სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებსა და სერიალებში ხშირადაა წარმოდგენილი ისეთი პლანეტა, რომელიც ვარსკვლავთა ბინარულ სისტემაშია. ამის მიუხედავად, რეალობაში, ერთმანეთთან ახლოს არსებული მნათობების ირგვლივ ასეთი ობიექტის სტაბილურად არსებობა თითქმის შეუძლებელია.

ასტრონომებმა ახლა ერთ-ერთი გამონაკლისი სისტემა აღმოაჩინეს, რომელსაც TOI-2267 ეწოდება. ის ორ ცივ და პატარა ვარსკვლავს აერთიანებს, მათ მიმდებარედ კი არა ერთი, არამედ სამი ეგზოპლანეტაა — ორი უკვე დადასტურებულია, ხოლო მესამის ავთენტურობის ძლიერი მტკიცებულებები მოგვეპოვება.

მნათობებს ერთმანეთისგან 1.2 მილიარდი კილომეტრი აშორებს. ერთი შეხედვით, ეს დიდი მანძილია, მაგრამ სატურნსა და მზეს შორის დისტანციაზე ნაკლებია. მეცნიერთა ანალიზის მიხედვით, ორი პლანეტა ერთი ვარსკვლავის გარშემო გადაადგილდება, მესამე კი მისი კომპანიონის ირგვლივ მოძრაობს.

კადრი Star Wars-იდან, სადაც ფიზციურ პლანეტა ტატუინის ცაზე ორი "მზე" ანათებს.

ფოტო: Disney

ეს TOI-2267-ს ჩვენთვის ცნობილ პირველ ბინარულ სისტემად აქცევს, რომელში შემავალ თითოეულ მნათობსაც ეგზოპლანეტა უვლის გარს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამივე ობიექტი დედამიწის მსგავსი ზომისაა. გარდა ამისა, თავად ვარსკვლავები პლანეტების შემცველ ასეთ სისტემებს შორის ყველაზე მჭიდრო და ცივია.

ფაქტობრივად, TOI-2267-მა ერთდროულად რამდენიმე რეკორდი დაამყარა.

მსგავსი სისტემების შესწავლა საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენგან განსხვავებული კოსმოსური კონფიგურაციების შესახებ მეტი შევიტყოთ. ეს პლანეტების ფორმირების მოდელების დახვეწასა და მათი მრავალგვარობის გამოკვლევაში გვეხმარება.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.