ხელოვნური ინტელექტის 10 კომპანია, რომელთა აქციებითაც უნდა დაინტერესდე
ფოტო: Unsplash
ბოლო სამი წელია, რაც Nasdaq Composite ინდექსი სტაბილურად იზრდება, რასაც ანალიტიკოსები ეგრეთ წოდებულ ხარის ბაზრად (Bull Market) აფასებენ. მათივე თქმით, ბაზრის აღმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი ხელოვნური ინტელექტის განვითარებას აქვს შეტანილი.
როგორც ცნობილია, ბოლო 50 წლის განმავლობაში ხუთი ისეთი "ხარის ბაზარი" იყო, როდესაც უწყვეტმა ხანგრძლივობამ 3 წელს გადააჭარბა. ასეთ შემთხვევებში, ბაზარი ზრდის ტენდენციას საშუალოდ რვა წლის განმავლობაში ინარჩუნებდა, თუმცა მათ შორის ყველაზე მოკლევადიანი პერიოდის მქონე ხუთ წელში დასრულდა.
ბირჟაზე Bull Market-ის დროს აქციების ფასები იზრდება და ბაზარს აღმავალი ტენდენციები ახასიათებს. Bear Market კი ისეთ ბაზარს აღნიშნავს, სადაც აქციების უმეტესობის ფასი მცირდება.
არსებულ სიტუაციაში ანგარიშგასაწევია ტექნოლოგიური სექტორის კომპანიების შედეგები, რომელთა მთავარი აქცენტი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე კეთდება. ამ სტატიაში სწორედ ასეთი კომპანიების შესახებ გიყვებით.
ჩიპებისა და ნახევარგამტარების მწარმოებლები
AI-ის ზრდა, უმთავრესად, უახლესი ტექნოლოგიების წყალობით გახდა შესაძლებელი, რომლებსაც მონაცემების დამუშავება და რთული ალგორითმების ამოხსნა სწრაფად შეუძლიათ. პირველი, ვინც ეს შესაძლებლობა სრულად გამოიყენა, Nvidia იყო, რომელმაც საკუთარი პროცესორები (GPU) მონაცემთა ცენტრებისთვის ოქროს სტანდარტად აქცია. მისი AI სტრატეგია წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, რის შედეგადაც დღეს ბაზრის 92%-ს ფლობს, მუდმივად აახლებს საკუთარ პროდუქტებს და საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით კომპანიების სათავეში დგას.
აღსანიშნავია, რომ Nvidia-ს ჩიპები დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარენ, რაც კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ გამოწვევას კომპანია Broadcom-მა უპასუხა და შექმნა კონკრეტული დანიშნულების ინტეგრირებული სქემების (ASIC) დიზაინი სპეციალურად ხელოვნური ინტელექტის მოდელების ტრენინგისთვის, რაც GPU-ს შედარებით ხელმისაწვდომ ალტერნატივად განიხილება. მის მთავარ უპირატესობად კი ენერგოეფექტურობა დაასახელა.
კიდევ ერთი ჩიპების მწარმოებელი კომპანია, რომელსაც ბაზარზე შეხვდებით Arm Holdings-ია. მას Broadcom-სა და Nvidia-ს მსგავსად ფართო ცნობადობა არ აქვს, თუმცა გამოირჩევა თანამედროვე პროცესორების ძირითადი არქიტექტურის შექმნით. ის საკუთარი CPU ბირთვების ლიცენზიებს სექტორის ყველაზე მსხვილ მოთამაშეებს აძლევს — მათ შორის Nvidia-საც. კომპანიაში ამბობენ, რომ 2021 წლის შემდეგ მათი მომხმარებლების რაოდენობა 14-ჯერ გაიზარდა და 70,000-ს მიაღწია.
