10 ოქტომბერს ქვეყანაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ამჯერად აცრის გაკეთება ყველასათვის უფასოდ იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის უწყებამ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC & PH), გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა შეიძინა. საუბარია ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიან ვაქცინაზე, სახელად VaxigripTetra, რომელიც კომპანია Sanofi Winthrop Industrie-ს მიერაა დამზადებული.

"სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე", — ვკითხულობთ NCDC & PH-ის განცხადებაში.

გრიპის ვირუსი ზოგიერთი ადამიანისთვის, მათ შორის ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს და არაერთი გართულება გამოიწვიოს. ვაქცინაციით ამ რისკების თავიდან არიდებაა შესაძლებელი.

აცრა გრიპის ვირუსით ინფიცირებისგან სრულად არ გვიცავს, თუმცა დაავადებისა და სიმპტომების სიმძაფრეს ამსუბუქებს. CDC-ს მიხედვით, ვაქცინაცია გრიპით ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის სიხშირესაც ამცირებს.

აცრა 6 თვიდანაა შესაძლებელი ნებისმიერი ასაკის ადამიანში. გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ ორსულებსაც ნებისმიერ ტრიმესტრში.

გრიპის ვაქცინა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია აქვს; ასევეა მაშინაც, თუ ადამიანს გრიპის ვაქცინაზე წარსულში ძლიერი ალერგიული რეაქცია დამართვია. ასეთ შემთხვევებში, უმჯობესია, ექიმთან დაზუსტდეს, რამდენად მიზანშეწონილია გრიპზე ვაქცინაცია და — რომელი პრეპარატის გამოყენებით.

გრიპის ვაქცინით აცრა უკვე არაერთ კლინიკაშია შესაძლებელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისი დაწესებულებების ჩამონათვალს ამ ბმულზე იხილავთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.