ChatGPT-ს გამოყენება ჩვენს შესაძლებლობებზე ზედმეტ წარმოდგენას გვიქმნის — კვლევა
ფოტო: Matti Ahlgren / Aalto University
ადამიანებს ერთი რამ გვახასიათებს — კონკრეტულ საქმეში საკუთარი შესაძლებლობების შეფასებისას, როგორც წესი, ჩვენი ვარაუდი არასწორია. ეს განსაკუთრებით იმ პირებს ეხებათ, რომლებიც შედარებით არაკომპეტენტურები არიან.
ამ ფსიქოლოგიურ ფენომენს დანინგ-კრუგერის ეფექტი ეწოდება და შეესაბამება ტენდენციას, რა დროსაც რეალური უნარების მქონე ადამიანები თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი არ არიან, ნაკლებად ნიჭიერები კი გადამეტებული წარმოდგენით გამოირჩევიან. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ChatGPT-ს მსგავსი დიდი ენობრივი მოდელების გამოყენება ამ ეფექტს საგრძნობლად ცვლის.
ავტორებმა 500 ადამიანს ლოგიკური ამოცანების ამოხსნა დაავალეს, მათ ნახევარს კი ChatGPT-ს გამოყენების უფლება მისცეს. შემდეგ კითხვარები შეავსებინეს იმის გასაგებად, თუ რამდენად ადეკვატურად აფასებდნენ ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზაზე შექმნილი ჩატბოტების მომხმარებლები ამ სისტემების პასუხებისა და მათი დახმარებით შესრულებული სამუშაოს ხარისხს. სწორი ვარაუდის შემთხვევაში მათ დამატებით კომპენსაციას შეჰპირდნენ.
სპეციალისტები ელოდნენ, რომ მონაწილეები ამას თავს კარგად გაართვამდნენ, მაგრამ საპირისპირო შედეგები მიიღეს. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ჩატბოტის პასუხებს ზედმეტად ენდობოდნენ, მითუფრო ყველაზე გამოცდილი მომხმარებლები. ისინი ერთი პასუხითაც კმაყოფილდებოდნენ და სისწორეში დასარწმუნებლად მას არ ეძიებოდნენ, რასაც კოგნიტიური განტვირთვა ეწოდება (მენტალური ძალისხმევის დაზოგვა).
მეორე მხრივ, მათი თვითშეფასება გადამეტებული იყო, რაც ორივე კატეგორიაში ფიქსირდებოდა: რეალური უნარების მქონეებშიც და შედარებით არაკომპეტენტურებშიც. ეს ნიშნავს, რომ დასკვნა კრიტიკული აზროვნების ჩვეული პროცესის (მეტაგოგნიცია) გვერდის ავლით გამოჰქონდათ, რაც არაადეკვატურ თვითშეფასებას განაპირობებდა.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ რაც უფრო ფართოდ გამოიყენება მსგავსი ჩატბოტები, მით უფრო იზრდება მეტაკოგნიციის შესუსტების რისკი. ასევე, პასუხების გადამოწმების გარეშე ჩვენი ღრმა დაკვირვებების ხარისხიც იკლებს და, შესაძლოა, ამან უნარებზეც იქონიოს გავლენა. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ ამგვარი "შებრუნებული" დანინგ-კრუგერის ეფექტი უფრო მეტად გამოცდილ მომხმარებლებში შეინიშნება.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ სიტუაციის გამოსწორებაში AI სისტემების ცვლილებაც შეიძლება დაგვეხმაროს. მაგალითად, კარგი იქნება, თუ ინფორმაციის დასაზუსტებლად ადამიანებს თავად ჩატბოტები წაახალისებს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Computers in Human Behavior გამოქვეყნდა.

კომენტარები