მსოფლიოში ყველაზე მაღალი "ჩანჩქერი" წყალქვეშაა — სად მდებარეობს ის და რამხელაა
ფოტო: Shutterstock.com
ხმელეთზე ყველაზე მაღალი ჩანჩქერი ვენესუელაში მდებარე ანხელია, რომელიც 979-მეტრიანია. ამის მიუხედავად, არსებობს კიდევ ერთი ადგილი, სადაც ნაკადი უფრო დიდი სიმაღლიდან ეშვება — ის წყალქვეშაა.
ეს არატიპური ჩანჩქერია, რომელსაც დანიის სრუტის გადმონადენი ეწოდება. იგი 3.5 კილომეტრი სიმაღლისაა, სიგანე კი 160 კილომეტრს შეადგენს. წყალი გრენლანდიის ზღვიდან ირმინგერის ზღვაში ჩაედინება, რა დროსაც მისი მოცულობა წამში დაახლოებით 5 მილიონი კუბური მეტრია.
ეს გადმონადენი, როგორც მას ოკეანოგრაფები უწოდებენ, გრენლანდიასა და ისლანდიას შორისაა. ის ოკეანის ზედაპირის ქვეშაა განლაგებული და მეცნიერებმა 1989 წელს აღმოაჩინეს.
საინტერესოა, მაინც როგორ შეიძლება, რომ წყალი ჩანჩქერის სახით წყალქვეშავე ჩაედინებოდეს?
ამაში დიდ როლს ტემპერატურა ასრულებს. საქმე ისაა, რომ ცივი წყალი უფრო მკვრივია, ვიდრე თბილი. შესაბამისად, როცა გრენლანდიის ზღვის ცივი ნაკადი შედარებით თბილ ირმინგერის ზღვას ხვდება, ის უფრო ქვემოთ "იძირება".
ამის შედეგად ცივი და მკვრივი წყალი დაბლა, ფსკერისკენ, კოლოსალურად ეშვება და უზარმაზარ ჩანჩქერისმაგვარ სტრუქტურას ქმნის. ამის მიუხედავად, გლობალური კლიმატის ცვლილება დანიის სრუტის გადმონადენზეც აისახება, რადგან ოკეანეები თბება. ამის გამო მტკნარი წყლების მოზღვავება ფიქსირდება, ზღვის ყინულის ფორმირება-შენარჩუნებას კი ხელი ეშლება. საბოლოოდ, წყალქვეშ ჩამდინარე ცივი ნაკადები მცირდება.
ეს პროცესები ყველაზე მკაფიო კატალონიის სანაპიროზეა. იქ მდებარე ლიონის ყურესა და სანაპიროს ჩრდილოეთით ზამთარში ტრამონტანის სახელით ცნობილი ცივი ქარები გაიშვიათებულია. შედეგად ზემოხსენებული ოკეანური პროცესები სუსტდება, რაც კლიმატის რეგულირებას ართულებს და ღრმაწყლოვან ეკოსისტემებზეც უარყოფითად ზემოქმედებს.
ასეა თუ ისე, მსოფლიოს უმაღლესი "ჩანჩქერი" წყალქვეშ მაინც ნარჩუნდება. ის დაახლოებით ასე გამოიყურება:

კომენტარები