ინსტაგრამზე ვიდეო გავრცელდა, რომელშიც უჩვეულო კადრებია აღბეჭდილი — ყოველ შემთხვევაში, ფლორიდისთვის მაინც. ვიდეოს ავტორი სილვერ სპრინგსში (ტურისტული ადგილი ცენტრალურ ფლორიდაში) ნავით მიცურავდა, როდესაც ციდან უცებ "მაიმუნების წვიმა" წამოვიდა.

შეიძლება ახლა ფიქრობთ, რომ ფლორიდაში მაიმუნები არ გვხვდება. გვინდა გითხრათ, რომ ნაწილობრივ მართალი ხართ. მაშ, რით აიხსნება ეს მოვლენა?

ისტორია 1930-იან წლებიდან იწყება. კაცი, სახელად კოლონელ ტუი, ბიზნესს უძღვებოდა: მას ტურისტები შუშისძირიანი საკრუიზო ნავებით დაჰყავდა, რათა მათ იქაური ველური ბუნება დაეთვალიერებინათ. საქმე ისაა, რომ ფლორიდელი კაცისთვის ეს საკმარისად ეგზოტიკური და ველური არ აღმოჩნდა. ამიტომ მან გადაწყვიტა, კუნძულზე მაიმუნები გაეშვა.

ასე აღმოჩნდა ფლორიდაში 12 რეზუსი (მაკაკის ნაირსახეობა). როგორც წესი, ეს მაიმუნები სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. საინტერესოა, რომ მაკაკები სხვა პრიმატებთან შედარებით (გარდა ადამიანებისა) გარემოსთან გაცილებით ადაპტირებადნი არიან.

1980-იანი წლებისთვის ფლორიდის მთავრობა მაიმუნების გავრცელებამ შეაშფოთა. სიტუაციის უკეთ სამართავად 1984-იდან 2012 წლამდე მათ კუნძულს 1000 რეზუსი მოაშორეს. 2015 წლის გამოთვლების მიხედვით, სილვერ სპრინგსში 176 მაკაკა გვხვდება, პროგნოზის მიხედვით კი ეს რიცხვი 2022 წლისთვის უნდა გაორმაგებულიყო.

ყოველ შემოდგომაზე, ტემპერატურის დაცემისთანავე, ფლორიდელები "იგუანას წვიმისთვის" ემზადებიან. ამ უჩვეულო ფენომენს მეტეოროლოგიასთან კავშირი არ აქვს — იგი ხეებიდან ქვეწარმავლების ცვენას აღნიშნავს.

საქმე ისაა, რომ ზოგ ცხოველს მზის სითბო განსაკუთრებით სჭირდება, ამიტომ ტემპერატურის შემცირება მათზე ცუდად აისახება: ისინი მკვდრებს ემსგავსებიან. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ფლორიდელმა "მომაკვდავი" იგუანას ვეტერინართან წაყვანა სცადა, თბილ მანქანაში მოხვედრისას კი ქვეწარმავალმა გაიღვიძა.

დაახლოებით იგივე ხდება მაიმუნების შემთხვევაშიც: ზოგჯერ ახალგაზრდა რეზუსები უბრალოდ ხეებიდან ცვივიან, რადგან მათთვის უჩვეულო ჰაბიტატში ცხოვრება უჭირთ, განსაკუთრებით თუ ფლორიდის ქარიშხლიან ამინდებს გავითვალისწინებთ. სავარაუდოდ, ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეოში მაიმუნები წყალში უბრალოდ გასაგრილებლად და სათამაშოდ ჩახტნენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.