიც შეგიძლიათ ასისტენტის დაყენების შემდეგ პერიოდულად აამოქმედოთ, რათა უსაფრთხოება მაქსიმალურად შეინარჩუნოთ.

ერთ-ერთ ქვესექციაში აღნიშნულია, რომ მავნე აქტორებმა შეიძლება "ჩვენი AI-ს მოტყუება სცადონ, რომ ცუდი რაღაცები გააკეთოს" და სოციალური მანიპულაციის გზით ჩვენს მონაცემებზეც მიიღონ წვდომა.

ცხადია, Moltbot-ის დაყენება არც ისე კარგი იდეაა, თუ შესაბამისი ტექნიკური ცოდნა არ გაქვთ — როგორც სწორად დასაყენებლად, ისე უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.