არამიწიერი ცივილიზაციების ძებნის (SETI) სფერო სწრაფად ვითარდება. სწორედ ამიტომ, ასტრონავტიკის საერთაშორისო აკადემიამ (IAA) პროტოკოლი განაახლა, რომელიც განმარტავს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ უცხოპლანეტელების აღმოჩენის შემთხვევაში. ნაშრომი ჯერჯერობით არარეცენზირებულია. შეგიძლიათ მას პრეპრინტების სერვერ arXiv-ზე გაეცნოთ.

IAA-მ "პრინციპების დეკლარაცია" 1989 წელს შექმნა. აღნიშნული პროტოკოლი აქამდეც შეუცვლიათ, თუმცა ამდენად მნიშვნელოვანი ცვლილებები მასში ბოლო 36 წელია არ შეუტანიათ. ამის მიზეზი ისაა, რომ განახლებულ ვერსიაში თანამედროვე სამყაროში არსებული რთული და სენსიტიური თემებია მიმოხილული, განსაკუთრებით სოციალური მედიის კონტექსტში. ყველაფერთან ერთად, ისიც მნიშვნელოვანია, რომ არამიწიერი ცივილიზაციების აღმომჩენი მეცნიერები ონლაინ შევიწროებისგან (ან რამე უარესისგან) დაცულები იყვნენ.

ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იმას ეხება, საერთოდ უნდა გავცეთ თუ არა პასუხი პირდაპირ გზავნილს. წინა ვერსიების თანახმად, ამ შეკითხვაზე პასუხი დადებითი უნდა ყოფილიყო, თუმცა, თავისთავად, რამდენიმე შეზღუდვით. ახალი პროტოკოლის თანახმად, მეცნიერებმა ასეთ გზავნილს პასუხი არ უნდა გასცენ მანამ, სანამ საკითხს გაერო არ განიხილავს.

აქვე უნდა განვმარტოთ, რომ ეს საკითხი მხოლოდ შემოსულ გზავნილზე პასუხის გაცემას ეხება და არა იმ შემთხვევებს, როცა პირველები ჩვენ გავგზავნით სიგნალებს ვარსკვლავთა ახლომდებარე სისტემებში. ეს საკითხი კიდევ უფრო საკამათოა და ჯერჯერობით არცერთ ფორმალურ პროტოკოლში არაა განხილული.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალი SETI პროტოკოლი უბრალოდ თეორიულად საუკეთესო პრაქტიკებია და არა მკაცრი წესები. იგი სიგნალების ან შეგროვებული მონაცემების შემოწმების მეთოდებსაც მოიცავს. ასევე, პროტოკოლში განხილულია, თუ როგორ და სად უნდა შევინახოთ მონაცემები. ეს ორ სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილზე უნდა გავაკეთოთ, თანაც ისე, რომ მეტი დაინტერესებული მხარისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

პროტოკოლის თანახმად, თუ სიგნალი ელექტრომაგნიტური აღმოჩნდება (SETI-ც სწორედ ამ დაშვებით დაიწყო), საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირს (ITU) იმ სიხშირული ზოლის გათავისუფლება უნდა მოსთხოვონ, რომელზეც ეს სიგნალი აღმოაჩინეს. ამ გზით ადამიანების მიერ შექმნილი ინტერფერენცია შემცირდებოდა.

თუ ახალი პროტოკოლი სიდნეიში ხმათა უმრავლესობას მიიღებს, მხოლოდ IAA-ს საბჭოსგან დამტკიცება დარჩება, რათა იგი ძალაში შევიდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.