კანადაში გადაღებული საოცარი კადრები, შესაძლოა, ველური მგლების მიერ საგნის გამოყენების პირველ შემთხვევას აღბეჭდავდეს. ჩანაწერებში ჩანს, როგორ წევენ თოკს მგლები, რათა შედეგად სასურველი საკვები მიიღონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქცევა აშკარად აჩვენებს დახვეწილ კოგნიტიურ უნარებს, მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, შესაძლებელია თუ არა ამას სრული მნიშვნელობით საგნების გამოყენება ვუწოდოთ.

ეს ქცევა პირველად 2023 წელს დაფიქსირდა, როდესაც ადგილობრივებმა მწვანე კიბორჩხალების შეჭრის კონტროლის მიზნით სანაპიროზე ხაფანგები განათავსეს. ხაფანგებში თევზის ხორცი იყო, თუმცა მალე გამოჩნდა, რომ ხორცს უცნობი ცხოველები იტაცებდნენ.

იმის გამო, რომ ხაფანგის დიდი ნაწილი მთლიანად ღრმა წყალში იყო ჩაფლული, თავდაპირველად ყველაზე სავარაუდო ეჭვმიტანილებად წყლის ცხოველები მიიჩნიეს. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც 2024 წლის მაისს კამერებით აღჭურვილი ხაფანგები დაიდგა. სწორედ ასე გამოვლინდა ნამდვილი "დამნაშავე".

29 მაისს კამერებმა მდედრი მგელი დააფიქსირა, რომელიც ცურვით მივიდა ბუიმდე (წყლის ზედაპირზე მცურავი მსხვილი სასიგნალო ტივტივა), რომელიც ხაფანგს უკავშირდებოდა. შემდეგ მგელმა თოკის გამოყენებით ხაფანგი ნაპირზე აიტანა და მისი შიგთავსი სწრაფად შესანსლა.

"მგელმა ბუისა და წყალში დამალულ სატყუარას შორის მრავალსაფეხურიანი კავშირი გაიაზრა. როგორც ჩანს, მგელი მიხვდა, რომ ბუი თოკთან იყო დაკავშირებული, ხოლო თოკი — საკვებთან", — აღნიშნეს მკვლევრებმა.

2025 წლის 15 თებერვალს გადაღებულ მეორე ვიდეოში ჩანს მგელი, რომელიც ნახევრად ჩაძირული ხაფანგის თოკს ქაჩავს. ავტორების თქმით, ეს ქცევა, სავარაუდოდ, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე უთითებს და შეიძლება აღიწეროს როგორც მიზანმიმართული. ჯერ კიდევ სადაოა, აკმაყოფილებს თუ არა ეს მოქმედება ინსტრუმენტის გამოყენების ფენომენს.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა უნდა აღინიშნოს როგორც განსაკუთრებული, და შესაძლოა, ეს ქცევა საბოლოო ჯამში იარაღის გამოყენებად მიიჩნეოდეს.

გაურკვეველია, როგორ შეიძინეს ცხოველებმა ეს შთამბეჭდავი უნარი, თუმცა კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მგლებმა კიბორჩხალების ხაფანგების გამოყენება ადამიანებზე დაკვირვებით ისწავლეს. მეორე მხრივ, შესაძლოა, ისინი სატყუარას სუნით გრძნობდნენ.

კვლევა ჟურნალ Ecology and Evolution-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.