ჩერნობილის ტერიტორიაზე ლურჯი ბეწვის მქონე ძაღლები შენიშნეს. ამ ადგილზე მომხდარი კატასტროფის გამო ბევრი იფიქრებს, რომ ცხოველთა ბალნის ფერის ცვლილება რადიაციით გამოწვეულ მუტაციებს უკავშირდება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

პროგრამის Dogs of Chernobyl მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ 2025 წლის 6 ოქტომბერს ლურჯი ძაღლები ჩერნობილში მართლაც დააფიქსირეს. გუნდმა მათი დაჭერა რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ.

"როგორც ჩანს, ძაღლები იმ ნივთიერებაში გორავდნენ, რომელიც მათ ბეწვში დაგროვდა. ვეჭვობთ, რომ იგი ახლომდებარე ძველი პორტატიული ტუალეტიდანაა, თუმცა ჩვენს ვარაუდს ვერ ვადასტურებთ", — განმარტა პროფესორმა ჯენიფერ ბეტსმა IFLScience-თან საუბრისას.

კიდევ ერთი შეფერილი ძაღლი ჩერნობილიდან.

ფოტო: Clean Futures Fund

მკვლევრები ასევე აცხადებენ, რომ არ არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულება, რომელიც ძაღლების ბეწვის უჩვეულო შეფერილობას რადიაციას უკავშირებს.

ბეტსი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ძაღლები ჯანსაღად გამოიყურებიან ისევე, როგორც სხვა ძაღლების უმრავლესობა ჩერნობილში. თუ ისინი ბეწვიდან ნივთიერების დიდ ნაწილს არ ალოკავენ, შეგვეძლება ვივარაუდოთ, რომ მათ ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ შეექმნება.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უცნაურად "შეღებილი" ძაღლი დაფიქსირდა. 2021 წელს ძერჟინსკის (რუსეთი) მაცხოვრებლებმა მიტოვებულ ქიმიურ ქარხანასთან კაშკაშა ცისფერი ძაღლების ხროვა შენიშნეს. ამ შემთხვევის სავარაუდო ახსნა ისაა, რომ ისინი სპილენძის სულფატში გორავდნენ. ამ ქიმიურ ნივთიერებას კი მრეწველობაში აქტიურად იყენებენ.

1986 წელს მომხდარი ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ევაკუაცია 120 000 ადამიანს მოუწია. ბევრმა მათგანმა შინაური ცხოველების წაყვანა ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ გვხვდებიან ისინი ჩერნობილში.

2017 წლიდან Clean Futures Fund-ის არაკომერციული წამოწყების Dogs of Chernobyl ფარგლებში, რომელსაც პროფესორი ბეტსი უძღვება, სტერილიზაცია 1000-ზე მეტ კატასა და ძაღლს ჩაუტარდა. გუნდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლურჯი შეფერილობა მათ მიერ ჩატარებული მარკირების პროცედურების ბრალი არაა, რადგან ამ დროს გამოყენებული ნივთიერებები მალევე ირეცხება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.