AI რევოლუციისთვის მაღალი ხარისხის ნახევარგამტარებია საჭირო — Taiwan Semiconductor Manufacturing (TSMC) სწორედ ის მწარმოებელია, რომელსაც AI-ის წამყვანი კომპანიები იყენებენ. მათ შორის არიან: Nvidia, Arm და Broadcom. TSMC მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პროცესს არის შეჭიდებული, რაც სექტორის სხვა კომპანიებთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს. მესამე კვარტალში მისი შემოსავლები 30%-ით არის გაზრდილი.
ტექნოლოგიური გიგანტები
როგორც ცნობილია, მასშტაბური ენობრივი მოდელების (LLM) შექმნა ძალიან დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამისთვის საჭირო მონაცემი მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს. სწორედ ამის გამო ფლობენ უმსხვილესი ღრუბლოვანი პლატფორმები AI-ის მიმართულებით უდიდეს უპირატესობას: Amazon Web Services (AWS), Microsoft Azure, Google Cloud და Oracle Cloud Infrastructure (OCI). მათ აქვთ როგორც AI მოდელების შესაქმნელად აუცილებელი რესურსები, ასევე უზარმაზარი მომხმარებელთა ბაზა, რომელიც მათი AI გადაწყვეტილებების ბუნებრივ სამიზნე ბაზარს ქმნის. ამას ემატება ის ფაქტი, რომ თითოეული კომპანია AI-ს იყენებს საკუთარი ოპერაციების გასაუმჯობესებლად და ხარჯების შესამცირებლად. გარდა ამისა, ეს კომპანიები შემოსავლებს იღებენ ძირითადი მიმართულებებიდანაც.
გარდა ღრუბლოვანი პროვაიდერებისა, ტექ-გიგანტების ჯგუფს მივაკუთვნებთ სოციალური მედიის პლატფორმა Meta Platforms-საც. მისი პლატფორმები დღეში 3,5 მილიარდ ვიზიტორს მასპინძლობენ, რაც კომპანიას საკუთარი LLM ბაზის შექმნის საშუალებას აძლევს.
ბოლო კვარტალში:
• Amazon-ის შემოსავალი გაიზარდა 13%-ით, EPS (შემოსავალი ერთ აქციაზე) — 36%-ით;
• Microsoft-ის შემოსავალი — 18%-ით, EPS — 23%-ით;
• Alphabet — 16%-ით, EPS — 35%-ით;
• Oracle — 12%-ით, EPS — 6%-ით;
• Meta — 26%-ით, EPS — 20%-ით.
კიდევ ერთი კომპანია, რომელზე დაკვირვებასაც ანალიტიკოსები ინვესტორებს ურჩევენ, Palantir Technologies-ია. ეს ამერიკული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზდება მონაცემების ანალიზსა და ხელოვნურ ინტელექტში (AI). კომპანია ქმნის პლატფორმებს, რომლებიც მომხმარებლებს დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებასა და რეალურ დროში სასარგებლო ინფორმაციაზე წვდომას საშუალებას აძლევს. კომპანიის მომხმარებლები არიან როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
სხვადასხვა შეფასებით, გენერაციული AI-ის დანერგვამ 2030 წლისთვის მსოფლიოს ეკონომიკას დამატებით 15,7 ტრილიონი დოლარი უნდა შემატოს, რაც უზარმაზარ შემოსავლებს მოუტანს იმ კომპანიებს, რომლებიც ტექნოლოგიური განვითარების წინა ხაზზე დგანან. თუ ინვესტორი ხარ, ან აქციებით ვაჭრობის დაწყებას გეგმავ, ამ სექტორს ყურადღება ნამდვილად უნდა დაუთმო.
აქვე გეტყვით, რომ ამ და სხვა კომპანიების აქციების შეძენა მარტივად, თიბისის მობაილბანკშია შესაძლებელი. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებითი კვლევა ჩაატარე.
ამასთან, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები — ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე და ერთად განვიხილოთ საინვესტიციო სიახლეები და მიმდინარე ამბები.
კომენტარები