ChatGPT-ს შემქმნელი კომპანია OpenAI ახალ მიდგომას ნერგავს — "მოექეცი ზრდასრულებს ისე, როგორც ზრდასრულებს". ამ პრინციპით ჩატბოტში უფრო მრავალფეროვანი შიგთავსი იქნება ნებადართული, მათ შორის ეროტიკაც.

14 ოქტომბერს სემ ალტმანმა, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, X-ზე დაწერა, რომ ChatGPT-ს მომავალი ვერსიები უფრო ადამიანურად მოიქცევა. მისი თქმით, ეს "მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვენდომება, და არა იმიტომ, რომ ჩართულობის გაზრდა სურთ".

ამ ნაბიჯის შედეგად, შესაძლოა, ChatGPT-ს ფასიანი ვერსია მეტმა ადამიანმა შეიძინოს. მოსალოდნელია ისიც, რომ კანონმდებლებს ჩატბოტებზე უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება დასჭირდებათ. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ილონ მასკის ჩატბოტს, Grok-ს, ორი 18+ ბოტი დაემატა.

ალტმანის თქმით, ChatGPT წინა პერიოდში საკმაოდ შეზღუდული იყო, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ სიფრთხილე გამოეჩინათ. ეს ცვლილება აგვისტოში დაანონსდა ბლოგპოსტით, რომელიც OpenAI-ს ვებსაიტზე ხელმისაწვდომი აღარ არის.

"მივხვდით, რომ ჩატბოტი ამის გამო ნაკლებად გამოსადეგი/სასიამოვნო გახდა ბევრი იმ მომხმარებლისთვის, რომელთაც ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონიათ. პრობლემის სერიოზულობის გამო გვინდოდა, სწორად მოვქცეულიყავით", — დაწერა ალტმანმა.

მისი თქმით, მალე შეძლებენ, შეზღუდვები შეარბილონ, რადგან "ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები უკვე შეამცირეს და ახალი მეთოდები აქვთ".

"მეტ შიგთავსს, თუნდაც ვერიფიცირებული მომხმარებლებისთვის ეროტიკას, დავუშვებთ დეკემბერში, როცა ასაკობრივ კონტროლს უფრო მასშტაბურად ჩავუშვებთ, ასევე ჩვენი მიდგომის "მოექეცი ზრდასრულებს ისე, როგორც ზრდასრულებს" ფარგლებში", — დაამატა ალტმანმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ OpenAI-ს მოზარდის სუიციდის გამო უჩივლა რეინების ოჯახმა. 16 წლის ადამ რეინი ჩატბოტს თვითმკვლელობამდე აქტიურად ესაუბრებოდა ამაზე, კომპანიას კი უსაფრთხოების ხარვეზების გამო უჩივლეს. ეს პირველი საჩივარია, რომელშიც OpenAI-ს ადამიანის სიკვდილში ადანაშაულებენ.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს კომპანია მომხმარებლის ასაკის დადასტურებას, რომ არასრულწლოვანი მომხმარებლები შეუსაბამო შიგთავსისგან დაიცვას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.