ჰავაიში მდებარე მიძინებულ ვულკან მაუნა-კეაზე იაპონიის კუთვნილი ტელესკოპი "სუბარუა" განლაგებული. მან ახალი პროგრამის ფარგლებში პირველი კოსმოსური ობიექტები აღმოაჩინა: მასიური ეგზოპლანეტა და ყავისფერი ჯუჯა, რომელსაც შეუმდგარ ვარსკვლავსაც უწოდებენ.

პროექტს OASIS ეწოდება; ის მხოლოდ ამ ობსერვატორიის მიერ შეგროვებულ მონაცემებს არ ეყრდნობა, არამედ სხვა ტელესკოპებსაც იყენებს. ასეთია "ჰიპარქე" და"გაია", რომლებიც ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისიებია. მათი მეშვეობით იმ ობიექტების გამოვლენას ცდილობენ, რომლებიც ვარსკვლავებზე გრავიტაციულად ზემოქმედებს, მაგრამ მათი სიკაშკაშის ფონზე არ ჩანს.

რაც შეეხება ახალ აღმოჩენებს, ერთ-ერთია ეგზოპლანეტა, რომელსაც HIP 54515 b ეწოდება. ის ჩვენგან 271 სინათლის წლითაა დაშორებული და ლომის თანავარსკვლავედში მდებარე მნათობის გარშემო მოძრაობს.

ფოტო: T. Currie/Subaru Telescope, UTSA

HIP 54515 b ჩვენი სისტემის უდიდეს პლანეტა იუპიტერზე თითქმის 18-ჯერ მასიურია. იგი საკუთარი ვარსკვლავის ირგვლივ დაახლოებით იმ დისტანციაზე გადაადგილდება, როგორზეც ნეპტუნი — მზის გარშემო.

მეორე ობიექტი HIP 71618 B-ის სახელით ცნობილი ყავისფერი ჯუჯაა. მისგან 169 სინათლის წელი გვაშორებს და ის მენახირის თანავარსკვლავედში მდებარეობს.

ფოტო: T. Currie/Subaru Telescope, UTSA

ყავისფერი ჯუჯები ჩვეულებრივ ეგზოპლანეტებზე მასიურია, მაგრამ მნათობებს ჩამოუვარდება. სწორედ ამიტომ მოიხსენიებენ მათ შეუმდგარ ვარსკვლავებად — სულ ცოტა მასა დააკლდათ იმისთვის, რომ მათ ცენტრში მზის მსგავსად სათანადო ბირთვული რეაქციები დაწყებულიყო.

HIP 71618 B-ის აღმოჩენა ასტრონომებისთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა, რადგან ის NASA-ს ნენსი გრეის რომანის სახელობის ტელესკოპის გამოსაცდელად იდეალური კანდიდატია. მას კოსმოსში 2026 ან 2027 წელს გაუშვებენ და დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტებს კორონოგრაფიული სისტემების დახმარებით დააკვირდებიან. საქმე ისაა, რომ ასეთი ციური სხეულები თავიანთ ვარსკვლავებზე ბევრად მკრთალია, ამიტომ სინათლის წყაროს დასაბლოკად ძლიერი კორონოგრაფია საჭირო.

ორი ახალი ნაშრომი The Astronomical Journal-სა და The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.