მეცნიერებმა უძველესი ხის იარაღები გამოავლინეს — 430 000 წლის წინანდელი არტეფაქტები
ფოტო: D. Michailidis, © K. Harvati
ახალი კვლევის მიხედვით, საბერძნეთში აღმოჩენილი ხის იარაღები 430 000 წლის წინანდელია, რაც მათ უძველეს ასეთ არტეფაქტებად აქცევს. ამ ორ საგანს პელოპონესის რეგიონში მდებარე არქეოლოგიურ ზონაში (Marathousa 1) მიაგნეს.
აღნიშნულ არეალში 400 000 წელზე მეტი ხნის წინ ტბა იყო, რომლის ნაპირზეც მონადირებული სპილოებსა და სხვა ცხოველების ხორცს ამუშავებდნენ. მაშინ ჩვენი სახეობა (ჰომო საპიენსი) ჯერ განვითარებული არ იყო, თუმცა მონათესავე ჰომინინები შუა პლეისტოცენის ეპოქაში (774 000-129 000 წლის წინ) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე იყვნენ გავრცელებულნი.
ევოლუციურად ეს პერიოდი მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა ისეთი რთული ქცევები, როგორიც მცენარეთა ტექნოლოგიური მიზნით გამოყენებაა. ზემოხსენებულ ზონაში ქვისა და ძვლისგან დამზადებული იარაღებიც აღმოაჩინეს, თუმცა, მათგან განსხვავებით, ხის არტეფაქტებს ხანგრძლივად გადასარჩენად სათანადო პირობები სჭირდება.
მეცნიერები ხის არტეფაქტების ზედაპირს მიკროსკოპით დეტალურად დააკვირდნენ და ორ მათგანზე ხელოვნურად გამოთლის კვალს მიაგნეს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ადრეულმა ადამიანებმა დაამზადეს. ერთ-ერთი ასეთი საგანი, რომელიც ასევე ჰომინინის შექმნილად მიიჩნეოდა, დათვის ან სხვა დიდი ცხოველის მიერ დაზიანებული აღმოჩნდა.
ერთ-ერთი ხის იარაღი თხმელისგანაა დამზადებული და ოთხი ფრაგმენტის სახითაა მოღწეული (იხილეთ მთავარი ფოტო). ისინი ადრე ერთ ობიექტს ქმნიდა და დაახლოებით 81 სანტიმეტრ სიგრძეს აღწევდა. ვარაუდობენ, რომ მას ტბის პირზე ტალახის ამოსაჩიჩქნად ან ტოტებიდან მერქნის მოსაშორებლად იყენებდნენ. ეს არტეფაქტი ისეა გამოთლილი, რომ მისთვის ფუნქციის შესრულებაში ზედმეტ ნაწილებს ხელი არ შეეშალა.
მეორე იარაღი უფრო მომცრო ზომისაა და იგი ტირიფისგან ან ვერხვისგან უნდა მიეღოთ. მისი სიგრძე მხოლოდ 5.7 სანტიმეტრია, ხოლო დანიშნულება შედარებით ძნელად დასადგენია. ამის მიუხედავად, იგი ზედმეტადაა დამუშავებული იმისთვის, რომ შემთხვევით დაზიანებულად მივიჩნიოთ. დიდი ალბათობით, ეს ნაკაწრები მერქნის ხელოვნურად მოშორების შედეგად დარჩა და თხუნელას "ნამოქმედარი" არ უნდა იყოს.
ადრეული ხის იარაღები დიდ ბრიტანეთში, ზამბიაში, გერმანიასა და ჩინეთშიცაა მიკვლეული, მაგრამ ისინი ასეთი ძველი არაა. ხის გამოყენების ერთადერთი უფრო ძველი კვალი ზამბიაში მდებარე დამცავი სტრუქტურის შემადგენელი მორებია. ისინი ამ ორ არტეფაქტამდე დაახლოებით 46 000 წლით ადრე შექმნეს.
ახალი მიგნება ადასტურებს, რომ Marathousa 1-ის მიმდებარედ არქეოლოგიური მნიშვნელობის საგნების შემოსანახად განსაკუთრებულად ხელშემწყობი პირობებია. სპილოს ნაშთებთან ახლოს ცხოველთა კვალი კი იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი ადამიანებს კონკურენციას უწევდნენ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academies of Science გამოქვეყნდა.


კომენტარები