გასწავლით, როგორ "გადაიღოთ" ფოტო ცნობილ ადამიანებთან
ფოტო: Meitu / NEXT.On.ge
როგორ გადავიღოთ ფოტო ადამიანთან, რომელიც ცოცხალი აღარ არის ან უბრალოდ ჩვენთან არ არის? სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში ხშირად შეხვდებით ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებულ სურათებს, რომლებიც მომხმარებლებმა შოთა რუსთაველთან, ილია ჭავჭავაძესთან ან გალაკტიონთან ერთად "გადაიღეს".
ამის გაკეთება ჩინური აპლიკაციის, Meitu-ს, მეშვეობით არის შესაძლებელი. მისი გადმოწერა შესაბამისი ბმულებიდან შეგიძლიათ როგორც Android-სა და iPhone-ზე, ასევე კომპიუტერზე. AI-ს გამოყენებით კოლაჟებს მობილური აპლიკაციიდან შექმნით. მისით სარგებლობისთვის ჯერ გამოყენების წესებსა და პირობებს უნდა დაეთანხმოთ; მითითებულია, რომ მომხმარებელი მინიმუმ 13 წლის უნდა იყოს.
შესვლისთანავე აპლიკაცია ანგარიშის შექმნას შემოგთავაზებთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ, სასურველ ადამიანთან ერთად "გადაღებული" ფოტო დააგენერიროთ. ამისათვის Photobooth Lab ველი დაგხვდებათ, რომლიდანაც სასურველი შაბლონი უნდა აირჩიოთ.
ფოტო: Mei
ფოტო: Meitu
სურათის შექმნას Genrate Now ღილაკით დაიწყებთ. გაითვალისწინეთ, რომ უფასო ვერსიით სარგებლობისას ფოტოების რაოდენობა შეზღუდულია, ანუ მხოლოდ რამდენიმე სურათის გენერირებას შეძლებთ.
Genrate Now ღილაკზე დაჭერის შემდეგ ორი ფოტო უნდა აარჩიოთ იმ ადამიანებისა, რომლებიც ფოტოზე გინდათ იყვნენ. კარგი შედეგისთვის სასურველია, მიწოდებული გამოსახულებები მკაფიო იყოს. შექმნილი სურათის სანახავად Recent ღილაკს უნდა დააჭიროთ, რომელიც ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეშია გამოსახული.
აქ ამ ფუნქციით თქვენივე შექმნილი ფოტოები დაგხვდებათ, მაგალითად ასეთი:
თუ მეტი სურათის გენერირება მოგინდებათ, აპლიკაცია გამოსაცდელ პერიოდსაც (Free Trial) გთავაზობთ, რომლის ფარგლებშიც პრემიუმით რამდენიმე დღე უფასოდ ისარგებლებთ. თუ გადახდა არ გენდომებათ, გამოწერის გაუქმება არ დაგავიწყდეთ. ეს მანამ უნდა გააკეთოთ, სანამ თანხის ჩამოჭრის დრო მოვა. ეს ვადა, არჩეული პაკეტის შესაბამისად, 3 ან 7 დღეა.


კომენტარები